დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„სამი-ზნე“ - გემოვნებიანი მსმენელის სამიზნე
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/12/29 12:49:57

ქუთაისში უკვე კარგად იცნობენ, თუმცა, არა მხოლოდ ქუთაისში... ცოცხალი მუსიკა, კარგად შესრულებული მელოდიები, ემოცია და მუხტი ერთ მთლიანობას ქმნის და „გაიძულებს“ მათი შესრულება დიდხანს დარჩეს მეხსიერებაში.

 

მუსიკალური ჯგუფი  „სამი-ზნე“ 2005 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, ორი წევრისგან შედგებოდა და  ქუთაისში მოქმედ ერთ-ერთ კაფეში მხოლოდ კომპოზიციებს ასრულებდნენ. 

იმ დროისთვის ჯგუფს სახელიც არ ჰქონდათ მხოლოდ მიზანი და პერსპექტივა...

პირველები გიტარისტი გივი შალამბერიძე და  პიანისტი ლევან ჩხაიძე შეიკრიბნენ. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დრამერი რევაზ ედგარიძე დროებით სამი-ზნესთან თანამშრომლობას ვერ ახერხებს. რის გამოც ჯგუფს დრამერი გიორგი ვარდანიძე დაემატა.

 

წელიწადნახევრის წინ კი ჯგუფს ვოკალისტი ქეთი თურქაძე შეუერთდა.  როგორც ქეთი იხსენებს, მათი ურთიერთობა სოციალური ქსელით დაიწყო და აქტიურ თანამშრომლობაში  გადაიზარდა.

ქუთაისელი ქეთი ქართველმა მაყურებელმა კონკურს „საქართველოს ვარსკვლავი“-დან გაიცნო. მხიარული გოგონა, რომელიც „საქართველოს ვარსკვლავობას“ ბაბუისა და ბებიისთვის იმედების გასამართლებლად ცდილობდა, დღესაც ჩვეული ემოციით და ენერგიით ავსებს მსმენელს. ის ჯგუფთან ერთად ერთ-ერთ კაფეში ცოცხლად მღერის და ცდილობს, საკუთარი სილაღე სხვებსაც გადასდოს და გაუზიაროს.

 

ჯგუფთან თანამშრომლობის დაწყებასაც იუმორით იხსენებს:

 

 „მე სამსახურს ვეძებდი, ბიჭები კი ვოკალისტს. დამიკავშირდნენ, გამიხარდა, მაგრამ ვუპასუხე, რომ მე ქუთაისში ვცხოვრობდი და თანამშრომლობას ვერ შევძლებდი,  ვერ წარმოვიდგენდი, თავადაც ქუთაისში თუ მოღვაწეობდნენ. შემდეგ დავთანხმდი, პირველივე შეხვედრაზე შედგა ჩვენს შორის ე.წ. „ქიმია“, მივედი და რეპეტიციის გარეშე ექსპრომტად შევასრულეთ ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოები. ასე დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, მე ძალიან გახარებული ვარ და ვერც ბიჭებს ვატყობ უხასიათობას ამ თანამშრომლობით,“ აღნიშნავს ჯგუფის ვოკალისტი.

„სამი-ზნე“ სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ, თუმცა ბედნიერი შემთხვევის წყალობით კი დაერქვათ. ორი წლის წინ „ორმაისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. დღის ბოლოს სწორედ იმ კაფეში აღმოჩნდნენ, სადაც ბიჭები უკრავდნენ. გადამღებმა ჯგუფმა მუსიკოსებს შესთავაზა „ორმაისობაზე“ დაგეგმილი შოუსთვის რამდენიმე კომპოზიცია შეესრულებინათ.

 

„რა თქმა უნდა, შემოთავაზებას დავთანხმდით და ჩვენის მხრივ, ვთხოვეთ ჩვენი ჯგუფისთვის სახელი შეერჩიათ, მათ რამდენიმე ვერსია მოიფიქრეს, თუმცა, ერთ-ერთი ძალიან მოგვეწონა, ვინაიდან მაშინ სამი სრულიად განსხვავებული ხასიათის ადამიანი ვიყავით, ამიტომ არჩევანი „სამი-ზნე“-ზე გავაკეთეთ.  ეს არ ნიშნავს, დღეს რომ ოთხნი ვართ ან ხვალ 15 გავხდეთ, „თხუთმეტი-ზნე“ დაგვერქმევა, ეს სახელი ძალიან მოგვწონს და არ შეიცვლება,“ აღნიშნავს გივი შალამბერიძე.

 

ქუთაისში რამდენიმე თვის წინ მესხიშვილის დრამატულ თეატრში გამართულ მანანა მენაბდის კონცერტზე ბევრს საუბრობდნენ, იმ დღეს მომღერალს აკომპანირებას   „სამი-ზნე“ უწევდა. კონცერტის დასასრულს  ჯგუფს ახალი სახელი სცენის ვირტუოზები შეარქვეს.

„ქალბატონ მანანას ორი წლის წინ ბათუმში შევხვდით, „პიაცაზე“ ფესტივალი მიმდინარეობა, მოგვისმინა და გვითხრა, რომ საქართველოში კონცერტის ჩატარებას გეგმავდა და აუცილებლად ითანამშრომლებდა ჩვენთან. ასე აღმოვჩნდით ერთად დიდ სცენაზე, ეს ნამდვილად კარგი კონცერტი იყო, ერთობლივი ნამუშევარი, უზღვავი შრომა და კარგი შედეგი. ალბათ, ყველა მუსიკოსი დაგვეთანხმება, რომ მანანა მენაბდესთან მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა“.

 

საკუთარი რეპერტუარი ჯერ არ აქვთ, ვინაიდან ბაზარზე არც  მოთხოვნაა და არც დაკვეთა, მით უფრო, ქუთაისის პირობებში. თუმცა სურვილი დიდია, შექმნან ახალი კომპოზიციები. ამბობენ, ქუთაისელი მსმენელი ინერტულია, მხოლოდ ვიწრო ჯგუფს მოსწონს კარგი მუსიკა და ის, რაც თბილისში აპლოდისმენტებს იმსახურებს, ქუთაისში უყურადღებოდ რჩება.

 

„ვიფიქრებდით, რომ ვერ ვაკეთებთ კარგ მუსიკას და ბოლომდე არ ვიხარჯებით, მაგრამ თბილისელ მსმენელს სხვა შეფასება აქვს, მოსწონს ჩვენი მუსიკა და ამას ვგრძნობთ, ქუთაისში მხოლოდ ვიწრო ჯგუფს უყვარს კარგი მუსიკა, ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საჭმელად მოდიან, ამას, როგორც საყვედურს ისე არ ვამბობთ, შესაძლოა, „მოვბეზრდით“ ან „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს“ ამბავია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, როგორც მუსიკოსები, თბილისში გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ თავს“.

 

 

***

ჯგუფის წევრებს ინტერვიუს ჩასაწერად რეპეტიციაზე შევხვდი. როგორც თავად ამბობენ, მუსიკალური სასწავლებლის შენობაში შემოხიზნულები არიან და  რეპეტიციას მეგობრების წყალობით გადიან.  თუმცა რეპეტიციები ხშირად არ აქვთ, მხოლოდ კონცერტების წინ. რეპეტიციებზე ერთმანეთის უთქმელადაც ესმით.

 

„რეპეტიციებს მეგობრების ხელშეწყობით ვახერხებთ, უსასყიდლოდ გვითმობენ ფართს, სამწუხაროდ, ქუთაისში არ არის ადგილი და არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ჯგუფები და მუსიკოსები მუშაობას შეძლებენ“.

 

„სამი-ზნე“ ამჯერად საახალწლო კონცერტისთვის ემზადება, თუმცა, არა მშობლიურ ქალაქში. ქუტაისში დაგეგმილ საახალწლო გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის მოწვევა არ მიუღიათ, ამიტომ ახალ რეპერტუარს თბილისელი მსმენელისთვის ამზადებენ.

 

ჯგუფის პიანისტის განცხადებით, კულტურის სამინისტროს მიერ  საახალწლო კონცერტის დაგეგმვა ტრაგედია არაა, თუმცა აღნიშნავს, რომ სამინისტრო ადგილობრივ თვითმმართველობებთან უნდა თანამშრომლობდეს, რომ ადგილობრივი შემსრულებლების დატვირთა მოხდეს, სხვა შემთხვევაში რაიონში მცხოვრები მომღერლები და მუსიკოსები რეალიზებას ვერ შეძლებენ.

 

„დაგეგმოს სამინისტრომ, რატომაც არა, მაგრამ მიდგომებშია პრობლემა, ადგილობრივ დონეზე კონცერტის დაგეგმვა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს და ფუნქციური დატვირთვა უნდა შეიძინოს. რა თქმა უნდა, კარგია, თბილისიდან რომ ჩამოჰყავთ მომღერლები, მაგრამ სხვა ქალაქიდანაც უნდა იწვევდნენ შემსრულებლებს თბილისში სამღერლად. ჩვენც დაგვიძახონ თბილისის გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, დაგვერწმუნეთ, ძალიან კარგ მუსიკას „დავდებთ“. ცოტა უხერხულია, მომღერლები საახალწლო კონცერტის სიაში ვერ მოხვედრის გამო რომ წუწუნებენ, მით უფრო, რეგიონებში სიმღერა არ მოსწონთ, რის მიზეზადაც რეგიონებში არსებულ უხარისხო ტექნიკას ასახელებენ. ასევე სამწუხაროა, რომ ყველა კონცერტი თბილისის დონეზე იგეგმება, უცხოური შემსრულებლები მხოლოდ თბილისისთვის არ უნდა ჩამოჰყავდეთ. ზოგადად, ნორმალურ ქვეყანაში მუსიკოსი არ უნდა ამბობდეს საყვედურს საახალწლო კონცერტების გამო, ბიზნესმენებმა უნდა დაიქირაონ შემსრულებლები, კონცერტები უნდა ტარდებოდეს და ფული ჩაიდოს, სხვაგვარად შოუბიზნესი ვერ განვითარდება,“ - ამბობს ქეთი.

 

2015 წელი ჯგუფისთვის საიუბილეო წელია, გეგმავენ, 10 წელი ქუთაისში კონცერტით აღნიშნონ და  ათწლიანი მუშაობის შედეგი მეგობრების დახმარებითა და მხარდაჭერით ერთი დიდი კონცერტის სახით წარმოაჩინონ, რადგან „სამი-ზნეს“ ერთგული მსმენელისთვის სათქმელი ბევრი დაუგროვდა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია