დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვის სრული ტექსტი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/14 17:40:48

მივესალმები საქართველოს პარლამენტს და პატივსცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ. მე პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგანაც თქვენ ხართ ჩემი სამშობლოს მოქალაქეთა განხორცილებული დემოკრატიული ნება.

 

ამასთან, მე არ მოვსულვარ პარლამენტში ერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან სასაუბროდ, არამედ მთლიანად საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო ორგსნოსთან მინდა საკითხები განვიხილო. მე მოვედი საქართველოს მთელი მოსახლეობის მანდატით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სახელით, რომ ქართველი ხალხის წარმომადგენლებს გაგიზიაროთ ჩემი ხედვა ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე.

 

კონსტიტუციურად, პარლამენტის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი ორგანოს ფუნქცია გადამწყვეტია: თქვენ არა მხოლოდ განსაზღვრავთ ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ აკონტროლებთ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას; პრემიერმინისტრი ყოველწლიურად წარმოგიდგენთ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, თქვენ კი აფასებთ მთავრობის საქმიანობას და აკეთებთ სათანადო დასკვნებს.

 

საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმულია ევროკავშირის შეფასებითი მისიის ანგარიშებშიც.

 

სწორედ ამიტომ, ერთი თვის წინ, როდესაც, ჩვენს წინაშე დადგა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის საშიშროება, მე მოგმართეთ თქვენ ამ უმნიშვნელოვანესს საკითხზე პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

 

და ახლაც, როდესაც პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, როგორც პარლამენტში ასევე მთავრობაში და კრიზისულმა მოვლენებმა მმართველ კოალიციაში გამოიწვია სამი მინისტრის გათავისუფლება-გადადგომა და პოლიტიკურ ძალთა ახალი კონფიგურაციის შექმნა საქართველოს პარლამენტში, მე ბუნებრივად მოგმართეთ თქვენ - ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს:

 

იმ ფაქტმა, რომ სამივე, აწ უკვე ყოფილ, მინისტრს საკვანძო მიმართულებები ებარა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, გამოიწვია კითხვები შინ თუ გარეთ იმის თაობაზე, თუ რამდენად ეფექტიანად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ –ევროპის ნაწილად ჩამოყალიბება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც არასდროს, 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აუცილებელია ამ კურსის კონსოლიდაცია, მისთვის ახალი იმპულსების მინიჭება და მისი შეუქცევადობის დადასტურება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსურს მივაპყრო პარლამენტისა და საზოგადოების ყურადღება შემდეგ გარემოებებს:

 

პირველყოვლისა - პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმააა, ვიდრე ერთი პოლიტიკური ჯგუფის "თავისუფალ დემოკრატების" შეუთავსებლობა მმართველი კოალიციის დღის წესრიგთან. ამ პოლიტიკური პროცესების მიზეზი არის ის, რაც მე არაერთხელ მითქვამს ბოლო ერთი წლის მანძილზე და მდგომარეობს ჩვენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაში. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციბების უგულველყოფა სახელმწიფო სისტემას შეუქმნიდა სირთულეებს. ასეც მოხდა - ბოლო დღეებში იყო გაურკვეველი ვის ემსახურებიან ინსტიტუტები - საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს, რამდენად დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების, გამოძიების მიუკერძობლიობის ან უწყებათა დეპოლიტიზირების პრინციპები.

 

შესაბამისად, ჩემთვის ეს კონკრეტული შემთხვევა არის ზოგადი უფრო ფართო პრობლემის სიმპტომი; სიმპტომი, რომელმაც უნდა გვიბიძგოს სისტემის დახვეწისა და მომავალში ასეთი პრობლემის თავიდან აცილებისკენ. ერთი რამ ნათელია - ვერ მოახერხებ ორი ბატონის მსახურებას - ვერ მოახერხებ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირებას და ამავე დროს სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის - გავიხსენოთ: სააკაშვილი ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა "დასავლურობაზე", მაგრამ მოინდომა რა დასავლურისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი.

 

ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს, თუმცა დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ჩვენი ყველას პრინციპული ძალისხმევა სჭირდება.

 

იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო; სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს – როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა-განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დავუშვათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია.

 

უნდა განვუმტკიცოთ მოქალაქეებს ის განცდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აღეძრათ - ეს მათი ქვეყანაა! ეს სახელმწიფო - მათი სახელმწიფოა! და სახელმწიფო ინსტიტუტები მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებობენ და მუშაობენ.

 

და თუ ესაა ჩვენი თვალთახედვა, მაშინ ხელი უნდა შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების მეტ ჩართულობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების გააზრება-მომზადების პროცესში და სამოქალაქო ინსტიტუტების მონიტორინგს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე. ჩვენ – ხელისუფლება ყველა დონეზე ყოველდღიურად უნდა ვგრძნობდეთ კონტროლს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე. საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩაბმულობა ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაცაა და ჩვენ მისი განხორციელება უნდა ვუზრუნველვყოთ.

 

აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებებს: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და მივიღეთ არსებითი პაკეტი ნატოს სამიტზე. ამასობაში, ასოცირების ხელშეკრულება, ისევე როგორც ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები ძალიან კონკრეტულ დღის წესრიგს განსაზღვრავს ჩვენთვის და ქვეყნის მთავარი გამოწვევაც ამ ამოცანების განხორციელებაშია, რაშიც არა მხოლოდ ცალკეული უწყებები, არამედ ყველა აქტიურად უნდა ჩავერთოთ.

 

შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი ყურქადღება გავამახვილო ასოცირების ხელშეკრულებით მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ ვალდებულებაზე, რომელიც შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმებს გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ: „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცება, განვითარება და გაზრდა; ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემის ხელშეწყობა; სასამართლო და სამართლებრივი რეფორმის პროგრესი და სასამართლოს სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, სასამართლოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, სამართალდამცავ ორგანოთა მიუკერძოებლობა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა; საჯარო მმართველობის რეფორმა. ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ქმედითი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა; ეფექტიანი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.“- ამ ვალდებულებების განხორციელება არამხოლოდ ჩვენი დასავლური ინტეგრაციის საწინდარია, არამედ ევროპული საქართველოს საფუძველია. მის განხორციელებაში ბუნებრივია საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

 

წინა ხელისუფლების დროს საპოლიციო და უშიშროების სამსახურების შერწყმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების სტრუქტურების ინკორპორირებით, შეიქმნა უპრეცედენტო ძალაუფლების მქონე სტრუქტურა, რომელიც, ფაქტობრივად, დემოკრატიულ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და გადაიქცა ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის მანქანად. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფა, ქმედითი კონტროლის განხორციელება მათ საქმიანობაზე გადაუდებელი აუცილებლობაა და ამ თვალსაზრისით პარლამენტის როლი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ, ეს ყველაფერი არის მმართველი კოალიციის პროგრამაში და საარჩევნო დაპირება შესასრულებელია.

ამასთან, განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხზე. იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით, განმსაზღვრელია მისი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამისათვის აუცილებელია გაბედული ნაბიჯების გადადგმა და მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება.

აქვე, განსაკუთრებით აღვნიშნავდი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. ბოლო დროს ჩვენ ერთად გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმებით, და ასევე, თუნდაც, უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და კვალიციური მოსამართლეების განმწესებით; რისთვისაც მინდა მადლობა მოგახსენოთ.

 

ასოცირების ხელშეკრულებითვეა გათვალისწინებული საჯარო სამსახური რეფორმის საკითხი. ინსტიტუციონალიზაციის განმტკიცების გზაზე პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობას მყარი საფუძველი უნდა დაედოს; კადრების სტაბილურობა არის პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ქვაკუთხედი. ხელისუფლების თუ ხელმძღვანელის შეცვლა არ უნდა იწვევდეს საჯარო სამსახურიდან კადრების მასობრივ დათხოვნას. საჯარო სამსახურის სწორი კონცეფცია სახელმწიფოებრივი მოწყობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, მისი განხორციელება მყარ საფუძველს შეუქმნის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ინსტიტუციურ ინფრასტრუქტურას.

 

ევროპულ სივრცესთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელია თვითმმართველობის რეფორმის დაუყოვნებლივ ბოლომდე მიყვანა. თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ფინანსური და ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემითაა შესაძლებელი საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. საჭიროა რომ თვითმმართველობის ორგანობში და მათ საქმიანობაში იმ ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მხრიდან ჩაურევლობის უზრუნველყოფა, ვისაც ამის კანონიერი უფლება არ გააჩნია.

 

ამასთან, მნიშნელოვანია როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA-ის), ისე ზოგადად, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულების გეგმაზომიერი განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების დღის წესრიგი უფრო ნათელი იყოს. ამასთან, დამეთანხმებით სასურველია, რომ DCFTA-ის განხორციელებისათვის ყოველწლიურად დაგეგმილი ქმედებების განსაზღვრა წინ უსწრებდეს იმ პროცესს, რომელსაც თქვენ ახლა ახორციელებთ, ანუ საბიუჯეტო პროცესს.

 

ფაქტიურად ყველა ამ გამოწვევაზე განსაკუთრებული სიტყვა უნდა თქვას პარლამენტმა. სწორედ ესაა ჩემი თქვენდამი მიმართვის მთავარი მიზანი. პარლამენტს ხელთ აქვს მრავალი მექანიზმი, რომელთა გამოყენებითაც მას შეუძლია ერთის მხრივ გახდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობაზე ეფექტიანი კონტროლის სისტემის განხორციელებით მოახდინოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სტაბილურობის გარანტირება. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც ჩვენ და მთელი საზოგადოება მყისიერად არ აღმოვაჩენთ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენივე მთავრობის მინისტრი, რომლის მიერაც წარმოებულმა რეფორმებმაც ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათაშორის შემდგომ არ მტკიცდება, ხოლო მეორე - ნატოს მხრიდან სწორედაც, რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვის აღიარებული მინისტრის უწყებაში მაღალი თანამდებობის პირები ბრალდებული არიან მყისიერად კორუფციაში - დანაშაულებში. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა ეფექტური კონტროლით, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უინიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას. ხოლო ამ დაცვის რეალური საშუალება ეფექტური საპარლამენტო კონტროლშია, როდესაც პარლამენტს და ესეიგი საზოგადოებას გააჩნია მაქსიმალური ინფორმაცია.

 

იგივე კონტექსტში და განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტში მუშაობდეს ნდობის ჯგუფი. სწორედ ნდობის ჯგუფის ბერკეტის ეფექტიანი ამუშავება უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას, რაც ასე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ ფორმატში ასამოქმედებლად.

 

ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური როლის გაძლიერებისათვის უნდა დავასრულოთ კანონების ცალკეული ნორმების ამოქმედების გადავადების პრაქტიკა. ამის მაგალითებია ფარულ მიყურადებასთან, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმეთა განხილვასთან, მოწმეთა დაკითხვის წესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ვადების გადავადება. ბუნებრივია, პარლამენტს უფლება აქვს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით შეაჩეროს ან გადაავადოს ნორმატიული აქტის მოქმედება, მაგრამ ეს არ უნდა იღებდეს პერმანენტულ ხასიათს. კანონის მოქმედებისადმი ასეთი დამოკიდებულება უარყოფითად აისახება კანონის ავტორიტეტზე და ხელს უწყობს მოქალაქეთა მხრიდან მის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. ამგვარი მიდგომით ეჭვის ქვეშ დგება არა მარტო უფლების რეალიზაცია, არამედ თვით ამ უფლების არსებობაც.

 

აქვე მინდა, გითხრათ მადლობა ვეტოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად, აღვნიშნავ იმასაც, რომ სხვათაშორის პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.

 

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ჩვენი სამხედროები გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცებაში თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, უაღრესად საპასუხისმგებლო როლს ასრულებენ, როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. მათი კონტრიბუცია აღიარებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ და მათ დაიმსახურეს უმაღლესი შეფასება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. საქართველო მზადაა მომავალშიც შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი გლობალური უშიშროების განმტკიცებაში და უშიშროების საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება 2015 წლიდან ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილება განისაზღვრება 750 ჯარისკაცით.

 

როგორც ავღნიშნეთ, ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ღონისძიებათა არსებითი პაკეტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. უეჭველია, ყველა ვთანხმდებით, რომ უელსში მიღწეული გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია დასაჩქარებელია. და ეს პროცესი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გაგრძელდეს: არაღიარების პოლიტიკის მდგრადობასთან ერთად, მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების აქტიური და ერთმნიშვნელოვანი მიუღებლობა, ჩვენი კანონიერი უფლებების მხარდაჭერა, ჩვენს უშიშროებაზე რეალური და ქმედითი ზრუნვა.

 

კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გაითვალისწინეთ ჩემი ხედვა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოების თაობაზე - ამიერიდან პარლამენტი უშუალოდაა ჩართული ამ კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში; საბჭო ინსტიტუციურად უზრუნველყოფს პრეზიდენტის სამუშაო ურთიერთობას როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მისაღებად, მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის სულისკვეთებიდან გამომდინარე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმატში სხვა საკითხებთან ერთად რეგულარულად მოხდეს ნატოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა, რადგანაც პაკეტის წარმატებით განხორციელება გაზრდის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თავსებადობას ნატოსთან და დააჩქარებს ნატოში ქვეყნის გაწევრიანების პროცესს.

 

ერთი თვის წინ, ჩემი მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა რუსეთ აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტი „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ამ განცხადებაზე დაყრდნობით მოვიწვიე უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც შევთანხმდით, რომ კოორდინირებულად ვიმუშავებთ ამ გამოწვევის საპასუხო სტრატეგიაზე.

 

პარალელურად მე ასევე გავააქტიურე ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე - ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკის მდგრადობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, მეორეს მხრივ ანექსიის მცდელობის შესაბამისი შეფასების კუთხით. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ვიზიტები იაპონიაში, ყირგიზეთსა და ავსტრიაში, შეხვედრები გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან ემსახურებოდა სწორედ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მტკივნეული თემას - ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ყურადღების გამახვილებას. მინდა გითხრათ, რომ ყველა ფორმატში ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკიცე მხარდაჭერა, რაც გამოიხატა როგორც იაპონიასთან ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, ისე საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში საქართველოს თემის გააქტიურებაში. დღეს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ საქართველოს პრობლემატიკა ინტესიურად განიხილებოდეს საერთაშორისო დღის წესრიგში. საერთო ძალისხმევითა და ფართო საერთაშორისო ჩართულობით უნდა შევძლოთ რუსეთის “პრივილეგირებული ინტერესების სფეროების” კონფრონტაციული პარადიგმის ცვლილება.

 

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიმაჩნია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის წინაშე უნდა ვიყოთ ერთიანები ყველა, როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთლიანად საზოგადოება. ანექსიის საფრთხემ კი არ უნდა დაგვყოს, არამედ უნდა გაგვაერთიანოს. რამდენადაც ერთადერთი გამოსავალი და პასუხი რუსეთის ამ ქმედებებზე არის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპეიზაცია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს დემოკრატიზაციის, უშიშროების და სტაბილურობის მისაღწევად. ასევე მჯერა, რომ ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის.

 

ამიტომ, დღეს მე მოვედი თქვენთან, რათა ქვეყნის ევროპეიზაციისთვის ამ გადამწყვეტ დროს ვიყოთ ერთიანი და შესაბამისი რეფორმების დროული განხორციელების მეშვეობით დავაჩქაროთ ხალხის მიერ ჩვენთვის განსაზღვრული ამოცანის - ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესრულება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია