დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!
თამარი, ვისაც უნდა ენდოთ...
2014/11/11 15:03:51

როცა მის დიდრონ, ლამაზ, მწვანე თვალებს უცქერ, გგონია, რომ ერთი ჩვეულებრივი გოგონაა – ოცნებებითა და ფერადი სურვილებით.  ეს ერთი შეხედვით...

 

როცა უფრო ახლოს ეცნობი, როცა საუბარს იწყებს, ხვდები, რომ ძალიან ძლიერი, მიზანდასახული ადამიანია.  ბევრისგან განსხვავებით, მან ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას.

 

თამარ ფარჯიანი ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტში  - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  განათლებისა  და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე  პროგრამა“ - დასაწყისიდანვე  ჩაერთო. ამ პროგრამის დახმარებით დღეს უკვე მშობლიური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელია.

 

თუმცა, მანამდე საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე ძალიან ბევრი იმუშავა.

 

ყოველთვის კარგი მოსწავლე იყო – სკოლაშიც,  უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზეც.


უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში  ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ვოლონტერადაც მუშაობდა.

 

„ვოლონტერად მუშაობისას მივხვდი, რომ ხელნაწერებთან, ძველ ნივთებთან, ზოგადად, ქვეყნის წარსულთან მუშაობა ის საქმე იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა და მსიამოვნებდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს  დავუკავშირდი, რომელიც შშმ პირებისთვის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დასაქმების პროექტს ახორციელებდა,“ – ამბობს თამარი.

 

თამარისთვის, ისევე, როგორც ყველა სხვა ბენეფიციარისთვის, შეიქმნა ინდივიდუალური დასაქმების გეგმა. ამ გეგმის შესაბამისად მან ჯერ პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები გაიარა, შემდეგ ვიდეო-CV მომზადდა. დაიწყო მისი უნარების შესაფერისი სამსახურის ძიება.

 

„მოლაპარაკება ერთობლივად რამდენიმე ორგანიზაციასთან მიმდინარეობდა, მათ შორის  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც. სწორედ ისინი იყვნენ პირველები, ვინც თამართან დაკავშირებით გამოგვეხმაურნენ და მისი CV–ით  დაინტერესდნენ – თან ახსოვდათ თამარი, როგორც ნიჭიერი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე,  ყოველთვის ბიბლიოთეკებში მჯდომი და მეცადინე.“ – ამბობს დასაქმების კონსულტანტი სოფო ონიანი.

 

თამარი დღეს უკვე მუშაობს. პირველი სამუშაო დღეების შემდეგ მიხვდა, რომ წიგნებთან მუშაობაც მისი საქმეა.

 

„ძალიან ბევრი იდეა მაქვს, რომელიც, ვფიქრობ, უნივერსიტეტში ბიბლიოთეკაში სიარულს სტუდენტებისთვის უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის, ჩემთვის ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემი აკადემიური უნარების, შესაძლებლობების დაიჯერეს და მენდნენ.“

 

თამარის თვალები, ლამაზი, მწვანე ფერით და ჭკვიანური გამოხედვით, ყოველთვის ერთ რამეს ამბობს – მენდეთ და მე ნდობას გავამართლებ.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია