დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მეცნიერულ-ნაციონალური“ სატრანსპორტო სქემა
2009/07/06 05:06:58

საკრებულომ ქუთაისელებს გადაადგილების ახალი მარშრუტები და სქემები განუსაზღვრა. ხალხის სახელი და მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც ის ტრადიციული „ნაციონალური არგუმენტია“, რითაც ახალი სქემები გამყარდა. ეს სქემები კი ძალაში სექტემბრიდან შედის. 

ახალი სამგზავრო-სატრანსპორტო პერსპექტიული სქემის მიხედვით,  ქალაქში მკვეთრად მცირდება მარშრუტების რაოდენობა - 185 მიკროავტობუსიდან ხაზზე მოძრაობის უფლება 130-ს რჩება. საკრებულოს გადაწ-ყვეტილების შემდეგ ავტობუსების მგზავრთა ნაკადის გაზრდაც იგეგმება. 67 ავტობუსიდან რაოდენობა 128-მდე გაიზრდება. ტენდერი კი აგვისტოში უნდა ჩატარდეს.

ამ სიახლის საფუძველზე, საკრებულოს ოპოზიციური შეხედულებით, მგზავრებს სამარშრუტო ტაქსებისაგან თითქმის არაფრით განსხვავებული, ძველი და ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებკომფორტული პატარა ავტობუსებით მოუწევთ მგზავრობა.

„ხაზზე იმოძრავებს სამი კლასის ავტობუსი: დიდი - 40-45 ადგილიანი, საშუალო - 30-35 ადგილიანი და მცირე - 20-25 კაციანი. ამ ავტობუსების მთავარი მოთხოვნაა, შიგნით თავისუფლად მოძრაობდეს ადამიანი და უსაფრთხოების მოთხოვნები იყოს დაცული. 2 წელიწადში მიკროავტობუსების რაოდენობა 40-მდე შემცირდება, ხოლო ხუთ წელიწადში, როცა მომავალი ტენდერი ჩატარდება, მიკროავტობუსები საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს,“ - გეგმავს ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი.

ავტობუსების წარმომავლობას და სიძველეს რაც შეეხება, ყვითელ, უკრაინულ „ბოგდანებს“ ჩინური, კორეული, იტალიური და თურქულ-იტალიური ტრანსპორტი შეემატება. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე ამ ჩამოწერილი ავტობუსების ფასად 2000-3000 დოლარს ასახელებს, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავტობუსების ღირებულებად 38000 დოლარი მოგვითვალა. რაც შეეხება მათ „ხანდაზმულობას“, ავტობუსები, სავარაუდოდ, 8-10 წლის იქნება.

ქალაქის ახალ სატრანსპორტო სქემაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ექსპერტები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები: დავით კბილაშვილი, გოჩა ლეკვეიშვილი და გელა ლოსაბერიძე მუშაობდნენ. ისინი ამბობენ, რომ მათი სტუდენტების დახმარებით მგზავრთა ნაკადი დეტალურად შეისწავლეს და ყველაზე ოპტიმალური სქემა ჩამოაყალიბეს. ასე რომ, მეცნიერულად გათვლილი ტრანსპორტის სვლა-გეზები ასეთნაირად განისაზღვრა: ის ქუჩები, სადაც პატარა გამავლობაა და ავტობუსები ვერ მოძრაობს, მიკროავტობუსებით დაიტვირთა, ხოლო სადაც გაორებები იყო და ავტობუსებთან ერთად მიკროავტობუსებიც მუშაობდნენ, იქ უპირატესობა ავტობუსებს მიენიჭა. ასეთია, მაგალითად, ფოთისა და გვანცელაძის ქუჩები, მიკროავტობუსები ჩაანცვლებს გორაზე „საბჭოურ ვოლგებს“. დაიტვირთება ქალაქის ყველაზე დიდი - აღმაშენებლის გამზირი, სადაც ორივე მიმართულებით იმოძრავებს ?3 ავტობუსი შემდეგი მარშრუტით: ბავშვთა საავადმყოფო, ჯავახიშვილის ქუჩა, ბუხაიძის ქუჩა, ირ. აბაშიძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, ზ.გამსახურდიას ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, მანდარიას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა, სოლომონ პირველის ქუჩა, საფიჩხიის მოედანი, კოსტავას ქუჩა, დავით აღმაშენებლის მოედანი, ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ჯავახიშვილის ქუჩა, ბავშვთა საავადმყოფო. ?3 ავტობუსი მარჯვენა მიმართულებითაც ივლის.

სულხან-საბას ქუჩაზე გუგუნავას ქუჩის გავლით ავტობუსი იმოძრავებს. ახალი სატრანსპორტო სქემით დაკავშირდა ბაზრობები.

„წესით, ტრანსპორტთან წვდომა 300 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. სატრანსპორტო სქემის შედგენის დროს ეს მომენტი გავითვალისწინეთ. სამწუხაროდ, ხელი იმ 16-მა ხაზმა შეგვიშალა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო  ნებართვები 2010-2012 წლამდე აქვთ,“ - გვითხრა გოჩა ლეკვეიშვილმა.

დავით კბილაშვილი, ისევე  როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, სქემების შედგენის დროს ლობირების მომენტს გამორიცხავს. ხოლო 100 ნომერზე ერთი მარშრუტის დამატებას იმით ხსნის, რომ ინტერვალი მარშრუტების მოძრაობებს შორის 12 წუთიდან 7 წუთამდე შემცირდა. აქაც ამოსავლად ხალხის ინტერესი სახელდება, თუმცა, განსხვავებულ ინტერესებზე საუბრობს რესპუბლიკური პარტიის იმერეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ ნაკაშიძე. ის ამბობს, რომ ახალ სქემაში საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრთის ინტერესებია ჩადებული. „ამდენი ხანი გვიმტკიცებდნენ, რომ პროფესორები მუშაობდნენ სატრანსპორტო სქემებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილება მაინც ნაციონალებმა მიიღეს და განსხვავებული შეხედულებებიც აღმოაჩნდათ კახა ნემსიწვერიძესა და ტატო მესხს. კითხვებს ბადებს ?100 მარშრუტის ლობირების საკითხი, რომელიც რვიდან ათ ერთეულამდე გაიზარდა. ასევე გაუგებარია, რატომ ემთხვევა ამ მარშრუტის გეზი „?2 ავტობუსისას?“

საკრებულოს წევრისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ იქცა გადაყრილი ავტობუსები ზოგიერთის ბიზნესის წყაროდ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პატარა ავტობუსი უფრო ნაკლებადკომფორტულია, ვიდრე ე.წ. „სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი.

საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი ახალ სატრანსპორტო სქემაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გამორიცხავს და საკრებულოს  მიერ მიღებულ მეორე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რომლითაც მგზავრთა გადაყვანის ნებართვების გაცემის წესი გამკაცრდა. „ყველა ავტობუსი უნდა იქნას ტექნიკურად გამართული, ხაზზე გასვლამდე მძღოლს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, ავტობუსები ორკარებიანი და ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი უნდა იყოს, იგეგმება GPRS-თ სისტემის ამუშავება მერიიდან, დიდი ეკრანიდან გაკონტროლდება, აკმაყოფილებენ თუ არა გადამზიდავები სანებართვო პირობებს, რა დრომდე მუშაობს ტრანსპორტი, დატოვა თუ არა რომელიმე მძღოლმა ხაზი უნებართვოდ. ასეთი შემთხვევები ხშირად იყო, როცა საკმარის თანხას იშოვიდნენ, ისინი გვიან აღარ მუშაობდნენ,“ - გვითხრა მერაბ მეშველიანმა.

ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ტრანსპორტის მარადიული პრობლემა - საღამოს მათი მუშაობის გრაფიკი - მეტწილად მოგვარდა. „ადრე ქალაქში პანაშვიდები  7 საათზე მთავრდებოდა, ახლა სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ საღამოს 10 საათამდე ყველა ცხელ და აქტიურ წერტილში - ნიკეაზე, თაბუკაშვილზე, ავანგარდში ტრანსპორტი მიდის.“

მას შემდეგ, რაც ბატონ ვიტალის ამ განცხადებაში ვერ დავეთანხმე, მან თავისი ტელეფონის ნომერი მომაწოდა და მითხრა, რომ თუ მსგავსი პრობლემა ისევ იქნება, დავურეკო, ის კი სახლიდანაც გამოვა და პრობლემას გაარკვევს,

უფრო ეფექტური, ალბათ, ტრანსპორტის მოძრაობის საზოგადოებრივი მონიტორინგი იქნება, ამიტომაც უმჯობესია, უფრო საჯარო გავხადო ტრანსპორტის რეგულირების სამსახურის უფროსის ვიტალი ბოჭორიშვილის ტელეფონი:    895 11 44 52. იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში ტრანსპორტის უიმედოდ მომლოდინენი აღმოჩნდით, თქვენც დარეკეთ ამ ნომერზე. ალბათ, ეს საუკეთესო საშუალებაა, მრავალგზის ხსენებული ხალხის ხმა ამ გზითაც მივიდეს ტრანსპორტის სამსახურამდე, თქვენ კი თავად გადაამოწმოთ, ასრულებენ თუ არა დანაპირებს მერიაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია