დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური" მოსახლეობას თხოვნით მიმართავს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/04 12:11:31

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს.

მოსახლეობის საყოვეთაო აღწერა 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. ის მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გარდა. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს აღწერაში.


"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური"  საქართველოს მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაუწიოს დახმარება საქსტატის თანამშრომლებს აღწერის ჩატარებაში და მიაწოდოს მათ ობიექტური ინფორმაცია აღწერის სრულყოფილად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.


"აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. 2014 წლის საყოველთაო აღწერის ხელშეწყობისა და ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით შვედეთის მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის გაფორმდა თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შვედეთის მთავრობამ 1,100,000 აშშ დოლარზე მეტი დამატებითი რესურსი გამოყო, ხოლო გაეროს მოსახლეობის ფონდის კონტრიბუციამ 2014 წელს 200,000 აშშ დოლარი შეადგინა. დონორთა დახმარება, რომელიც ემსახურება აღწერის სრულყოფილად ჩატარებას, რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება: მონაცემთა შეგროვების ზედამხედველობისა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება; მრავალმხრივი მულტი-მედია კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება საყოველთაო აღწერის ხარისხიანად ჩატარების მნიშვნელობის შესახებ; მოსახლეობის აღწერის კითხვარების ბეჭდვა"-განმარტავენ სტატისტიკის სამსახურში.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ამ პროექტის განმახორციელებელ პარტნიორს. გაეროს მოსახლეობის ფონდი, მისი მანდატიდან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეხმარება მოსახლეობის საყოველთაო აღწერების ჩატარებაში.


აღმწერები შეაგროვებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ, რისთვისაც სპეციალური კითხვარების მეშვეობით გამოკითხავენ თითოეულ საცხოვრისში მცხოვრები შინამეურნეობის ერთ ან რამდენიმე სრულწლოვან წევრს. გამოკითხვის დრო მერყეობს 40-დან 60 წუთამდე.


,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 28- მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.


2014 წლის 15-29 სექტემბერს მოსახლეობის აღწერა უკვე განხორციელდა მესტიის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში, რათა ნოემბრის თვეში ამინდის მოსალოდნელ გაუარესებას ხელი არ შეეშალა აღწერის მსვლელობისათვის. 


მოსახლეობის აღწერის პირველადი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის აპრილში, ხოლო საბოლოო მონაცემები კი 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდება.

წყარო: ipn

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია