დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა უთხრა ღარიბაშვილმა მსოფლიოს?
2014/09/27 17:52:30

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერმა მადლობა თანადგომისათვის, არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ ქართველ ხალხსაც გადაუხადა: ,,ნება მომეცით, აღტაცება გამოვხატო ქართველი ხალხის ენერგიისა და დემოკრატიული პროგრესის მიმართ ერთგულების გამო. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. საქართველოს წარმატება თქვენი წარმატებაა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


20 წუთიან გამოსვლაში პრემიერმა საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე, ევროატლანტიკური არჩევანზე, ეკონომიკაზე, კანონის უზენაესობაზე, მედიის თავისუფლებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ოკუპირებულ რეგიონებზე გაკეთდა. „ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან აფხაზებს და ოსებს მიმართა.

„საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“- დასძინა მთავრობის მეთაურმა. 

რუსეთზე საუბრის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი არ მოჰყოლია.

„ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება რეგიონში მიმდინარე პროცესებსაც დაუთმო.
მთავრობის მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები სამხედრო მოქმედებებს წერტილს დაუსვამს. 

„ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეძლებისდაგვარად მხარში ვუდგავართ მოძმე უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლურ არჩევანს და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და ნატოში გაწევრიანებისკენ გზაზე ფართომასშტაბიანი რეფორმები გრძელდება. 

,,საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია. ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია