დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
,,გამოუსწორებელი“ ოპტიმისტი ქეთი ჭიღლაძე
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/08/22 13:13:44

სოციალური საკითხებიდან ყველაზე მტკივნეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებია. ქვემოთ მოყვანილი წერილი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება: ვისაც თუნდაც ირიბი შეხება აქვს ჯანმრთელობის პრობლემებთან, გაეცნონ ქეთი ჭიღლაძის ცხოვრებას და მიხვდებიან, რომ ადამიანს ყოველთვის შეუძლია თავის რეალიზება. შეიძლება, ბევრმა იფიქროს, არაფერია განაკუთრებული მის ცხოვრებაში: ესაჭიროება და მისი საჭიროებიდან გამომდინარე კიდეც მოქმედებსო. ქეთის მთავარი მიზანი ის არის, რომ სტიგმა მოხსნას საზოგადოებაში ორმხრივად. სტიგმატიზებულია შშმ პირებიც და დანარჩენი საზოგადოებაც. ამ სტიგმის დამარცხება კი რთულია, რადგან ,,ინვალიდები“ და ,,ავადმყოფები“ ჯერ კიდევ ,,ზედმეტ ადამიანად“ ითვლებიან, სამწუხაროდ.


თუ არ ვცდები, ადრე გაზაფხული იყო, ქეთი რომ გავიცანი.

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრის შესახებ გვაინტერესებდა კომპეტენტური ადამიანის რჩევები და ოთხი ადამიანი დავირაზმეთ ქუთაისის ,,პირველი ნაბიჯისაკენ“. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი ერთი პატარა პროვინციული ქალაქია და ხუთი წელი ვსწავლობდი იქ, მაინც გამიჭირდა ,,მოფარებულში“ არსებული ,,პირველი ნაბიჯის“ მიგნება.


ვინანე, რომ სოციალური ქსელით გაცნობილ ქეთის უარი ვუთხარი გზაში დახვედრაზე. მეუხერხულა ორი რამის გამო უცნობის შეწუხება: ქეთი შშმ პირია და თან სუსხიანი დღე იყო. როგორია, შენ ზიხარ კომფორტულ ავტომობილში  და ალოდინებ ეტლში ჩამჯდარ ახალგაზრდას? მოკლედ, კითხვა-კითხვით მივაგენით იმ შენობას, საიდანაც კონსულტაციების პირველი ტალღა უნდა წამოგვეღო.


,,პირველ ნაბიჯში“ ქეთი მაინც დაგვხვდა. ელექტროეტლს მოხერხებულად მართავდა და ხალისიანად გვპასუხობდა კითხვებზე. ბოლო ორი წელია თითქმის, რაც უფრო ,,სოციალური“ გავხდი და ეკონომიკასა და პოლიტიკაზე წერას ნაწილობრივ  შევეშვი (ალბათ იმიტომ, რომ არც ეკონომიკას დაადგა საშველი და, პოლიტიკას, მით უფრო!). ქეთი არ ჰგავდა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ფარული ნაღველიც კი თითქოს მძლავრი ბიძგებით სადღაც გადაეგდო და გვიყვებოდა, თუ როგორ დადიოდა ექსკურსიებზე, ტრენინგებსა და კონკურსებზეც კი.


   ,,1979წლის 1 ივნისს ქუთაისში დავიბადე. ვიზრდებოდი თბილ და ტრადიციულ ოჯახში. 6 წლის ასაკში მოვიწამლე და ძლიერი ინტოქსიკაციის შედეგად 6 საათიანი კლინიკური სიკვდილი დამემართა, რის შემდეგაც ხერხემლიდან სითხე ამომიღეს. 14 წლის ასაკიდან დაავადება ნელ-ნელა შემომეპარა. თავდაპირველად ქუთაისში ვმკურნალობდი, შემდეგ_ თბილისში, მაგრამ უშედეგოდარასაწორი მკურნალობის შედეგად თანდათან მდგომარეობა გამიუარესდა. მე-7 წელია, რაც ეტლით გადავაადგილდები.  დღემდე ვერ ,,გაიგეს, რომ საოპერაციო ვარ. ჩემი მონაცემები გავაგზავნე გერმანიის კლინიკაში, მაქვს დოკუმენტები წერილების სახით, რომ მესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე. ქართველი ექიმები კი ამას სასტიკად უარყოფენ. რატომ, არ ვიცი. მეუბნებიან, რომ გერმანელი პროფესორები ცდებიან, არ ვარ საოპერაციო და მესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაცია. ამის შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი არაა და საზღვარგარეთ წასვლა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“,_ მოგვითხრო მოკლედ  თავისი ბიოგრაფია ქეთიმ. ვცდილობდი, რომ სიბრალულის გრძნობა დამემალა, რომელიც მახინჯი გამოვლინებაა ასეთ დროს და გამართლება არ აქვს. ალბათ ქეთიმ ეს იგრძნო და თავად სცადა სიტუაციის შეცვლა.


 ,, როცა ეტლით ქუჩაში გავდიოდი, ბევრი ხმამაღლა ამბობდა: ,,ვაი შენს დედას!“. უკვე აღარ მინდოდა ქუჩაში გამოჩენა. საბედნიეროდ, ურეკში გავიცანი ერთი ქალბატონი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და მისმა დამოკიდებულებამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ არ შეიძლებოდა ყურების ჩამოყრით ბედთან შეგუება. გულიზარ ჯავახაძემ თავის ორგანიზაციაში მიმიწვია და იმის შემდეგ ვცდილობ, რომ არაშეზღუდულუნარიანებს არ ვაგრძნობინო, რომ მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა“,_ გვითხრა და გაიღიმა.


 რა გზა გაიარა დღემდე ეტლს მიჯაჭვულმა ქეთი ჭიღლაძემ? 2007 წლის ივნისიდან  3 წელზე მეტი იმუშავა კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ იმერეთის რეგიონის ინსტრუქტორად. ცოტა ძნელია, წარმოიდგინო, რომ ეტლიანი პირი ატარებს ტრენინგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციასა და ინკლუზიურ განათლებაზე, ასევე აწყობდა სემინარებს სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან და საჯარო სკოლაში ბავშვებს უკითხავდა ,,სიკეთის გაკვეთილებს“.


 დღესდღეობით ბევრი ადამიანი ატარებს მსგავს აქტივობებს, მაგრამ ეტლიანი პედაგოგი და ტრენერი ან იშვიათობაა, ან არც უნახავთ ჯერ ქართულ სინამდვილეში ძალიან ბევრს. თურმე მოსწავლეებს არც კი სჯეროდათ თავიდან, რომ ქეთი მასწავლებელი ეტლს საჭიროებდა და ეგონათ, რომ ეს იყო ,,სწავლა კეთებით“ ან კიდევ თანამედროვე რომელიმე მეთოდი.


 ,,ათიოდე წუთში ხერხდებოდა იმ სტერეოტიპის მსხვრევა, თითქოს შშმ პირს არაფრის კეთება შეუძლია და ბავშვებიც კონტაქტურები ხდებოდნენ, საჯარო სკოლის პედაგოგებიც სკეპტიკურად მიყურებდნენ, მაგრამ მერე მათაც ეცვლებოდათ წარმოდგენა“,_ამბობს ქეთი.


ამავე წლებში ქეთი პატრიოტულ ბანაკებში კითხულობდა სემინარებს შშმ პირთა საკითხებზე.

 მაქსიმალური ოპტიმიზმის წყალობით ქეთი აქტიური ცხოვრების პიკზეა ყოველთვის. მას ნახავ ქუჩაში, შეხვედრებსა და ფორუმებზე. 2008 წლიდან ორმაისობის ყველა დღესასწაულზე გამოაქვს ხელნაკეთები ნივთები და გამოფენა-გაყიდვაში იღებს მონაწილეობას (ბისერებით წერს ხატებს და ყიდის). 14 ივნისს, შშმ პირთა დღეს, 2010 წლიდან თბილისშიც ნახავთ მას_,,შერატონში“ ხელნაკეთ ნივთებს წარუდგენს მნახველებს და ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავარია, იყო ოპტიმისტი.


ქეთი 2013 წლიდან სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ ,,თაობათა დიალოგის“ წევრია.   2009 და 2012 წლებში გახდა პარაჩემპიონი ნარდში დაბა ურეკში. 2013 წლიდან ,,იმედი+“-ის კორესპოდენტიცაა.

 

ამ ადამიანის გაცნობის შემდეგ ადვილია დასკვნის გამოტანა: ვინც ცდილობს, მას გამოსდის კიდეც. ვფიქრობ, რომ ქეთი ერთ-ერთი მენტალური რევოლუციონერია და აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია