დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №42 (346), 21 – 27 ნოემბერი, 2005 წელი
„ჩვენ, პოეტები საქართველოსი...“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/25 16:14:03

„სამკაულის“ კურთხევა ქუთაისში შედგა

 

ავით-დეფი გოგიბედაშვილი, გიორგი ზანგური, გიორგი შალამბერიძე - ამ სახელებს და გვარებს ერთი საერთო ნიშა აერთიანებს. მათ საერთო მიზნები, ოცნებები, თვალსაზრისი და მიმართულება აქვთ და პოეტთა ახალი დაჯგუფების - „სამკაულის“ წევრები არიან.

 

    

გიორგი ზანგური

 

გიორგი ზანგური პროფესიით მსახიობია. ერთდროულად ოთხ თეატრში მოღვაწეობს: თუმანიშვილის, ცვლილებების, ახალგაზრდულ და პანტომიმის თეატრებში. ლექსების წერა, როგორც თვითონ ამბობს, გვიან, 18 წლისამ დაიწყო (ის 1982 წელსაა დაბადებული). მალე მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდება და საზოგადოება უფრო ახლოს გაიცნობს მას, როგორც პოეტს. გიორგი პროზაულ ნაწარმოებებსაც წერს, თუმცა, ჯერჯერობით, მათ გამოქვეყნებაზე არ ფიქრობს. ის ქუთაისის ხშირი სტუმარია. მისი თქმით, ყოველ ალილოზე აქ არის და მეგობრებთან ერთად დადის სიმღერით კარდაკარ.


 

    

გიორგი შალამბერიძე


გიორგი შალამბერიძე 1980 წელს დაიბადა ქუთაისში და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე არაერთხელ უთამაშია. ამჟამად სადიპლომოზე მუშაობს დედაქალაქში. ლექსების წერა სტუდენტობამდე დაიწყო. მოგვიანებით დეფი და გიორგი ზანგური გაიცნო და მათთან ერთად ხშირად მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში. მისი თქმით, ზოგჯერ სამივე ერთად წერს ლექსს. ერთი ფრაზა ერთის არის, მეორე - მეორესი და მესამე კიდევ - მესამესი.


 

 


    

დავით-დეფი გოგიბედაშვილი

 


დავით-დეფი გოგიბედაშვილი „სამკაულის“ „უხუცესი“ წევრი (ის 1968 წელსაა დაბადებული) საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი სატელევიზიო პროექტებით: „მზერა“, „ღია კარის ღამე“, „გმირი“. ის ახლა ჟურნალ „ანაბეჭდთან“ თანამშრომლობს.


დეფი განათლებით არქიტექტორია, თუმცა, საკუთარ პროფესიად ლიტერატორობას აღიარებს. მას უკვე გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ზურმუხტი და საფირონი“ და პროზაული ნაწარმოებები, მათ შორის რომანი „ჩემმა ტყუპისცალმა მიპოვნოს“. კიდევ ერთი კრებული  მზადაა დასაბეჭდად. „სამკაულისა“ და საკუთარი სულიერი მისწრაფებების შესახებ დეფი თვითონ გვესაუბრება:


- დეფი, თქვენ საზოგადოებისთვის ცნობილი ხართ, როგორც საინტერესო სატელევიზიო გადაცემების ავტორი. ლიტერატურისაკენ თქვენი სწრაფვა როდის დაიწყო?


- ეს მოხდა, როდესაც მე პროექტებს ვწერდი სატელევიზიო გადაცემისათვის. განათლებით არქიტექტორი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესია არის მწერლობა. მე ამით ვშოულობ ჩემს სარჩო-საბადებელს. წერის დაწყებას რაც შეეხება, მაშინ სადღაც 26 წლის ვიყავი, როცა შენელებული მოქმედების ბომბი ჩემში გაიხსნა. ამ პერიოდში პროექტებს ვწერდი ტელევიზიისათვის, მოგვიანებით - მედიისათვის. მაშინ  ვფიქრობდი, რომ ტელევიზია ყველაზე კარგი საშუალება იყო მსმენელისა და მაყურებლისათვის, ყველაფრის ზუსტად აღსაქმელად. მოგვიანებით ტელევიზიამ არარომანტიული სახე მიიღო ჩემთვის. არადა, მე უფრო რომანტიული ტელევიზია მინდოდა. ამიტომაც წამოვედი. ამ დროისათვის უკვე პოეზია ვაღიარე პრიორიტეტად ჩემს თავში. საკმაოდ მქონდა ლექსებიც, პროზაული ნაწარმოებებიც და მათი გამოქვეყნება დავიწყე.


- როცა არქიტექტორი იყავით და ნახაზებს დაატარებდით აქეთ-იქით, მაშინ რა ადგილი ეჭირა თქვენში პოეზიას?


- პოეზია ჩემში ყოველთვის იყო და მნიშვნელოვანი ადგილიც ეჭირა. მე ყოველთვის ვიყავი სულით და ხორცით პოეტი. არქიტექტურულმა აზროვნებამ კი მომიტანა ქართული წინადადების, ზმნის, საერთოდ, სინტაქსის სხვაგვარი შეგრძნება - რომ სინტაქსი ნამდვილად სამყაროა. ზმნა არის ჩემთვის ედემში შექმნილი ადამი, ხოლო ევას სახით წარმოიქმნება შემდეგ სიტყვები და წინადადებები: პოეზია ადამიანურია და ღვთაებრივი ერთდროულად. მე ვხატავდი ბოლო დროს და მეგონა, რომ მხატვარი ვიყავი, მაგრამ როცა მოვრჩებოდი ხატვას, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიჩნდებოდა და აუცილებლად ვიწყებდი წერას.


- გინდათ, თქვათ, რომ არქიტექტურულმა ხედვამ დაგაწყებინათ წერა?


- არქიტექტურულმა ხედვამ წარმოშვა ჩემში რაღაც ახალის შექმნის, შენების სურვილი, რამაც მიმიყვანა იმ ადგილამდე, სადაც თავად მეშინოდა შესვლა. პოეზიამ გამიმჟღავნა ის საიდუმლო, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ღიად ვერასოდეს იპოვი და რომელსაც ეტრფოდნენ დიდი პოეტები, მათ შორის ჩემი სათაყვანებელი ედგარ პო, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ლადო ასათიანი. ამასთან, როცა ამოვიკითხე პოეზიის პრინციპები, აღმოვაჩინე წარმოუდგენელი კავშირები არქიტექტურასთან. ეს ყველაფერი ისე გაიგივდა ერთმანეთთან, რომ მივხვდი, პოეზია ჩემი სულია. ლექსის წერა არ არის თვითმიზანი. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოეტობას. ეს შედეგია მიზეზისა.


- „სამკაულის“ წევრების ერთმანეთთან დაკავშირება როგორ მოხდა?


- მე არსებული არ მაკმაყოფილებს. მაქვს ამბიცია, ჩავიდე სიღრმეში. სხვათა შორის, იქ ჩასვლა საშიშია ჩემი აზროვნებისათვის, მაგრამ მე მაინც მსურს. აი, ამ სიღრმეების ნელ-ნელა შეცნობისას და დაუფლებისას აღმოვაჩინე, რომ გიორგი ზანგურსა და გიორგი შალამბერიძეს იგივე საიდუმლოებების შეცნობის სურვილი ამოძრავებთ. შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენი ჯგუფის, „სამკაულის“ კურთხევა მოხდა ქუთაისში, ლადო ასათიანის ძეგლთან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აქ, ამ ქალაქში მოხდა, სადაც ღმერთმა თავისი პასუხისმგებლობით მონიშნული ხალხი ერთად შეკრიბა და გაწირა ისინი უკვდავებისათვის. მათ შორის იყო ტიციანი, პაოლო, გალაკტიონი, მაიაკოვსკი, შალვა კარმელი. მათთან გათანაბრება იწვევს შიშს და აღფრთოვანებას იმავდროულად. გავუძლებთ კი ჩვენ აი, ამ მზის ნათებას, რომელიც ერთ დროს მათ დანათოდათ. მე მგონი, გავუძლებთ, რადგან შემთხვევითი არაფერია სამყაროში. ბედისწერა უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის.


- ესე იგი, ქუთაისი თქვენთვის განსაკუთრებული ქალაქია?


- ამ ქალაქს აქვს რაღაც მაგიური, რასაც დროთა განმავლობაში ავლენს. ზოგჯერ მიჩუმებულია, მაგრამ აწმყო მას არაფრად ანაღვლებს. შემთხვევით არ არის აქ დონ კიხოტის ძეგლი, გელათის და ბაგრატის ტაძრები. შემთხვევით არ დაბადებულა აქ უამრავი პოეტი - თბილისი ეგუება შემთხვევითობას, ქუთაისი  კი გამორიცხავს მას. გიორგი შალამბერიძეც შემთხვევით არ გამიცვნია აქ. ქუთაისში ჩამოსული, უცებ, თეატრთან ვხედავ, ახალგაზრდა კაცი ზის და წერს. ეს იყო ჩემთვის საოცარი წამი.


- ამ დროს, დღეს ეს ქალაქი მივი-წყებულია და დაცლილი. ხომ არ ფიქრობთ, უფრო ხშირი კონტაქტი დაამყაროთ მასთან?


- რა თქმა უნდა. როცა ადამიანს მოწყურდება, აუცილებლად წყალი უნდა დალიოს წყურვილის მოსაკლავად. ვერანაირი ღვინო და კოკა-კოლა ვერ შეცვლის მას. წყალივითაა ქუთაისი, როცა მწყურია, აქ შემიძლია მხოლოდ წყურვილის მოკვლა. ქუთაისი ცალკე ცნებაა, ცალკე ველია შენს აზროვნებაში. ამ ველში იჯდა ტიციანი, გალაკტიონი, პაოლო... ქუთაისი ეს არ არის მარტო ქუჩები, არ არის „ზასტავა“ და „საფიჩხია“. ეს უცნაური განზომილებაა რეალურსა და ირეალურს შორის.


- თქვენ წერთ, ხატავთ, თურმე მშვენივრადაც მღერით...


- ძალიან მიყვარს მუსიკა. მხატვრობა ჩემთვის არის მეტად ინტიმური რამ, ასევეა სიმღერაც. მაგრამ პოეზიაში ჩემი სულია გამოხატული.


- რატომ გაჩნდა აუცილებლობა ცალკე დაჯგუფებულიყავით და შეგექმნათ „სამკაული“?


- ჩვენ გავემიჯნეთ არა საზოგადოდ ლიტერატურას, მის მიმდინარეობებს, არამედ - საზოგადოების დამოკიდებულებას ლიტერატურისადმი.


- და როგორია ეს დამოკიდებულება?


- ეს არის „პიარი“. ჩვენთან ის არის ცნობადი, ვისაც ყველაზე მეტი „ფაბლიქსითი“ აქვს (ვერ ვიტან ამ უცხოურ სიტყვებს და ბარბარიზმს. დ.გ.). ფსევდოამერიკული და ფსევდოდასავლური ფასეულობებია ეს და მეტი არაფერი. ჩვენ  გამოვეყოფით არა ხელოვანებს, არამედ - ხელოვნებისადმი დამოკიდებულებას. არ გვაინტერესებს, რას წერენ ჩვენზე ჟურნალები, რა გადაცემებს აკეთებენ რადიოები, ვიქნებით თუ არა ცნობილი პოეტებისა და პროზაიკოსების  გვერდით სიებში. ჩვენი თვითმიზანია, დარჩეს ჩვენი ლექსი საქართველოში, განიცადოს არსებობა და იგივე განაცდევინოს სხვებსაც.


- რამდენად აპოლიტიკურია თქვენი ჯგუფი. ადრე საპროტესტო აქციებზე მინახიხართ?


- მე მწამს, რომ ხელოვანმა უნდა გამოხატოს თავისი განწყობა ხელოვნებით. როცა საზოგადოების ძალები საკმარისი არ არის სწორი პოლიტიკური აზროვნებისათვის და როცა ძალიან დაბალია საზოგადოების დონე, ჯოჯოხეთიდან მოსული აზროვნებაა გაბატონებული მასში, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ჩარევა და ვერევი, როგორც მოქალაქე და არა - როგორც პოეტი.


- ჩარევის სურვილი ახლაც გაქვთ?


- კი, რადგან პროტესტი მოქალაქეობრივი პოზიციიდან უფრო გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე ხელოვნებიდან. მე მინდა, რომ საზოგადოების დონე ამაღლდეს თავის ცნობიერებაში ისე, რომ საქართველო აღარ იყოს პლანეტის პროვინცია.


- „სამკაული“ რატომ დაირქვით?


- „სამკაული“ ეს არის ყველაზე ძვირფასი შთაგონება პოეზიის. პოეზიაში იყო „ცისფერი ყანწი“, ახლა გაჩნდა „სამკაული“, სამი ადამიანის სულთა, გულთა ერთობა. ეს ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს სამ კავს. ამასთან, ძვირფასსაც ნიშნავს. ქართული სიმღერა სამხმიანია: ბანი თავისას ამბობს, პირველი და მეორე თავისას. ასევეა აქაც - გიო შალამბერიძე და გიო ზანგური თავის ლექსებს ამბობენ, მე - ჩემსას. ჩვენც ერთსა და იმავეს ვმღერით, ოღონდ  - სხვადასხვა ხმით.

 

იამზე ბრეგვაძე

 

***

როცა მთვარეზე ახვალ,

მირაჟის ქუჩაზე მიკითხე,

იქვე ლურჯ კარავს ნახავ,

შედი და ლექსები იკითხე.

 

გიორგი შალამბერიძე

 

 

***

შენ! როცა ჩემს ბარათს

შემთხვევით დახედავ,

დახევ და ფანჯრიდან

ფიფქებად გაფანტავ.

მე მიყვარს ეგ შენი

ბუტია სახე და

პირველი კანკალი

გაყინულ საბანთან.

 

გიორგი ზანგური

 

 

***

 

დოგმიდა

უკანასკნელი დიდი მოდგმიდან,

ხარ იღბლიანი მეფის ასული,

ქვესკნელი ხრამის უღვთო

დოგმიდავ,

ფსალმუნის ეწკვზე უხმოდ

აცმული 

და გადაცმული ნატვრის წყაროში,

ზარდახშა ზღაპარს ისევ ინახავს,

ჩვენ ორნი დავრჩით ამ სამყაროში,

რომ ერთმანეთი ჯერ არ გვინახავს.

 

ნათლისღება

დღეს ნათლისღებაა,

ცივა, რამ დამაღონა, არ ვიცი,

დარდი თოვლივით ცვივა,

სანამ დადნება და ვიცდი...

უცნაურია, სული მეტკინა,

მდინარის პირას ვდგავარ,

წყალს ტანი არ მოეყინა

და უთვისტომოს ვგავარ.

განუწყვეტელი და საკუთარი

ახლა სუნთქვა თუ მართობს,

დღეს ბედისწერა მოინათლება

და ისიც დამტოვებს მარტოს!

 

კვიცი

ვიცი, გვარზე ხტის კვიცი,

იღბლიანს კარგი დღე ელის,

მე ადგილებიც ვიცი

ფერადი მდინარეების,

სადაც წვიმები თქეშით

სურნელს ფანტავენ მიწის

და ცადამტვერილ მთებში

ტყე მზესთან ერთად იწვის,

სად რიჟრაჟია მოოქროვილი

და ალუბლები დილაადრიან

ტანსშემოხეულ ქარს მინდობილნი

საყურედ ღრუბლებს ეკიდებიან,

იქვე ფრთოსნები, ანგელოზები,

რომ ატყდებიან ყოველ გაზაფხულს

და შემოდგომით, როგორც

მგოსნები,

სულს მოითქვამენ, სევდით

დაზაფრულს.

გზა იქ მიმსვლელი გულზე

გადამდის,

იქ თუ მოხვდები, მხოლოდ

ჩემს გამო,

იქ სიმშვიდეა შვიდგზის, მარადის,

დღესვე მივდივარ, შენც

დღესვე წამო.

 

 

დავით-დეფი გოგიბედაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია