დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპორტი უკრაინაში
ხუთი ქართული რეფორმა, რომლებსაც პოროშენკო განახორციელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/14 22:08:22

ავტორიტარული რეჟიმისგან განთავისუფლებისა და ახალი პრეზიდენტის არჩევნის შემდეგ, უკრაინა რევოლუციის ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, სისტემური რეფორმების განხორციელებაზე გადადის. თანაც მათი გატარება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. 

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თავის გუნდში უკვე მიიწვია „ქართული სასწაულის“ ცალკეული ავტორები და იმედი აქვს, რომ მათ გამოცდილებას საკუთარი ქვეყნისთვის გამოიყენებს. უკრაინულმა გამოცემა „დელოვაია სტოლიცამ“ გააანალიზა, შეძლებს თუ არა კიევი თბილისის წარმატების გამეორებას. 


 

მილიციის „გადატვირთვა

გამოკითხვა აჩვენებს: ქართველ სამართალდამცველებს მოსახლეობის 85% ენდობა. მილიციის რეფორმის ქართული რეცეპტი მარტივი და რადიკალურია: სამართალდამცველთა პირადი შემადგენლობის 90%–ის შეცვლა, თანამშრომელთა რაოდენობის 85 ათასიდან 26 ათას ადამიანამდე შემცირდება, შსს–ს ყველა ადმინისტრაციული მომსახურების (მართვის მოწმობების, ავტორეგისტრაციის და სხვა დოკუმენტების გაცემა და ა.შ.) კონცენტრაცია ცალკე სერვის ცენტრში და თანამშრომლებზე მკაცრი კონტროლის დაწესება.

რა უშლის ხელს უკრაინას მსგავსი რეფორმის განხორციელებაში? 300 ათასზე მეტი მილიციელის ერთბაშად განთავისუფლებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ყველა ეს ადამიანი კარგად იცნობს დამნაშავეთა სამყაროს და სამსახურის დაკარგვის შემდეგ შესაძლოა მისი ნაწილი გახდეს. ამიტომ ახლა უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში ტოტალური საკადრო წმენდის ექსპერიმენტის ჩატარების დრო არაა. დასაწყისისთვის შესაძლებელია სატესტო რეფორმების გატარება თუნდაც დონბასის მილიციაში.

 

 

სახელმწიფო სექტორის განახლება

ადმინისტრაციული მანქანის მოდერნიზებაში უკრაინას სწრაფი და ეფექტური რეფორმების განხორციელების მეტი შანსი აქვს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ახალი პრეზიდენტის გუნდი დაინტერესებულია მმართველი აპარატის შემცირებითა და გამარტივებით. 

მეორეც: ესაა მიმართულება, სადაც შეიძლება შედეგი სწრაფად დადგეს. რიგითი ადამიანები მაშინვე იგრძნობენ მათდამი დამოკიდებულების შეცვლას მაღალჩინოსნების მხრიდან, რაც ამ უკანასკნელებს ნდობის კრედიტს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს. 

თუმცა ამისთვის კადრების 10%–ის, ანუ 25 ათასი ადამიანის განთავისუფლება საკმარისი არ არის, რაც უკვე გააკეთა არსენი იაცენიუკის მთავრობამ.

სახელმწიფო სექტორის რეფორმირების ქართული გამოცდილება მდგომარეობს იმაში, რომ სამინისტროების რაოდენობა 18–დან 13–მდე შემცირდა (უკრაინაში ახლა 17 სამინისტროა), სახელმწიფო სამსახურებისა და სააგენტოების რიცხვი კი 52–დან 34–მდე (უკრაინაში 24 სახელმწიფო სამსახური, 14 სახელმწიფო სააგენტო და 11 ინსპექცია მოქმედებს). სახელმწიფო აპარატი საქართველოში მესამედზე მეტით შემცირდა, ხოლო იქ დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდა. 

რაც მთავარია – კარგი განათლების მქონე ახალგაზრდა კადრების დასაქმება სახელმწიფო სტრუქტურებში და უკვე მომუშავეთა კვალიფიკაციის გაზრდა. სახელმწიფო აპარატის მოდერნიზაციის ნაწილში რეფორმების გატარება მთელი უკრაინის მასშტაბითაა შესაძლებელი. მთავარი ამ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლების ნებაა.

 

 

სასამართლო ლუსტრაცია

საქართველოს სასამართლო სისტემის „გადატვირთვა“ ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა. იქ შეიქმნა იუსტიციის რეალურად დამოუკიდებელი საბჭო, რომლის წევრთა უმრავლესობას თავად მოსამართლეები ირჩევენ, უკრაინაში კი მხოლოდ სამს ოციდან, დანარჩენებს პრეზიდენტი, პარლამენტი, იურიდიული უმაღლესი სასწავლებლები და პროკურატურა ნიშნავენ. შედეგად საბჭოს 12 წევრი ასე თუ ისე დამოკიდებულია მოქმედ ხელისუფლებაზე. 

უკრაინის მოთხოვნილებებს ასევე შეესაბამება ახალი მოსამართლეების შერჩევის ქართული მოდელი. მაგალითად მინიმალური ასაკის გაზრდა 25–დან 28 წლამდე, ასევე მოთხოვნილი სტაჟის გაზრდა. საქართველოში ესაა 5–წლიანი ადვოკატურული პრაქტიკა. უკრაინაში მოსამართლედ დანიშვნისას სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მხოლოდ 3–წლიანი გამოცდილება მოითხოვება.

 

 

საგადასახადო რევოლუცია

საგადასახადო რეფორმამ ქართველებს შესაძლებლობა მისცა, ეკონომიკა ჩრდილიდან გამოეყვანათ და ინვესტიციები მოეზიდათ. დაიწყო საგადასახადო ამნისტიით და ფისკალური სამსახურის საკადრო წმენდით. შემდეგ დაბეგვრის სისტემას მიხედეს: გადასახადების რაოდენობა 22–დან 7–მდე შემცირდა. მოგების გადასახადმა დაიკლო 15%–მდე.

უკრაინაში კი დღემდე მოქმედებს გადასახადების „კონვერტებით“ გაცემა. რაც შეეხება ამნისტიას, ის უკრაინაში მხოლოდ საწარმოებისთვის იგეგმება და მის სანაცვლოდ მოითხოვება გადაუხდელი მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის 15%. 

 

 

საგარეო ვაჭრობის გაფართოება

საქართველომ ამ სფეროს რეფორმა დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ხელმოწერით თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორთან. 

თუმცა უკრაინის შემთხვევაში ამ პრინციპის სრულად გამოყენება შეუძლებელია რუსეთთან რთული ურთიერთობების გამო, რომელზეც ადგილობრივი ექსპორტის 25% მოდის, 

„პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ რუსეთთან იმდენად თავისუფალი ვაჭრობა კი არ უნდა ავაწყოთ, რამდენადაც მაქსიმალურად შევწყვიტოთ ნებისმიერი კონტაქტი, რათა შევამციროთ უკრაინის ეკონომიკის დამოკიდებულება მოწინააღმდეგის არამეგობრულ ქმედებებზე,“ – აცხადებს CASE–უკრაინას ექსპერტი ვლადიმირ დუბროვსკი.

„დელოვაია სტოლიცა“ წერს, რომ უკრაინა უნდა წავიდეს ყველა სატრანზიტო გადასახადის, კვოტისა და სხვა ბარიერის გაუქმებაზე საავტომობილო საქონლის გადაზიდვისას, მისსავე ტერიტორიაზე. ეს აუცილებელია უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისთვის. 

 

 

წყარო "bpi"

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია