დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვიძახეთ, ბიძინა მოგვხედავსო და ამან სულ დაგვიკიდა ფეხებზე, ჩვენ არავის ვახსოვართ!“
2014/05/19 14:54:36

დევნილის სტატუსი და 22-წლიანი ცხოვრებაფეკალიებში

 

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ „მეტალურგში“ 22 წელია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. რეგიონული პრობლემების მედიატურით იქ ჩასულ ჟურნალისტებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია  „სიდა“-ს და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით მოეწყო, საშინელი მდგომარეობა დაგხვდა.

 

სანატორიუმი, რომელიც თავის დროზე უამრავ დამსვენებელს იღებდა და თავს იწონებდა საინტერესო და ლამაზი არქიტექტურული დაგეგმარებით, დღეს განადგურებულია. შენეობაში უკვე რამდენიმე წელია წყალი ჩამოდის, კედლები ძლიერ დაზიანებულია, კანალიზაციის პრობლემა კი დღემდე გადაუჭრელი საკითხია იქ მცხოვრებთათვის.ლალი ბაბლიძე სანატორიუმში 1989 წლის ოქტომბერში შეასახლეს. ამბობს, რომ აქ ცხოვრება ყოვლად შეუძლებელია. ამ ეტაპზე კი ყველაზე დიდ პრობლემად კანალიზაციის საკითხი მიაჩნია.

 

ყველა დროის

მთავრობას მხოლოდ

რჩევნებზე ვახსოვართ!“                      

 
„პრობლემების მეტი რა არის შვილო. ჭერი თავზე გვენგრევა, გვაწვიმს, კანალიზაციები გაჭედილია. კი ხედავთ, თავის დროზე  რა კარგი შენობაა გაკეთებული, მაგრამ რად გინდა, არავის არ აინტერესებს. აქ 80 ოჯახამდე ცხოვრობს, ბავშვები არიან, ასეთ სანიტარულ პირობებში გაჩერდება ვინმე? ყველაფერი ნაგავი და უბედურობა „პადვალში“  შემოგვდის. ახლა, როგორც კი დათბება, კოღოებით და კრაზანებით გაივსება ყველაფერი. შველას ვითხოვთ, მაგრამ - უშედეგოდ. დეპუტატებს მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით. ისე არავის ვახსოვართ. ხმებისთვის ვჭირდებით ყველა მთავრობას, ჩვენი დარდი ვის აქვს. სოციალურ დახმარებას ვიღებდი და მომიხსნეს. ჩემი გოგო სამი თვით თურქეთში გადავიდა. თუ არ გავინძერით შვილო,  45 ლარით თავს როგორ გავიტანთ.  გასახლებები  რომ  დაიწყო,  ჩვენი  ოჯახი  არ გაასახლეს. ექვსი ქულის ზევით ვინც დააგროვა, იმას შეხვდა ახალი საცხოვრებელი და მე რა უნდა ვქნა, ავარიულ ოთახებში რომ მიწევს ცხოვრება. ეს შენობა შიგნიდან, ძირითადად, ხისაა. იატაკი თითქმის დამპალია. სველი წერტილები არ გვაქვს, ოთახებში ვიბანთ, ვრეცხავთ და იატაკი რა მდგომარეობაში იქნება, წარმოგიდგენიათ?“

 

ქალბატონი ლალი იმ დეკლარაციის შესახებაც გვესაუბრა, რომელიც დევნილების გასახლებას და ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ვისაც ოჯახში სამას ლარზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა, ის ვერ დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართით. ამ ქალბატონს კი შევსებული დეკლარაციის მიხედვით ათასლარიანი საშემოსავლო დაუდგინდა.

 

„სად მაქვს შვილო ათასი ლარი შემოსავალი. თავი ძლივს გაგვაქვს. უკანონობაა და მეტი არაფერი.“


ზარქუა ლეილა თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. 156 ლარი ის თანხაა, რომელიც პროდუქტისა და წამლებისთვის უნდა გაანაწილოს.

 

„დაგვპირდა, შვილო, ბობოხიძე, გადაგიყვანთ ახალ სახლებშიო, მაგრამ ეს ახალი მთავრობა რომ მოვიდა, ყველაფერი აირია. არაფერი ჩვენთვის არ არის. ვიძახეთ, ბიძინა მოგვხედავსო და ამან სულ დაგვიკიდა ფეხებზე. ჩვენ არავის ვახსოვართ.“

 

 დიანა შუბითიძე  17 წლისაა. ის სოხუმიდანაა. ქალაქი, სადაც ერთ დროს მისი მშობლები ცხოვრობდნენ, სურათებიდან იცის. ოცნებობს, რომ ერთხელ მაინც ნახოს სოხუმი. სანატორიუმში უამრავი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ ბევრი მათგანი ახალ საცხოვრებელში გადავიდა.

 

„ბავშვები ბევრი არ ვართ. ზოგი თბილისში წავიდა, ზოგი ახალ სახლში გადავიდა. აქ რა მომავალი უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, ყველაფერი ჩამკვდარია. მე კულინარიით ვარ დაინტერესებული და მინდა, ამ კუთხით გავაგრძელო სწავლა-განათლება. მამა არ მუშაობს, დედა მწვანილებში მუშაობს, რომ ცოტა შემოსავალი გვქონდეს.“

 

ჟურნალისტების დანახვისას სანატორიუმის აივანზე გადმომდგარმა ქალბატონმა ირონიულად გაიცინა და თქვა: „22 წელია, არავინ დაინტერესებულა ჩვენი ცხოვრებით და კარგია, თქვენ თუ დაინტერესდით ჩვენი მდგომარეობით. ეს ქალბატონი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარადანაა. ნელი ვეკუა 60 წლისაა და წუხს, რომ არცერთი ხელისუფლება მათზე არ ზრუნავს.

 

სანატორიუმ „მეტალურგში“ გაზი შეყვანილი არ არის, წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის.  დენის ტარიფთან დაკავშირებით კი, იქ მცხოვრებლები შეშფოთებულები არიან. საქმე ეხება საერთო მრიცხველს, რომლითაც სანატორიუმი სარგებლობდა, სულ მალე კი ყველა ოჯახს თავისი მრიცხველი ექნება.

 

სანატორიუმის პრობლემებით მივაკითხეთ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილეს, თენგიზ ასლანიკაშვილს.

 

„მინდა გითხრათ, რომ უყურადღებოდ ნამდვილად არ არიან სანატორიუმში მცხოვრები დევნილები. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მათ დახმარებას. რამდენიმე დღის წინ გავწმინდეთ იქ კანალიზაცია. რაც შეეხება გასახლების პროცესს, დაწყებულია მასიური მშენებლობები, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება. ქუთაისში ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ობიექტის მშენებლობა, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება. ბინების მიღებას კი თან დაერთო ახალი პროცესი ესაა ქულების მინიჭება. დღეს განსახლება ვერ მოხდება, თუ არ შეივსო განცხადება და თუ არ მოხდა ქულების მინიჭება. ამის უფლება ყველას აქვს და შემდეგ მოხდება შესაძლებლობის მიხედვით მათი დაკმაყოფილება, გვეუბნება ბატონი თენგიზი, მინდა გითხრათ, რომ სანატორიუმ „მეტალურგის“ მსგავსად, ეს პრობლემები ყველგანაა და ვცდილობთ  მოგვარებას. სახელმწიფოს აქვს სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გაწერილია, რომ თანდათან  ყველა დევნილი უნდა დაკმაყოფილდეს. მართალია, პრობლემა დიდია „მეტალურგთან“ დაკავშირებით, მაგრამ ველოდებით ექსპერტიზის პასუხს, თუ რამდენად ვარგისია ეს შენობა.“

 

ფაქტია, რომ ვიდრე ხელისუფლების ეშელონებში ამ საკითხზე ისევ დაობენ და მსჯელობენ, დევნილ მოსახლეობას კვლავ მოუწევს მომავალი ცხელი ზაფხულის გატარება იმ შენობაში, სადაც საშინელი სუნი დგას და ფეკალურ მასას გაუდის „გუგუნი“.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

 

მასალა მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“-ს და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ორგანიზებით, მედიატურის ფარგლებში.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია