დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არახამიების ოჯახის გასაჭირი
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/13 15:56:29

ლანჩხუთში მცხოვრები არახამიების ოჯახი უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობს.


PSNEWS.GE–ს ოჯახის დიასახლისმა უთხრა, რომ მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება არასოდეს მიუღიათ და მათი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

 

ოჯახში შემოსავალი ჩემი და ჩემი მეუღლის, გოგი არახამიას კუთვნილი პენსიაა. 300 ლარად არსებობა როგორ შეიძლება? ძალიან გვიჭირს. ორი შვილის პატრონი ვარ, უფროსი გოგო საოპერაციოა, არც მე და ჩემი მეუღლე ვართ ჯანმრთელად. მე გულით ავადმყოფი ვარ, ჩემს მეუღლეს ფეხები აწუხებს, ძლივს დადის. ორივე პენსიონერი ვართ, მაგრამ ჩვენი პენსია სულ წამალში მიდის, – გვითხრა დიასახლისმა ლარისა არახამიამ.

 

არახამიების საცხოვრებელი სახლი ცუდ მდგომარეობაშია: კედლებზე მუყაოა გაკრული, წვიმის დროს ფანჯრებში წყალი ჟონავს, კიბე დაშლილია, სახლის უკან მხარეს აივანი ჩამონგრევის პირასაა.

 

ახალ სახლს არავინ მიყიდის, მაგრამ ხომ შეიძლება, ყურადღება მომაქციონ. ჩემი მეუღლე რამდენჯერმე იყო გამგებელთან შესახვედრად მისული, მაგრამ იქამდე ვინ მიუშვა?! ეგებ, ამას რომ წაიკითხავენ, დაინტერესდნენ ჩვენი ბედით. ადგილზე მოვიდნენ და ნახონ, რა დღეშიც ვართ, – ამბობს ქალბატონი ლარისა.

 

ლარისა არახამიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებიდან მათ ოჯახს აქამდე არავინ დახმარებია.

 

5 კაპიკითაც არავინ დაგვხმარებია. რას ვითხოვ იმაზე მეტს, რაც არ მეკუთვნის? 9 წელია, სოციალური დახმარების მიღება მინდა და ამას ვერ მივაღწიე,გვითხრა ლარისა არახამიამ.

როგორც რესპოდენტი გვიყვება, ოჯახმა სოციალური შემწეობის მისაღებად განცხადება პირველად წლების წინ დაწერა. მაშინ 61 ათასი ქულა მოუვიდათ და ფულადი შემწეობა არ დაენიშნათ. შემდეგ კიდევ დაწერეს განცხადება, რომლის პასუხმაც დააგვიანა. ოჯახი პასუხის მისაღებად ოზურეთში ნაქირავები მანქანით წავიდა. იქ კი გაარკვიეს, რომ წინანდელზე გაცილებით მაღალი ქულა ჰქონდათ მიღებული.

 

91 ათასი ქულა დამიწერეს. რა მაქვს ასეთი, რა ნახეს ჩემს ოჯახში, რომ ამხელა ქულა მომივიდა?! არაფერი შემიძენია. ჩემი დედამთილისდროინდელია ეს სახლი. მას მერე არაფერი მიგვიმატებია. საშუალება არ იყო, თორემ გასაკეთებელის მეტი რა არის. აბა, ვისთვისაა ეს სოციალური დახმარება, თუ არა ჩემნაირი გაჭირვებულისთვის?!  ბოლოს, როცა სოციალური სამსახურიდან აგენტი მოვიდა, მკითხა, კბილის პასტა თუ გაქვსო. კბილი არ მაქვს და პასტა რად მინდა-მეთქი, ვუთხარი. ერთი ძირგამომპალი მაცივარი მაქვს, კარის გაღებისაც მეშინია, არ ჩამოვარდეს. ალბათ, ამიტომ მომცეს ასე მაღალი ქულა, – ამბობს ლარისა არახამია.  

 

 

მიღებული ქულები არახამიების ოჯახმა გაასაჩივრა, მაგრამ როგორც რესპონდენტმა გვითხრა, პასუხი დღესაც მიუღებელი აქვთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2557
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია