დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ანშლაგების“ დაპირებით მოსული ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი „ბიკინის ზოლის“ ეპილაციას შეეწირა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/13 14:26:46

ხატია ვედმედევას ოცნებები საპნის  ბუშტივით  გასკდა...

 

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გასულ კვირას კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად ოპერიდან ახალი დირექტორი გაუშვეს, თანაც ისე, რომ თეატრში შესვლის უფლებაც აღარ მისცეს.

 

ცნობილი გახდა, რომ ხატია ვედმედევა თანამდებობიდან ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებულმა გოგი ჭიჭინაძემ გაათავისუფლა. უფრო სწორად, კორექტულად მოსთხოვა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა.


როგორც ვედმედევამ მედიასთან საუბარში განაცხადა, ჭიჭინაძემ თეატრიდან არა ფინანსური პრობლემების, არამედ პირადი კონფლიქტის გამო გაუშვა.

 

ხატია ვედმედევა: „გოგი ჭიჭინაძე ჩემთან შემოვიდა და მითხრა, უხმაუროდ დამეწერა განცხადება და თანამდებობა დამეტოვებინა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით გამათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე არარსებული მიზეზით, ვითომდა ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის გამო გამათავისუფლეს, რაც სიმართლე არაა და ოპერის თეატრს ეს პრობლემა ჩემს მისვლამდეც ჰქონდა. ჭიჭინაძემ თავად მოსთხოვა სამინისტროს ჩემი გათავისუფლება. არ ვაპირებ, ეს ამბავი ასე დავტოვო და სიმართლის დასადგენად აუცილებლად მივმართავ სამინისტროს“.

 

ვედმედევამ ნათქვამის გასამყარებლად კულტურის მინისტრისთვის მიწერილი წერილი გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნავდა, რომ ჭიჭინაძე 7 თვის განმავლობაში 3 კვირა იმყოფებოდა თეატრში, ვედმედევა სპექტაკლების სიმცირესაც ჭიჭინაძეს აბრალებდა. მეტიც, ყოფილი დირექტორი წერილში იმაზეც კი საუბრობს, რომ ჭიჭინაძე მას არსებული პრობლემების გასაჯაროვების საშუალებას არ აძლევდა და მისი გათავისუფლება მთავრობის დავალებით მოხდა.

 

ვედმედევა ასევე აღნიშნავდა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე და დასის ხელმძღვანელი მაია ნიკოლაძე გახლდნენ, რომლებიც თეატრში იშვიათად მიდიოდნენ, თუმცა ხელშეკრულებით გაფორმებულ ანაზღაურებას სრულად იღებდნენ, იქვე აღნიშნავდა, რომ მაია ნიკოლაძე პარალელურად რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში არის გაფორმებული. 

 

„რაც მთავარია, ბუღალტერს არაერთი დარღვევა ჰქონდა, რაზედაც აუდიტის დასკვნა მეტყველებს, თუმცა ჭიჭინაძემ ბუღალტერთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება არ მომცა,“ - აღნიშნავდა ვედმედევა.

 

თავის მხრივ, ვედმედევას ბრალდებები უსაფუძვლოდ გამოაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ ყოფილი დირექტორი სავარძელს შელახული იმიჯის გამო დაემშვიდობა.

 

მისი თქმით, ქუთაისი არის ქალაქი, სადაც თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ, როგორც ეს ვედმედევას შემთხვევაში მოხდა.

 

გოგი ჭიჭინაძე: „არანაირი პიროვნული კონფლიქტი, უბრალოდ, ვედმედევამ დაკისრებული მოვალეობა „ღირსეულად“ ვერ შეასრულა, რის გამოც კორექტულად ვთხოვე, უხმაუროდ დაეტოვებინა თეატრი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც რაიმეს აიძულებენ, უსაფუძვლოა ვედმედევას ბრალდება, თითქოს მთავრობიდან მაიძულეს მისი მოშორება, ანდა პიროვნული კონფლიქტის გამო, თანამშრომლებს ვათავისუფლებდე. მან დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა“.

 

ოპერის თეატრთან ბრიფინგზე მისული ჟურნალისტები იმ პერიოდს იხსენებდნენ, როდესაც „მეოცნებე“ ვედმედევა შენობაში მის წინამორბედს, როზა დვალიშვილს არ უშვებდა. თავის დროზე, როზა დვალიშვილიც, ვედმედევას ბრალდებით ოპერის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას შეეწირა.

 

თუმცა მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ოპერის თეატრის ახალ დირექტორად    „ანშლაგების“ დაპირებით მოსული ვედმედევა თეატრის ბიუჯეტის ნაწილს  „ბიკინის ზოლის“ ეპილაციას თუ მოახმარდა და ამ ბრალდების გამო, იგი საქვეყნოდ ქილიკის მიზეზი გახდებოდა.

 

ვედემედევას მიერ „ბიკინის ზოლის“ ეპილაციისთვის, ასევე სხვა ჰიგიენური მომსახურებისთვის სილამაზის სალონ „ელიზიუმში“ გადარიცხულ თანხებზე ინფორმაცია ოპერის თეატრის ყოფილმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა და ყოფილმა არტ-მენეჯერმა გაახმაურეს.

 

ყოფილი თანამშრომლები მაშინ ვედმედევასთან ერთად, გოგი  ჭიჭინაძესაც უპირისპირდებოდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ოპერაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ კორუფციული გარიგებები გახშირდა.

 

„2013 წლის 23 სექტემბერს თეატრში ალა-ფურშეტი გაკეთდა, რაზედაც 7000 ლარი დაიხარჯა. ხატია ვედმედევამ თქვა, რომ აღნიშნული 7000 ლარით თეატრი „ვითიბი“ ბანკმა დააფინანსა, რაც აღმოჩნდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იმ საღამოზე თბილისიდან 72-კაციან დელეგაციას უმასპინძლეს, რომელთა ერთღამიანი მოსვენება სასტუმროში 12 ათასი ლარი დაჯდა. თეატრს 23 ნოემბრიდან  აქვს მოწვეული გერმანელი მსახიობებისთვის დავალიანება 1000 ევროს ოდენობით და თანხა დღემდე არ გადაურიცხავთ, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება გააფორმეს სილამაზის სალონ „ელიზიუმთან“ და  მომსახურებაში 3000 ლარს იხდიან. ამ მომსახურებას სალონისგან თეატრის თანამშრომლები იღებენ და მასში შედის მაკიაჟი, ეპილაცია და თმის ვარცხნილობა,ეს ის ბრალდებებია, რომელიც მაშინდელი დირექტორის მისამართით ისმოდა.

 

ვედმედევამ არ უარყო, რომ ეპილაციას იკეთებდა, თუმცა როგორც აღნიშნავდა, სალონს მხოლოდ საკუთარ თანხებს უხდიდა.

 

მოგვიანებით ხატია ვედმედევამ მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებების ავტორად „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა და აღნიშნა, რომ მას „ნაციონალებმა“ დაურეკეს და არჩევნების პერიოდში პრაიმერის ჩატარებისათვის თეატრის დათმობა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. რასაც მისი მისამართით აგორებული ანტიპიარი მოჰყვა.

 

ვედმედევას ბრალდებებს  მაშინვე ბრიფინგით გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისში და აღნიშნეს, რომ ვედმედევა აგონიაში იყო.

 

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ხატია ვედმედევა ხუმრობის ობიექტი ქუთაისში გამოჩენისთანავე გახდა, როდესაც მერის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვების შემთხვევაში სამოქმედო გეგმაც წარმოადგინა. არც მეტი, არც ნაკლები, მოსკოვში განათლებამიღებული და საზღვარგარეთ სტაჟირებაგავლილი ხატია ვედმედევა საპარლამეტო ქალაქის სასათბურე მეურნეობად გადაქცევას აპირებდა.

 

ვედმედევა ოპერის თეატრის დირექტორად გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაინიშნა. თუმცა, პოლიტიკური ორიენტაცია არასოდეს დაუმალავს, ის აქტიურად ჩნდებოდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერ აქციებზე და აღნიშნავდა, რომ მარგველაშვილი და მთავრობა მის მიერ წარდგენილი პროექტის რამდენიმე  მილიონი ლარით დაფინანსებას დაჰპირდნენ.

ვედმედევამ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ქუთაისელებს თავის ამბიციურ პროექტზე და სამომავლო (ჩვენი აზრით, საკმაოდ არარეალურ) გეგმებზე ესაუბრა, რომლის მიხედვითაც ქუთაისს ახალი თეატრი ექნებოდა და უცხოეთში მცხოვრები სახელოვანი მომღერლებიც ქუთაისისკენ დაიძვრებოდნენ. თუმცა, ვედმედევას დაპირებები და „ოცნებები“ მალევე საპნის ბუშტივით გასკდა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და ხელფასების გადაუხდელობის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს. ოპერის თეატრს ფინანსური პრობლემები რომ ჰქონდა, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ  საახალწლოდ ხელფასების დასარიგებლად ქუთაისის მერიამ  დამატებით 25 000 ლარი გამოუყო.

 

„ჩვენ გვაქვს როგორც სახელმწიფოს მხარდაჭერა, ასევე კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ინვესტიციის ზუსტ რაოდენობაზე ახლა ვერ ვისაუბრებ, თუმცა, საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდება იმ უზარმაზარ პროექტში, რომელიც გვაქვს. ჩვენ დაგვჭირდება ახალი სასტუმროები, რესტორნები. ბიზნესი უნდა გაიზარდოს. რატომღაც ჰგონიათ, რომ კულტურაში ფულის ჩადება არ ღირს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, რომ დონორებმა თავად გამოთქვან სურვილი ინვესტიციის ჩადების.  ქუთაისს მალე ვაქცევთ კულტურისა და განათლების ცენტრად. მე ვდებ პირობას, რომ იქნება ისეთი სპექტაკლები, სადაც ყოველთვის გვექნება ანშლაგი. მომავალ წელს ჩვენ  შევხვდებით სულ სხვა თეატრში,“ აღნიშნავდა ვედმედევა.  გაზეთ „P.S.“-ისთვის მიცემულ ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში.

 

როგორც იუმორის ქალაქში ხუმრობენ, ქუთაისი ვერ გახადა სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი ქალაქი და არც ახალი თეატრი აქვთ,  მაგრამ ეპილაციით, რესტორნებით, სალონებით და ღრეობებით ოპერის თეატრი კი დაემსგავსა დიდ სოფელს.

 

 ჯერჯერობით, უცნობია, ჩაიცვამს თუ არა ვედმედევა „რკინის ქალამნებს“ სიმართლის დასადგენად,  თუმცა, ის კი ცნობილია, რომ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დირექტორის პოსტზე ღირსეულ და პროფესიონალ კადრს ეძებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2209
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია