დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
FB-სტატუსი
საქართველო კლავს
2014/05/09 03:20:07

საქართველო კლავს,

 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პრემიერის დაცვამ ჩემი ჩანთიდან ჩემი მიკროფონის შნურში გახლართული ჩემი პეპლებიანი ჰიგიენური საფენი ამოაყოლა და ვითომც არაფერი, ისე ჩააბრუნა უკან. გულმა რეჩხი მიყო, ეგრევე მივხვდი, რომ თარსი საღამო მექნებოდა.


წერეთელზე, საგამოფენო ცენტრში, მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთწლიან შედეგს აჯამებდა. ფერადი ჟურალისტები (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) უკანა რიგებში ჩამწკრივებულიყვნენ. წინა რიგებისკენ ფერები მუქდებოდა. უფრო ზუსტად კი კლასიკურ შავ-თეთრში ინაცვლებდა.

 

იჯდა პრემიერი და თავის გამოსვლას ელოდა. მე რომ რეპორტიორი არ ვიყო, აუცილებლად დავწერდი, რას ვფიქრობდი, როცა მის ყელის მოღერებას, ამაყ მზერას, ხელების ფშვნეტას და ცალკეულ სიტყვებზე გაკეთებულ მახვილებს ვადევნებდი თვალ-ყურს. ის ძალიან ძალიან პოზიტიურად აფასებდა ერთიანი ჯანდაცვის პროგრამას და ამბობდა, რომ უსახსრობის გამო ადამიანები აღარ მოკვდებიან. და დარბაზში ხალხი უკრავდა ტაშს.

 

და მე ვიქნები პათეტიკური და ვიტყვი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იხოცებიან მაგალითად ბავშვები, იმიტომ, რომ სახელმწიფო კარგად ვერ ზრუნავს მათი მშობლების ინფორმირებულობაზე, მათი მშობლების დასაქმებაზე და მოკლედ... საქართველოში ჯერ კიდევ კვდებიან ბავშვები...

 

პრემიერისგან წამოსული, ისეთ საცობში აღმოვჩნდი, რომ კინომსახიობთა თეატრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსამდე ფეხით ვიარე. სპორტის სასახლესთან მისულიღა მივხვდი საცობის მიზეზს: ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ის ის იყო დასრულებულიყო. მე და ნაციონალების მხარდამჭერები გვერდიგვერდ მივიკვლევდით გზას სააკაძის მოედნისკენ და ფრიალებდა ჩემს თავზე ხუთჯვრიანი დროშა და ძალიან ვგავდი მეც ყრილობიდან ახალგამოსულ მოწყენილ გოგოს, რომელსაც თეთრ მაისურზე შავთმიანი გოგო მეხატა წარწერით "she is from paris"...


სააკაძის მოედანთან არმისულს წამომეწია ხავილი: "მიშას რა? დედის ტყვ...." "ნაპასი დამირტყით...აი, აქ დამეხიეთ"... და მე სწორედ ისე მივიწევდი სააკაძის მოედნისკენ, როგორც რამდენიმე წუთის წინ, ყრილობიდან გამოსული ადამიანები, რომლებსაც სააკაძის მოედანზე ბევრი, ძალიან ბევრი სამარშრუტო მანქანა და ავტობუსი ელოდათ. და სხდებოდნენ ისინი ავტობუსებში რაღაცნაირად სევდიანი სახეებით. უფრო ახალგაზრდები დროშებს ტარებს აძრობდნენ, საბარგულში ალაგებდნენ და ავტობუსებში დარჩენილ ადგილებს ეძებდნენ...

 

და უცებ გავაცნონიერე, რომ საქართველო კლავს. იმიტომ, რომ საქართველო დგას. და არაფერი შეცვლილა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. ისევ ისე ვეძებთ მესიებს, ისევ ისე ვეძებთ გმირებს, ისევ ისე გვჭირდება მწყემსები, იმიტომ, რომ ჩვენ ისევ ცხვრები ვართ...

 

 

ნინო თარხნიშვილი

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, მწერალი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2662
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია