დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყლის მილიონიანი პროექტი ლანჩხუთში და უკვე დამსკდარი მილები (FOTO)
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/04/23 17:11:23

რა დარღვევები დაფიქსირდა დაახლოებით მილიონიან პროექტში


გასული წლის დეკემბრის ბოლოს ლანჩხუთის ათ სოფელში წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულებულ–ჩაბარებულია, მილები დამსკდარია და წყალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება.


psnews.ge-მ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ოფიციალური განცხადება გამოითხოვა, რის მიხედვითაც გაირკვა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათ სოფელში: მამათში, აცანაში, ნიგოითში, შუხუთში, მაჩხვარეთში, გვიმბალაურში, ლესაში, ჯურუყვეთში, ნინოშვილსა და ჩოჩხათში 2013 წლის 16 აგვისტოს გამოაცხადდა ტენდერი წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის მიზნით. სატენდერო თანხამ შეადგინა 702395 ლარი. 677777 ლარით ელექტრონული ტენდერი მოიგო შპს „არქ დიზაინ მშენმა“. ფირმამ სამუშაოები გასული წლის 26 სექტემბერს დაიწყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებულ მასალებში სამუშაოების დასრულების თარიღად 16 დეკემბერია მითითებული, თუმცა, როგორც სოფელ ჯუნეწრის (გვიმბალაურის) მოსახლეობა ამბობს, რეალურად სამუშაოები 25 დეკემბერს დასრულდა. გზა ამ სოფელში ცალ მხარეს მთლიანად გადაითხარა მილების ჩასაწყობად ისე, რომ მოსახლეობას მოსავლის დაბინავება გაუჭირდა:

 

 მთელი შემოდგომა სიმინდით სავსე ტრაქტორი ეზოში ვერ შემოდიოდა და „კაჭკით“ შემქონდა საკუთარ სახლში. ჩემი მეზობლები კი მათ პირდაპირ მცხოვრებ ახლობლებს აწუხებდნენ და მოსავალს იქ აბინავებდნენ. გაგვიჭირდა შეშის ამოტანაც, – გვითხრა საუბარში ლალი მშვიდობაძემ.         

 მოსავალს ვინ ამბობს, ტანს ვერ ვიბანდი სამი თვე. სახლში ჩვილი ბავშვი გვყავს და წყალს მეზობლის ჭიდან ვეზიდებით ვედროებით,  – იხსენებს საუბარში ინგა გოგოძე.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „არქ დიზაინ მშენს“ შორის ხელშეკრულება აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე 2013 წლის 26 სექტემბერს დაიდო. სწორედ ხელშეკრულებაშია ჩადებული სამუშოების დაწყებისა და დასრულების დრო. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ჩაბარებული სამუშაოს საგარანტიო ვადა ოთხი წელია.

მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე სოფელში უკვე დაფიქსირდა ხარვეზები.

 

ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ სახელშეკრულებო პირობებში ორგანიზაციას არ ჰქონდა მითითებული გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა:

 

– ჩემდა სამწუხაროდ, ხელშეკრულების პირობები გზისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. არადა, სოფლებში გზა ისეთ მდგომარეობაშია, მოსახლეობას გავლა უჭირს და მათი პრეტენზიებიც ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, – ამბობს ურუშაძე, რომლის თქმით, მილების დახეთქვა მოსახლეობის მიზეზითაა:

 – წყლის მილები მოსახლეობამ არ გადაიყვანა. უნდა ამოეთხარათ ორმო და მილი დაემარხათ, მაგრამ ბევრმა ეს ვერ მოახერხა, რის გამოც ტრასპორტმა მილი დააზიანა და გასკდა.


 ჩვენს კითხვაზე, რომ მილები არა ეზოებში, არამედ ქუჩაშია დაზიანებული და გზაზე წყალი გადმოდის, ურუშაძემ გვიპასუხა:

 თუ ცენტრალურ მაგისტრალზე არის დაზიანება, ფირმა ვალდებულია, თავად, თავისი ხარჯებით გამოასწოროს ეს პრობლემა. თუმცა სოფლის რწმუნებულმა უნდა მოგვმართოს, რომ დაზიანებაა.


 –  ბატონო ზაზა, გვიმბალაურის რწმუნებულს არ მოუმართავს თქვენთვის? აქ გავლა მზიან ამინდშიც კი ჭირს, არათუ წვიმაში...

 

  არა, გვიმბალაურის რწმუნებულს არ მოუმართავს, თუმცა მე ისედაც ვიცი რა მდგომარეობაა მაგ სოფელში. ორგანიზაციის წარმომადგენელი დღესაც ლანჩხუთშია და ხარვეზების დადასტურების შემთხვევაში ვალდებულია აღმოფხვრას ის. რამდენიმე სოფელში ასეც მოიქცა. კარგი იყო გვცოდნოდა გვიმბალაურის შესახებაც...

 

 ჩვენ კითხვაზე, ექსპლუატაციიდან ძალიან მცირე დროის შემდეგ რატომ დაფიქსირდა პრობლემები, ურუშაძემ გვიპასუხა:

 – წყლის სისტემა ისეთია, რომ ხანდახან ჩნდება ეს ხარვეზები. მართალია, არ უნდა გაჩენილიყო, მაგრამ...

 – თუ არ უნდა გაჩენილიყო, მიღება–ჩაბარების აქტი რატომ გააფორმეთ?

 – ჩვენ გვყავდა ინსპექტირების კომისია შექმნილი, რომლის დასკვნის შემდეგ ჩავიბარეთ სამუშაოები, ექსპერტიზაც გვყავდა მოწვეული, მაგრამ წყალი ისეთი რამაა, მილსადენში გაშვების შემდეგ ფიქსირდება პრობლემები.

 

ჩვენ შეკითხვაზე: ხელშეკრულებაში ნახსენები ფრაზა: „შემსრულებელმა სამუშაოების დასრულების შემდეგ, თავისი ძალებითა და სახსრებით უნდა გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა–დანადგარებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, ასევე სამშენებლო ნარჩენებისაგან“, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ორგანიზაცია ვალდებული იყო გაეტანა ორმოების ამოთხრის შედეგად დარჩენილი მიწა, ურუშაძემ გვიპასუხა, რომ სამწუხაროდ, ეს ხელშეკრულებაში აღნიშნული არ იყო, თუმცა:

 – წყლის სარეაბილიტაციო სამუშოების დროს გაჩენილ გზების პრობლემას სოფლებში ადგილობრივი ხელისუფლება მოაგვარებს, – დასძინა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

მიუხედავად ურუშაძის ამ განცხადებისა, ჩვენ დავუკავშირდით მშენებლობის მენეჯერს, სოსო ბოლქვაძეს და ვთხოვეთ, აეხსნა, უნდა ჩაწერილიყო თუ არა ხელშეკრულებაში გზისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება:

 წესითა და კანონით უნდა ჩაწერილიყო. ასე ხდება, როდესაც რაღაც სამუშაოების დროს ზიანდება ასფალტი. ფირმა ვალდებულია დაზიანებული მონაკვეთი აღადგინოს, – გვითხრა ბოლქვაძემ.

 

მისივე თქმით, ხელშეკრულებაში აღნიშნული „სამშენებლო ნარჩენები“ ერთგვარად ნიშნავს კიდეც სამუშაოების დროს მორჩენილ მიწას. ამავე დროს, როგორც სოსო ბოლქვაძემ გვითხრა, რომ „შემსრულებელმა წინასწარ უნდა იცოდეს, სად და რა ტერიტორიაზე უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, ამ შემთხვევაში, მიწა“:

 ესეც წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული შესაბამის სამსახურთან და უნდა იდოს საკონკურსო ან სატენდერო დოკუმენტაციაში, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

 

მშენებლობის საკითხებში დაინტერესებული ერთ–ერთი პირი, რომელმაც ჩვენთან ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ასევე ამბობს, რომ მიწა ორგანიზაციას უნდა გაეტანა და გზისთვის პირვანდელი მდგომარეობა დაებრუნებინა:

 

 კომპანია ვალდებული იყ, მაქსიმალურად მოწესრიგებული დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. შებენისა და სხვა მასალის შემოტანის ვალდებულება არ ქონდა აღებული, მაგრამ იმ მდგომარეობაში, როგორც დატოვაგორებად აჩჩქნლი მიწა ითვლება ნარჩენად და ადგილის მოწესრიგება კომპანიის ვალდებულებაა. ასეთი ჩანაწერიც რომ არ ყოფილიყო, მაშინაც და მით უმეტეს, როცა ხელშეკრულებით აქვს ორგანიზაცია ეს ვალდებულება, – გვითხრა წყარომ.

 

გამგეობის ინსპექტირების კომისიის თავმჯდომარე, რომან ბიწაძე ამბობს, რომ სამუშოები დამაკმაყოფილებლად შესრულდა:

 მუნიციპალიტეტის ათ სოფელში შესრულდა წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამდენიმე სოფლის პროექტი გასწორდა მშენებლობის პროცესში და შეიძლება ითქვას, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა დამაკმაყოფილებლად. ინსპექტირების კომისიის მოქმედების პერიოდში ჩვენ მიერ მომზადებული იყო როგორც მოხსენებითი ბარათები, ისე დასკვნები, – ამბობს ბიწაძე, რომლის თქმით, დასკვნები ძირითადად, ტრაფარეტულია და ეხება ეტაპობრივად შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა ანაზღაურების საკითხებს:

 – რაც შეეხება მოხსენებით ბარათებს, ისინი სხვადასხვაა, გამომდინარე იქდან პრობლემები დაკავშირებული იყო პროექტის ტექნიკურ ხარვეზებთან, თუ მოსახლეობის მიერ წამოჭრილ პრობლემებთან, რომლებიც თავის მხრივ მრავალფეროვანი იყო, – გვითხრა ბიწაძემ.

 

რაც შეეხება ხელშეკრულებაში ჩვენ მიერ აღნიშნულ ციტატას ნარჩენების შესახებ, ინსპექტირების კომისიის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ ეს მუხლი სტანდარტულია და ხარჯთაღრიცხვაში ზედმეტი მიწის გატანა გათვალისწინებული არ იყო:

 

ხელშეკრულების პუნქტი, რომელსაც მიუთითებთ, სტანდარტულია, რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ანუ წყალსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული ზედმეტი მიწის გატანა, უფრო მეტიც, არ იყო გათვალისწინებული მიწის მოშანდაკებაც. მილების დასაწყობება გათვალისწინებული იყო 1 კმ.რადიუსში, რაც შესრულებულია და არ გულისხმობს მათ შეტანას სპეციალურ სათავსებში, – ამბობს ბიწაძე.

 

 განსხვავებით სხვა სამშენებლო ობიექტებისაგან,ზოგადად, წყალსადენზე ხარვეზები შეიძლება გამოჩნდეს მას შემდეგ, როცა სისტემა დაიტვირთება . ბუნებრივია, ჯამში სხვადასხვა დიამეტრის 60 კმ მილი ჩაიდო და სადღაც დეფექტი იჩენს თავს, შემსრულებელი ორგანიზაცია ვალდებულია ასეთი დეფექტები საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას. მაქვს უტყუარი ინფორმაცია,რომ ასეთი დეფექტები გასწორდა მამათში და ნიგოითში, დასძინა ბიწაძემ. 

 ბიწაძის თქმით, სამუშოების დასრულების შემდეგ ხარვეზები ცუდად შესრულებული პროექტის ბრალია:

 – სამუშაოების დამკვეთი გამგეობა იყო. ჩვენ ვყიდულობდით შესრულებულ სამუშაოს, როგორც ჩანს, პროექტში ხარვეზების აღმოჩენა–შემჩნევისთვის გამგეობის სამსახურებს ცოდნა არ ეყოთ, – ამბობს ბიწაძე, რომლის თქმით, ბაზარში წასული ადამიანი ცუდ ყველს რომ იყიდის, გამყიდველი კი არაა დამნაშავე, არამედ მყიდველი, რადგან ვერ მიხვდა, რომ უხარისხო პროდუქტი შემოასაღეს:

 ჩვენ ვყიდულობდით პროექტს. უხარისხო პროექტიდან კი ხარისხიან მშენებლობას ვერ მივიღებდით.

 – ბატონო რომან, პროექტი მიღებული და ჩაბარებულია, ანუ დამკვეთმა მოიწონა...

 

 იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ვერ მიაგნო ხარვეზებს,რომლებიც პროექტს ჰქონდა.

 

  -ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს...

 

  სამხარეულის ექსპერტიზის ბიურომ მხოლოდ ციფრები შეამოწმა, ადგილზე არაფერი შეუსწავლია და ამდენად, იქიდანაც დადებითი დასკვნა მივიღეთ.


–  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სოფელ გვიმბალაურში მილები სკდება, წყლის შემკრები ავზიდან კი წყალი პირდაპირ ქუჩაში იღვრება, ესეც პროექტის ბრალია?


  კი, პროექტში ეწერა, შეცვლა არსებული მილების. შეცვალა ორგანიზაციამ,  მაგრამ წყლის წნევას ვერ გაუძლო ახალმა მილებმა და დასკდა.

 

საპროექტო დოკუმენტაციის მიღება–ჩაბარების აქტი დამკვეთსა, ანუ მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საპროექტო სამუშაოების შემსრულებელ ფირმა „აგრორეალს“ შორის 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა. აქტში აღნიშნულია, რომ „გაწეულ იქნა 16500 ლარის ღირებულების მომსახურება“.

 

გამგეობის შესყიდვების სამსახურში გვაცნობეს, რომ აღნიშნული სამუშაოს პროექტისთვის ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. თავდაპირველად მონაწილეობა არავინ მიიღო, მეორედ კი მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ, „აგრორეალმა“, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. საპროექტო სამუშაოების ღირებულება თავიდან 37 ათასი იყო, გამარჯვებულმა ფირმამ კი გამგეობას 16500 ლარად შესთავაზა საპროექტო სამუშაოების შესრულება. ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი რომან ბიწაძე სწორედ ამ მცირე ფასს აბრალებს პროექტის უხარისხობას:

 

  ცხადია, ამ ფასად ხარისხიანი პროექტი ვერ გაკეთდებოდა, – აღნიშნავს ბიწაძე ჩვენთან საუბარში.

 თუმცა, გამგეობის მოთხოვნით, წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზა ჩატარდა 2013 წლის 2 აგვისტოს. ექსპერტიზა ჩაატარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა პაატა გერაძემ (დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების უფორსი).

 

ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ექსპერტი კვლევას აწარმოებდა თითოეულ სოფელში ჩასატარებელი სამუშოების სახარჯთაღრიცხვო–საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. დასკვნაში ვკითხულობთ: „ხარჯთაღრიცხვებში მასალებისა და შრომითი დანახარჯები გაანგარიშებულია გამსხვილებული ფორმით. რიგი პუნქტები კორექტირებული იქნა მოქმედი ნორმების გათვალისწინებით. სამშენებლო რესურსების შრომითი დანახარჯების ერთეულის ფასები აღებული იქნა სამშენებლო რესურსების ფასთა კრებულიდან 2013 წლის მეორე კვარტლის დონეზე. სამუშაოთა მოცულობებისა და შემადგენლობის ცვლილება არ მომხდარა.“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო და ამის შემდეგ ჩაიბარა პროექტი:

 

 ჩვენ სპეციალურად მოვიწვიეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტები, გადავუგზავნეთ მას დოკუმენტაცია და იქიდან დადებით დასკვნის შემდეგ ჩავიბარეთ პროექტი, – ამბობს ურუშაძე.

 

PSNEWS-ი შეეცადა დაკავშირებოდა საპროექტო ბიუროს „აგრორეალის“ ხელმძღვანელს, ბიძინა ჯიბლაძეს, მაგრამ მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა, თუმცა, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, პროექტი ზუსტად იმ მოთხოვნებით იყო შესრულებული, რა მოთხოვნებიც ტენდერის გამოცხადების პერიოდისთვის ჰქონდა გამგეობას.

 

შეგახსენებთ, რომ წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდად დაფინანსდა, რისთვისაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 702395 ლარი გამოიყო. ჩვენ დავინტერესდით და გავარკვიეთ, რომ აღნიშნულმა ფონდმა გასულ წელს მთლიანად გურიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის 16 994 000 ლარი გამოყო.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით საია–ს ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს თამაზ ტრაპაიძეს:

უნდა იყოს თუ არა ხელშეკრულებაში ჩაწერილი ის, რომ შემსრულებელი ვალდებულია თავდაპირველი სახე მისცეს გზას (გზა გადათხრების შემდეგ ავარიულია)?

 

– სარეაბულიტაცო სამუშაოების შემდეგ უნდა იყოს თუ არა აღდგენილი სავალი გზის საფარის პიურვანდელი მდგომარეობა დამოკიდებულია შემკვეთზე. ამ შემთხვევაში გამგეობას თავიდანვეუნდაგანესაზღვრა,  როცა ტენდერს აცხადებდა.

 

მიღებაჩაბარების აქტს ხელს მხოლოდ გამგებელი უნდა აწერდეს თუ ინსპექტირების კომისიის წევრებიც?

 

– როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, ხელშკრულების შესრულების კონტროლი, ტექნიკური ზედამხედველობა და მიღება–ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელობა ეკისრება ინსპექტირების ჯგუფს. ამდენად, შესაძლებელია, რომ მიღება-ჩაბარების აქტს მხოლოდ გამგებელი აწერდეს ხელს, მაგრამ ამისთან დაკავშირებით ადმინისტრაციული აქტი უნდა არსებობდეს, ანუ შესაბამისი ნორმის საფუძველზე  გამგებელი ინსპექტირების ჯგუფს აძლევს უფლებას,ხელი მოაწეროს მიღება–ჩაბარების აქტს, – დასძინა ტრაპაიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია