დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცირა ყურაშვილის პოეტური მოგონება "ასფალტის ყვავილებიდან" – "სამოთხის სარკმლამდე""
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/09 21:47:52

 

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" შეუერთდა "მოხეტიალე წიგნების" ეპიდემიის გამავრცელებლებს და ქუთაისის ქუჩებში სამოგზაუროდ გაუშვა ჩვენივე თანაქალაქელის, ნიჭიერი და ულამაზესი სულის მქონე  პოეტის, ცირა ყურაშვილის ახალი კრებული "სამოთხის სარკმელი".

www.psnews.ge/index.php?m=149&jur_id=384

 

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში, "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა თავად ავტორი და თავისი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა,  წლების წინ თუ როგორ მიმოაბნია ქუთაისის ქუჩებში, ახალდაქორწინებულ მეუღლესთან, პოეტ გივი ადრეულთან ერთად, თავისი ლექსების კრებული "ასფალტის ყვავილები"... 

გთავაზობთ ცირა ყურაშვილის გამოხმაურებას გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" სტატიასთან დაკავშირებით:


"P.S. -ის რედაქციას ჩემი ლექსების კრებული ,,სამოთხის სარკმელისახეტიალოდ გაუშვია. რომელი ავტორი იტყვის, რომ ყურადღება არ სიამოვნებს? მეც ვერ ვიტყვი. ამ ამბავმა მიბიძგა, ერთი პატარა მოგონება გამეცოცხლებინა, რომელიც ამ დღეებში გამახსენდა, მაგრამ ჩაწერა, როგორც მჩვევია, დამეზარა.


ძველი ამბავია, 80-იანი წლების ბოლო, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მოვდივართ მე და გივი ადრეული, ქალაქის ცენტრიდან შინ ვბრუნდებით. გივი ნასვამია, რომ იტყვიან, ძლივს გამოვწიწიკნე ხელიდან პოეტებს სამეგობრო სუფრაზე, ფეხი ეშლება მხოლოდ, მეტი არაფერი. ხელით მოგვაქვს ჩემი ლექსების კრებულის ,,ასფალტის ყვავილებისმძიმე შეკვრა, რომელიც ჟურნალ ,,განთიადშიგვქონდა დატოვებული, თანამშრომელს მოსწყინდა ეს ზედმეტი ბარგი და გადავწყვიტეთ თავიდან მოგვეშორებინა მისთვის.

 

ვისაც ახსოვს ეს პატარა, რვეულივით თხელი და უხარისხო გამოცემა, დამეთანხმება, რომ მსგავსი პოლიგრაფიული კოშმარი დღეს წარმოუდგენელია. არადა, უზღვავი ტირაჟია-   5 ათასი ცალი, ჩემი დედამთილის ნაშრომ-ნასიმწარები ფულით გამოცემული და რა სათავსო აუვა, სად უნდა წაიღო, სად უნდა დაატიო.

 

რა არის ახალგაზრდობა, სად გვქონდა ტვინი, ამ წიგნს რომ ვცემდით, ბინის ფულს დავუმატებდით, ბინას ვიყიდდით ოპერასთან, რასაც მაშინ მიჩუმათებით და რეალურად, სიმბოლურ ფასად გვთავაზობდნენ, როგორც ახლადდაქორწინებულ პოეტებს. თავს იმით ვიმშვიდებ, კიდევ კარგი მე არ მომინდომებია, მახსოვს, გივის სურვილი იყო, ეს წიგნი გამოსულიყო, არ კი გვიფიქრია, რად გვინდოდა, სად უნდა წაგვეღო ამდენი მაკულატურა?

 


და მოვდივართ ავტომშენებლის ქუჩაზე, ღამეა, მოახია გივიმ შეკვრას პირი და დაიწყო წიგნების ბნევა ქუჩაში, თან მეუბნება- გათენდება და შენი მკითხველიც სტარტზე დადგება.  აბნია და აბნია გზაში, შინ მსუბუქად მივედით.

 
მერე რამდენიმე ადამიანმა მითხრა, შენი ლექსების კრებული ,,ასფალტის ყვავილებიმაქვსო. მე არ მიჩუქნია, ალბათ იმ დილის სიურპრიზი იყო, ჩვენი ხეტიალის ნაყოფი."

 


ცირა ყურაშვილი 


P.S. ჩვენ კი კვლავ შეგახსენებთ, რომ:

ქუთაისის ქუჩებში ხეტიალი, სხვა წიგნებთან   ერთად,    უკვე    დაიწყო  ცირა  ყურაშვილის   „სამოთხის სარკმელმა“.

 წიგნს უკვე გამოუჩნდა პირველი მპოვნელი, შინისკენ მიმავალი ლილე ფხაკაძის სახით, რომელმაც  დიდი სიამოვნებით დაიმგზავრა მოხეტიალე წიგნი.

 ბედნიერ მოგზაურობას ვუსურვებთ „სამოთხის სარკმელს“ იმ იმედით, რომ იქნებ, როცა მოგზაურობით დაიღლება, ისევ რედაქციაში დაგვიბრუნდება...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია