დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/04/08 11:47:09

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. მისი მიზანია საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

 

ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.  


საქართველოში ბოლო აღწერა 2002 წელს ჩატარდა (ამ წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 4 355 673 ადამიანს შეადგენდა. აქედან ქალი – 2 305 887, ხოლო მამაკაცი – 2 049 786.). იგეგმებოდა, რომ მორიგი აღწერა 2010 წელს ჩატარებულიყო, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელმაც გავლენა საქართველოზეც იქონია, ეს ვერ მოხერხდა.


2013 წლის 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ პირველ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის მომდევნო საყოველთაო აღწერის 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარების შესახებ. აღწერის ჩატარებას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისადმი - ჩაატარონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 2005-2014 წლების პერიოდში.

 

2014 წლის 4 აპრილიდან . ქუთაისში და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რომელიც თითოეული დასახლების მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების სიების შედგენას თვალისწინებს. ამისთვის საქსტატმა მოამზადა 605 რეგისტრატორი, რომელიც ზემო აღნიშნულ სამუშაოებს ორი კვირის განმავლობაში ჩაატარებს. 

 


მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა დედაქალაქში, ასევე აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

 

საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე, დაახლოებით, 4 ათასი ადამიანი დასაქმდა.

 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი, რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად გამოკითხავს. 

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, არამედ მოსამზადებელი ეტაპი, წინამდებარე აღწერა. სრული საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით მოხდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6153
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია