დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო სიების დიდი „აბრაკადაბრა“ ლანჩხუთში
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/04/02 16:18:46

„არჩევნებში ვერევი მხოლოდ და მხოლოდ ინტერესიდონეზე“ – ამბობს გურიის გუბერნატორი

 

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე მზად აქვს მაჟორიტარებისა და პარტიული სიის ხუთეულის მონახაზი.

 

ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ხსენებული სიების სამი სავარაუდო ვარიანტი.

 

მაჟორიტარობის კანდიდატები (ვარიანტი პირველი):

1.                  ქალაქის მაჟორიტარი: გია თვალავაძე

2.                  შუხუთი – კაკო იმნაიშვილი

3.                  აცანა – ემზარ თედორაძე

4.                  ნიგოითი – ელგუჯა კალანდარიშვილი

5.                  სუფსა – ზვიად ლომაძე

6.                  ღრმაღელე – ბიძინა ჩუბინიძე

7.                  ჩოჩხათი – ალიკო სარიშვილი

8.                  მამათი – კახა ურუშაძე

9.                  აკეთი – ამირან ღლონტი

10.              გვიმბალაური – სერგო ჩხაიძე

11.              ჩიბათი – ელგუჯა ჩხაიძე

12.              ლესა – ელისო ჭიჭინაძე

13.              ჯურუყვეთი – ალექსანდრე მახათაძე

14.              ნიგვზიანი – ალიკო ჩხარტიშვილი

15.              მაჩხვარეთი – კახა ქურიძე

16.              ნინოშვილი – მერაბ ღლონტი

 

მაჟორიტარების სიის მეორე ვარიანტში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა:

ქალაქი – სოსო ბოლქვაძე;

აცანა – ანდრო ქინქლაძე;

მამათი – დათო ქურიძე;

ნიგვზიანი – ბესო ტაბიძე.

 

   

გიორგი ჩხაიძე

 

როგორც ამბობენ, მეორე ვარიანტი გურიის გუბერნატორის, გიორგი ჩხაიძის შედგენილია.

 

ამ საკითხზე კომენტარისთვის უშუალოდ გუბერნატორს დავუკავშირდით:

 

 

– უკვე კარგა ხანია, ამაზე მიდის საუბარი. მინდა გითხრათ, რომ როგორც გუბერნატორი, ინტერესის დონეზე ვერთვები წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ მაინტერესებს, ვინ იქნება ხალხის რჩეული საკრებულოს წევრები და ასევე – ვის აირჩევენ გამგებლად. რაც შეეხება სიების შედგენას, ეს ჩემი პრეროგატივა ნამდვილად არაა და არც მიმიღია მონაწილეობა. ვიმეორებ, ვერთვები ინტერესის დონეზე, – გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.

 

ჩვენ ასევე გადავამოწმეთ, რამდენად რეალურია ჩვენ ხელთ არსებული სიები და ნამდვილად მოიაზრებიან თუ არა ეს ადამიანები მაჟორიტარებად?

 

გია თვალავაძე, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი:

 

„არასწორი ინფორმაციაა. პირველად მესმის. არავის არაფერი შემოუთავაზებია და რომც ჰქონოდა შემოთავაზებას ადგილი, არ დავთანხმდებოდი, რადგან ჩემ საქმეს ვაკეთებ და მგონი, აქედან უფრო ვეხმარები ლანჩხუთსა და ლანჩხუთელებს. არარეალურია ის, რასაც მეკითხებით.“

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჟორიტარად მოიაზრებენ, გაზეთიდან შეიტყო კიდევ ერთმა ადამიანმა, ელგუჯა კალანდარიშვილმა, რომელიც დღეს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა:

 

„მეც მხოლოდ გაზეთიდან შევიტყვე ამის შესახებ. გუშინ კი დამირეკა „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი ხელაძემ და მკითხა, დავთანმხდებოდი თუ არა. გუშინდლამდე, ანუ მანამდე, სანამ არ გავრცელდა გაზეთით, შემოთავაზებას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. ხელაძეს უარი ვუთხარი, რადგან პოლიტიკაში დიდი ხანია, არ ვერევი, ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს.“– ამბობს ელგუჯა კალანდარიშვილი.

 

სიაში ნახსენები კახა ურუშაძე (მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატი მამათში) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ურუშაძის ძმაა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, ეს გამგებელთან გადავამოწმეთ:

 

 დიახ, კახა ჩემი ძმაა და ის ნამდვილად მოიაზრება მამათის მაჟორიტარად მმართველი პარტიიდან, – გვითხრა ზაზა ურუშაძემ.

 

ასევე დაგვიდასტურა ინფორმაცია მაჩხვარეთში მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატმა კახა ქურიძემ და დაგვიზუსტა კიდეც, რომ ის ფორუმიდან იქნებოდა წარდგენილი.

 

რაც შეეხება მეორე ვარიანტს, სოსო ბოლქვაძე, „ქართული ოცნების“ წევრი, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში გია თვალავაძის კანდიდატურას წამოაყენებენ, ის უარს იტყვის.

 

 ცხადია, გიას არ დავუპირისპირდები, რადგან მართლაც ღირსეული კანდიდატია. თუკი მას დაასახელებენ ქალაქში, ალბათ, მე პარტიულ სიაში ჩამსვამენ. არ ვიცი. საიდან გაქვთ თქვენ ეს სიები?

 

 წყარომ მოგვაწოდა, ბატონო სოსო.

 

 მე არაფერი ვიცი ამის შესახებ, არც ერთი ვარიანტი არაა ჩემთვის ცნობილი, მაგრამ ვიმეორებ, თუკი გია თვალავაძე იქნება ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მაშინ მე პარტიულ სიაში ვიქნები, ალბათ.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, აცანაში ემზარ თედორაძეს შესაძლოა, დავით ჩხაიძე დაუპირისპირდეს (ცნობისათვის, დავით ჩხაიძე ზვიად გამსახურდიას დროს ეროვნული გვარდიის მეთაური გახლდათ და ლანჩხუთის გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატიც, გასული წლის იანვარში).

 

ჩვენთან საუბარში გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო თავად დავით ჩხაიძემ:

 

– აბსურდია, თითქოს მაჟორიტარობა მინდოდეს კოალიციის სახელით. ეს ერთ–ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა გაავრცელა. ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ გამოიყენებენ ჩემ სახელს ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის და ნუ სპეკულირებენ ჩემით, – გვითხრა დავით ჩხაიძემ.

 

ჩვენ ხელთ პარტიული სიის ხუთეულის მესამე ვარიანტიც ჩაგვივარდა. პირველი ვარიანტი, რომელიც, სავარაუდოდ, გურიის გუბერნატორის შედგენილია, ასე გამოიყურება:

1.                  გია მაჭარაშვილი

2.                  გოგი ხელაძე

3.                  სოსო შეიზაშვილი

4.                  მაკა კვირკველია

5.                  შოთა ფირცხალაიშვილი.

 

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გურიის გუბერნატორი კატეგორიულად უარყოფს სიებთან რაიმენაირ კავშირს.

 

მეორე ვარიანტი, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ჩხაიძის შედგენილია, ასეთია:

 

1.                  ნიკა ვადაჭკორია

2.                  ვახტანგ წილოსანი

3.                  ია ჩხაიძე

4.                  სოსო ბოლქვაძე

5.                  ლევან ჩხაიძე.

 

ჩვენ ინფორმაცია თემურ ჩხაიძესთან გადავამოწმეთ:

                    არასწორი ინფორმაციაა. მე ისიც არ ვიცი, რეალურად არსებობს თუ არა ეს სიები, რომელზეც ამდენს საუბრობენ. თავი დამანებოს ყველამ. მე არაფერში ვიღებ მონაწილეობას. მხოლოდ ის მინდა, რომ ღირსეული ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული ლანჩხუთის მომავალი საკრებულო, მეტი არაფერი, – ამბობს პარლამენტარი.

 

რაც შეეხება პარტიული სიის ხუთეულის მესამე ვარიანტს, რომლის შემდგენელად „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს, გოგი ხელაძეს ასახელებენ, ის ასეთია:

 

1.                  ლოლიტა ურუშაძე

2.                  ია ჩხაიძე

3.                  ქეთი ებრალიძე

4.                  გოგი ხელაძე

5.                  სოსო ბოლქვაძე.

 

თავად გოგი ხელაძე ყოველივეს უარყოფს და ამბობს, რომ ჯერჯერობით, არავითარ სიაზე არაა საუბარი. თუმცა ხელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „გუბერნატორი პირველ ეტაპზე ერეოდა სიების შედგენაში, მაგრამ ახლა უკვე არა“, რითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ გიორგი ჩხაიძე სიების დაკომპლექტებაში ერთგვარ მონაწილეობას იღებდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი, ელგუჯა ჩხაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ასეთ განცხადებას ავრცელებს:

 

 

„ჩემს თავში ეჭვი მეპარება: ვცხოვრობდი კი ბოლო ათი წელი ლანჩხუთში? დღეს ისეთი ხალხი წყვეტს ჩვენ ბედს, რომლებიც ბუჩქებიდან იყურებოდნენ და ეხლა მადა მოუვიდათ, დაუმსახურებლად უნდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიციაში დამკვიდრება, რადგან იოლად გაძვრნენ საკრებულოში, შემდეგ სად გადაბაგრდებიან, ღმერთმა უწყის. მახსენდება კინოფილმიდან მოხუცი მახარაშვილის სიტყვები:ты его не сажал, ты его не пахал, виноград толъко кушатъ любишъ. ნათქვამია, სინდისიც კაი საქონელიაო. შემოგრჩათ კი?!“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია