დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი პირველ "მოქალაქე"–ს
ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს მოკავშირეობას სთხოვს, გელა ხვედელიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 01:37:59

 

გაზეთ "ქრონიკა+"–ის რედაქტორი ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს წერს და მოკავშირეობას სთხოვს, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

გთავაზობთ ამ წერილს სრულად:

 


"მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, და იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ეს გზავნილი ადრესატამდე მიაღწევს.

შარშან, ამ დროს, ქვეყანაში ახალი ხელისუფლების პირველი და გახმაურებული სკანდალი – ე. წ. „გელა ხვედელიძის საქმე“ დაიწყო.

თქვენ გაბრაზდით იმდენად, რომ ვალში არ დამრჩით და ყველა შეხვედრაზე, ყველა ბრუნვაში ატრიალეთ ჩემი სახელი და გვარი, იქამდე, ბოლოს განაცხადეთ, რომ ჟურნალისტად საერთოდ არ მთვლიდით.

მეც ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ადამიანურად მაინც მესმოდა თქვენი. არ გინდოდათ, დაგეჯერებინათ თქვენი თანამებრძოლების მხრიდან უღირსი საქციელი, მაგრამ გავიდა ზუსტად ერთი წელი და მედიის მიერ დადანაშაულებული სამი ჩინოვნიკიდან ორი პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრეთ: ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოდან წავიდა, გია ხუხაშვილი – კანცელარიიდან, გელა ხვედელიძის საქმე სასამართლოშია. მგონი, ბუნებრივი იყო ჩემი მხრიდან ინტერესი, რა ინტერესითაც ველოდებოდი ხვედელიძის სასამართლო პროცესს.

 

 

საქმის განხილვა დაიწყო და დეტალებში უკეთ ჩახედვის საშუალება მომეცა. სამწუხაროდ, პროკურატურის გადაწყვეტილებით, ხვედელიძის საქმე სრულად დაიხურა. მიუხედავად ამისა,  ბოლო პროცესზე, რომელსაც ვესწრებოდი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს. ამ განცხადების შემდეგ „ქრონიკა+“ – მა ძნელი და მძიმე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო.

 

 

ბატონო ბიძინა!

დღეს, როცა ხვედელიძის საქმის „მოწმის“ ჩვენება და მასთან ჩემი ინტერვიუ ქვეყნდება, სურვილი გამიჩნდა, სწორედ თქვენ მოგმართოთ და გითხრათ, რომ მეც და თქვენც მწარედ მოგვატყუეს, როცა დაგვარწმუნეს, რომ მინისტრის მოადგილემ ვერ გაუძლო მედიის შანტაჟს და პირადად განათავსა ინტერნეტსივრცეში მისი ოპონენტის, გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი. თქვენ თქვენმა თანაგუნდელებმა შეგნებულად შეგიყვანეს შეცდომაში, რადგან დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ გელა ხვედელიძე მათ ხელს უშლიდა. უშლიდა იმ ბიზნესწილებისა და ფინანსური სქემების დალაგების საქმეში, რომელიც ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „გააიასნეს;“ ხელს უშლიდა არასწორი საკადრო პოლიტიკისა და ანტისახელმწიფოებრივი საქმის კეთებაში.

 

 

მე ვენდე სამართალდამცველ ორგანოებს და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ხვედელიძის საქმეში ბრალდება ასეთი თეთრი ძაფით იქნებოდა ნაკერი. ფაქტია, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურა სასამართლო პროცესს ვეღარ ატარებს, ხან პროკურორი უჩივის ჯანმრთელობას, ხანაც – მისი ოჯახის წევრები.

 

 

მეოთხე კვირაა, „ქრონიკა+“-ის ოფიციალური წერილი, ჟურნალისტური გამოძიების მასალები, აუდიო და ვიდეომტკიცებულებებთან ერთად,  მთავარ პროკურატურაში ძევს. მეოთხე კვირაა, გიორგი ბადაშვილი „არ იმჩნევს“ ჩვენი მიმართვის არსებობას და ამ დრომდე წერილზე პასუხიც კი არ მიგვიღია, მით უფრო, არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე. რადგან ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების მასალებში დასახელებულია გიორგი ფარესიშვილის სკანდალური მასალების ატვირთვის ადგილიც და მონაწილე პირიც, არსებობენ მოწმეები, რომლებიც მზად არიან, აღნიშნულ საკითხზე ჩვენებები მისცენ. როცა მთავარი პროკურატურა ასე ექცევა გაზეთის მთავარი რედაქტორის ოფიციალურ წერილს, იმედია, დაახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, რა სიძნელეები აქვთ რიგით ადამიანებს და რა ტყუილად ელიან სამართლიანობის აღდგენას.

 

 

ბატონო ბიძინა, გელა ხვედელიძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა. ამას გეუბნებით მე, ელისო კილაძე, ჟურნალისტი, რომელიც ერთი წლის წინათ გელა ხვედელიძის მთავარი ოპონენტი ვიყავი.

 

 

ბატონო ბიძინა, გახდით ამ საქმეში ჩემი მოკავშირე!!!

 

 

მოდით, თქვენ – სამოქალაქო სექტორიდან, მე – გაზეთიდან,  ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღსადგენად!!!"

 

 

პატივისცემით: ელისო კილაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4186
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია