დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გუბაზ სანიკიძე: "ბევრი გვეუბნება, კოალიციიდან გამოვიდეთ, რადგან არ გაგვიყვეს ლუკმა, არ მოგვცეს თანამდებობები, არ დაასაქმეს ჩვენი ხალხი"...
2014/03/17 16:58:29

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ბოლო დროს მედიას იშვიათად ეკონტაქტება. Versia.ge კორესპონდენტმა მისი გამოსვლის სრული ტექსტი „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის რაიონის პარტიულ კონფერენციაზე ჩაიწერა. 

 

სანიკიძის მოსაზრებების ზოგადი ფორმულირება შემდეგი ციტატებით შეიძლება:

 

„პარტია „ოცნება“ ყოფილი „ნაციონალებით“ გაივსო... ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ!“

 

„მინისტრთა კაბინეტში რეალურად ორი ეფექტური მინისტრია – ნარმანია და სერგეენკო... ზოგი კი, საერთოდ, დედამიწას არ ატყვია!“ 

 

„მთავრობას კარგი საკადრო პოლიტიკა არ აქვს, შეცდომებს ვუშვებთ, რაღაცეები იგვიანებს...“

 

“რამდენად სამართლიანია კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია ფორუმის“ მიმართო. გეტყვით, რომ სამართლიანად არ გვექცევიან.“

 

„კი ბატონო, გადავიდეთ ოპოზიციაში, მაგრამ ეს ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას“ გაახარებს. გამოვა, რომ ვითარების ამჭრელები გამოვალთ, თუმცა არც ამის უსაშველობა არსებობს.“ 


 

 

პარტიულ კონფერენციაზე გუბაზ სანიკიძის წარმოთქმული სიტყვის სტენოგრაფიულ ჩანაწერს გთავაზობთ:


– საქართველოში გაჩნდა ადამიანების ჯგუფი, საკმაოდ მრავალრიცხოვანი, რომელიც ბოლო 22 წლის განმავლობაში სხვადასხვა პარტიიდან პარტიაში მომთაბარეობს. ჯერ იყვნენ „მოქალაქეთა კავშირში“, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“, ახლა კი – „ქართულ ოცნებაში’‘... ასეთი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, უნამუსო ხალხია. საქართველო ისეთ უკუღმართ ქვეყნად ჩამოვაყალიბეთ... ნურავის დავაბრალებთ ამას... ქართული საზოგადოება ჩვენი პროდუქტია.

 

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართველები ღირსებებზე ხშირად ვსაუბრობთ სუფრაზე, თუ თამადა გვყავს კარგი... მინდა, გესაუბროთ მინუსებზე, რომელმაც გამოიწვია ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა და თითოეული ჩვენგანი იმყოფება. საქართველო ქვეყანაა, სადაც უნამუსოები უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე – ნამუსიანი ხალხი. უსამართლო ქვეყანაა.

 

 

სანამ აფხაზსა და ოსს დავუძახებთ, მოდი, შემომიერთდიო, მანამდე აფხაზსა და ოსს უნდა დავანახოთ, რატომ უნდა იცხოვრონ საქართველოში... ვთქვათ, კარი გააღო და შემოვიდა აფხაზი და მეუბნება, კი, ძმაო, ვბრუნდებით უკან, ოღონდ ერთი მიზეზი მითხარით, რატომ უნდა დავბრუნდე საქართველოში და რა გაქვთ ქართველებს კარგი? უსამართლო სახელმწიფო, დაქცეული ეკონომიკა, საკუთარი მიწები გაყიდული, წინა ხელისუფლება ანტიქართული... თქვენ ენას, კულტურას ვერ იცავთ, ჩემსას როგორ დაიცავთ? თქვენსაც ვერ ავითარებთ, ყველაფერ ქართულ დასცინით, სამართალი არ გაქვთო, გვეტყვიან... გადით სოფელში და ნახეთ, ქართველმა სახლი ბოლოს როდის ააშენა.

 

 

ხაზს ვუსვამ _ ქართველებს, თორემ მარნეულისკენ რომ წახვიდეთ, სულ ახალი შენობებია. მიზეზი ხომ უნდა ვიკითხოთ, რაშია საქმე? ვინც ახალს აშენებს, ის დამნაშავე არ არის, ვინც ვერ აშენებს, იმან უნდა მოძებნოს მიზეზი. რეალობა ასეთია – დღევანდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი იყო. 

 

 

აქ ითქვა, რამდენად სამართლიანია კოალიციაში შემავალი ხუთი პარტია ,,ფორუმის’‘ მიმართო. გეტყვით, რომ სამართლიანად არ გვექცევიან. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, ჩვენ ერთმანეთის პარტიულ საქმიანობაში არ ვერევით. პარტია „ოცნება“ რომ ყოფილი „ნაციონალებით“ გაივსო, პრეტენზიას ვერ წავუყენებ, რადგან ეს მათი პარტიული საქმეა. ისემც უქნიათ, შიგნით ყიზილბაშები შეუყვანიათ. ამას ვერ დავუშლი ისევე, როგორც, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენი პარტიის საქმიანობაში ვერცერთი ჩაერევა. 

 

 

კოალიცია ექვსი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელიც რაღაცისთვის კი არა, რაღაცის წინააღმდეგ შეიქმნა. ეს „რაღაც“ ნაციონალური მოძრაობა იყო, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ ვერეოდით, შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რომელმაც თავი მოგვიყარა და ლიდერის პრობლემა გადაწყვიტა. საბოლოოდ, დავანგრიეთ და გავიტანეთ. საერთოდ, ხელისუფლება სამ ფაზად უნდა შეცვალო: 1. საპარლამენტო. 2. საპრეზიდენტო. 3. ადგილობრივი არჩევნები. 2/3-ით ხელისუფლება შევცვალეთ, დარჩა 1/3, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ანუ თავში „ნაციონალები“ დავამარცხეთ, ახლა ქვემოთ უნდა დავამარცხოთ, რადგან გამგეობებში არაფერს რომ არ აკეთებენ, დღემდე „ნაცები“ სხედან.

 

 

ადგილებზე „ნაცების“ მოსასპობად და გასანადგურებლად ორი გამოსავალი არსებობდა: ან რომელ სართულზეც იყვნენ, იქიდან გადმოგვეყარა, რომლის მომხრე არ ვიყავი. ასე ქვეყანა არ დალაგდებოდა, იმათ რომ დახოცავდი, იმათი შვილები გაიზრდებოდნენ და ჩვენ შვილებს ოც წელიწადში დახოცავდნენ, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?! მეორე გამოსავალი იყო დროში გაწელილი, თუმცა ბევრად ცივილური _ ადგილობრივი არჩევნები 15 ივნისს იქნება, წელიწადნახევარი ლოდინი მოგვიწია და ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს, მივიდეს არჩევნებში და გამგეობიდან ყველა „გამოიხვეტება“, ერთიც აღარ დარჩება. 

 

 

მთავარი ამოცანაა ქართველებისთვის, რეალურად შევაფასოთ ის, რაც გვჭირს. ჩვენი პარტიის ბევრი წევრი გვეუბნება – ადგილობრივ არჩევნებში ხალხი არ მოვაო. თუ არ მოვა, გამოდის, რომ ამდენი ტყუილად „გვიჩალიჩია“. საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც წყალში ჩაგვივარდება, თორემ ჩემმა მტერმა მოიგოს, როგორც „ნაციონალები“ შეძლებენ გამარჯვებას და თქვენმა მაწყევარმა იცხოვროს ისე... 

 

 

ბევრი პრობლემა, რაც ამ პარლამენტმა შეძლო, არის ის, რომ თვითმმართველობის საკანონმდებლო ბაზა იყო, ეს ერთ-ერთი სერიოზული გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება პარლამენტს მიეღო მთელი ოთხი წლის განმავლობაში. ამის უპირატესობებს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ იგრძნობთ. რაიონები, სოფლები და ქალაქები ფეხზე დადგება, რადგან ბიუჯეტი უჩნდებათ, ქონების განკარგვა მათ ხელში გადადის... რაიონებსა და ქალაქებს თავისი ფული გაუჩნდებათ, ადრე გამგებელს მიშა ნიშნავდა, ის გამგებელი, ვინც ნიშნავს, იმაზეა მიბმული და ვინც დანიშნა, იმას აბარებს „აჩოტებს“, ხოლო თუ ხალხმა აირჩია, ყველა ვარიანტში, ხალხზეა ორგანიზებული. 

 

 

ვაგრძელებ, რა მიზეზებია ჩვენი დუმილის. პირადად მე, მიმაჩნია, რომ მთავრობაში არასწორი პოლიტიკაა. ბევრი პარტიის წევრი გვეუბნება, კოალიციიდან გამოვიდეთ, რადგან კარგად არ გვექცევიან, არ მოგვცეს თანამდებობები, არ გაგვიყვეს ლუკმა, არ დაასაქმეს ჩვენი ხალხი, ამიტომ გამოვიდეთ და „ოცნებას“ დავარტყათო. არის ასეთი მოსაზრება, მხოლოდ წევრებში კი არა, ჩვენ ხელმძღვანელობაში. ჩვენ ნამდვილად კოალიციაში ვართ, მაშინ ჩვენ ჩვენი წილი უნდა მივიღოთ. როცა ექვსია, იქ ნაკლებ წილს ვიღებთ, როცა კოალიციაში შედიხარ, ვიღაცას ანგარიში უნდა გაუწიო. დღევანდელი კოალიციის პრობლემა არ არის ერთი პოლიტიკური გუნდი. 

 

 

ჩვენ ვიცოდით, რას ვებრძოდით, მაგრამ რისთვის ვიბრძვით, ეს გარკვეული ჯერ არ გვაქვს. 15 ივნისის შემდეგ დაიწყება საუბარი, რას ვაშენებთ და როგორ ქვეყანას ვაშენებთ. აქ, უკვე შიგნით რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ეს ცუდი არ არის. „რესპუბლიკელებს“ სხვა იდეოლოგია და მოსაზრებები აქვთ, ,,ფორუმს’‘ _ სხვანაირი, დანარჩენი პარტიის იდეოლოგია კი ვერ გავიგე, რადგან ასეთი არ აქვთ. 

 

 

საქართველოში სეზონურ პარტიებს რა დალევს, თოვლივით მოვლენ და გაზაფხულზე დნებიან. მკვეთრად გამოკვეთილი იდეოლოგიის მქონე პარტია მხოლოდ ორია: აქეთ _ ჩვენ, იქით _ რესპუბლიკელები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაპირისპირებულები არ ვართ და ერთმანეთს დედას არ ვაგინებთ. როცა იცი, რომ იდეოლოგია აქვს, უკვე პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.

 

 

არის საკითხები, რაშიც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ უამრავი თემაა, რაშიც ვეთანხმებით. მაგალითად, თვითმმართველობის კანონმდებლობა „ფორუმმა“ და რესპუბლიკელებმა გავიტანეთ, სხვები თავს მაინცდამაინც არ იკლავდნენ. ზოგიერთებს საერთოდ არ უნდოდათ ეს ცვლილება. ლამის თვეები დაგვჭირდა, რომ გაგვეტანა. ჩვენთან გაჩნდა წარმოდგენა, რომ გახდა გუბაზი დეპუტატი და წამოწვა, მიშამ გადაუღო სურათი, რომ სძინავს სხდომაზე... უმრავლესობა ფიქრობს, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც „ფორუმის’‘ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი, რომ გუბაზ სანიკიძე შავ მანქანაში ჩაჯდა და აღარ ახსოვს აღარც საქართველო და არაფერი. 

 

ახლა რასაც ვამბობ, მთავრობას რომ კარგი საკადრო პოლიტიკა არ აქვს, შეცდომებს ვუშვებთ, რაღაცები იგვიანებს, რაღაცებს დროულად არ ვაკეთებთ, ამაზე ხმამაღლა რომ ვისაუბრო, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციაში უნდა გადავიდეთ. კი ბატონო, გადავიდეთ ოპოზიციაში, მაგრამ ეს ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ გაახარებს. გამოვა, რომ ვითარების ამჭრელები გამოვალთ, თუმცა არც ამის უსაშველობა არსებობს. თუ ვეღარ ითმენ და ვერაფერს აგებინებ... ისე, ასე არ არის საქმე, ძალიან ბევრი რამე ჩვენ ჭკუაზეა და კოალიციაში ხშირ საკითხებში ჩვენ ჭკუაზე დადიან... ეს საკითხი ლეგიტიმური იქნებოდა... 

 

ჩვენ ყრილობისთვის ვემზადებით, სადაც უნდა განვიხილოთ, რას ვაპირებთ. შეიძლება, ერთი წევრი ადგეს და გვითხრას, მოდი რა, გავიდეთ და ცალკე „შევუბეროთ“ და ჩვენი ალალი და უმადლო ავიღოთ. თუ უმრავლესობა ამას მხარს დაუჭერს, ჩვენ ამას დავემორჩილებით, ოღონდ ერთი პირობით: თვითონ პარტიის ყველა წევრმა უნდა ვაგოთ პასუხი, რა დაემართება შემდეგ „ფორუმს“ – ქართველი ხალხი გმირებად ჩაგვთვლის თუ მოღალატეებად. ეს მოსაზრება არის, დღე და ღამე ამაზე ვფიქრობ. 

 

 

საბჭოში სამი ადამიანი ვართ, ბატონი კახა შარტავა, რეზო შავიშვილი და მე, გუბაზ სანიკიძე. რეზო შავიშვილს ჰქონდა მოსაზრება, მოდი, რა, ცალკე გავიდეთ. კი, ბატონო, კოალიცია დარჩეს ერთიანი, მაგრამ ადგილებზე ცალ-ცალკე გავიდეთ. არგუმენტი იყო ასეთიც, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მეორე ადგილს იკავებს და მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ფორუმი“ „ნაციონალებს“, მესამე-მეოთხე ადგილზე გადავაგდებთ. ამაში ლოგიკა მართლაც არის, დემოკრატიასაც ამყარებ, მრავალფეროვნებასაც ზრდი, კოალიციაც ერთია, მაგრამ რესპუბლიკელმა და ფორუმელმა იომოს ერთმანეთში, ვის რამდენი აქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ხალხს ვერ გავაგებინებდით, ჩვენ რას ვაკეთებთ. ყველა ჩათვლიდა, რომ „ფორუმმა“ კოალიცია გახეთქა. ჩვენი კოალიციიდან გამოსვლა, სავსებით შესაძლებელია, მთავრობის გადაყენების მაპრვოცირებელი ყოფილიყო.

 

უმრავლესობაში არ ხარ, ნაციონალებიც გაიხარებენ, ქვეყნის მტრები შიგნითაც გაიხარებენ. ამის გაკეთება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ რასაც ვაკეთებთ, ხელისუფლებაზე უკეთესს შევთავაზებთ. ამას ვერ შევთავაზებთ, რადგან მარტო აღმოვჩნდებით _ ყველა ჩვენ წამოგვესევა, მათ შორის, ყოფილი „მოქაკავშირელები“, გარე ოპოზიციაც. ტელევიზორში დასვამენ სხვას, ჩვენ _ არა და სიმართლეს უკუღმა დაატრიალებენ. იტყვიან, კახა შარტავამ მამამისის ხსოვნას უღალატა, გუბაზ სანიკიძემ კი, მამამისის წიგნებზე უარი თქვა. რა, არ უქნიათ? შემდეგ, უნდა დაჯდე ტელევიზორში და უნდა თქვა, _ არა ბატონო, ეს ისე კი არ მიქნია, ასე ვქენიო. მერე ჟურნალისტი გეკითხება _ რომ ქენი, ახლა ქართველ ხალხს რას სთავაზობო. ვერაფერსაც ვერ ვთავაზობ, ამჯერად, ხვალ რა იქნება, ვნახოთ. 

 

ჩვენი კოალიციიდან გასვლის საკითხი უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა. ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც არ ყოფილა. თვით კარიბის კრიზისიც კი, 60-იან წლებში, ამ მნიშვნელობის არ ყოფილა. ჩვენ და მთელი მსოფლიო უფსკრულთანაა მისული. იაპონიიდან დაწყებული, ცეცხლოვანი მიწის ჩათვლით, ეს კრიზის ყველას შეეხება. არ გაშინებთ... პარლამენტშიც იმისთვის გამოვედი სიტყვით, რომ რეალობა შევაფასოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში განსაცდელის არ გეშინია და მომზადებულიც ხარ.

 

 

როცა მომზადებული არ ხარ და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი მეორე ვარიანტით განვითარდა, რომელზეც სამი წამიც არ გიფიქრია, მერე პანიკაში ვარდები. რაც 2008 წელს იყო. ყველას ეგონა, მიშას ჩაწყობილი რუსებთან, ხალხსაც და ჯარსაც. ჩვენ ხომ ჩაწყობებზე ვართ მიჩვეულნი. ექსპერტებმაც ვერასოდეს ვერ გამოიცნეს, რა ხდება, ხომ შეიძლება, ცარიელი თოფი ერთხელ მაინც გაგივარდეს. მთელი პროპაგანდაა აწყობილი იმაზე, რომ ხვალ ან ზეგ რუსეთს გაგუდავენ. ხალხშიც ძალაუნებურად განწყობაა, რომ პუტინი ხვალ თუ არა, გამთენიისას დაიშლებაო. ტყუილია და სისულელეა. ამ დაპირისპირებაში რუსეთს უფრო ძლიერი პოზიცია აქვს. თუ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართველები ჭკუას ნახევრად მაინც გამოვიყენებთ, შეიძლება ამ ვითარებიდან „გამოვძვრეთ“. 

 

 

სააკაშვილი და ნაცები ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ, რუსი უკვე თბილისში იქნებოდა. ბევრს შეიძლება, უნდა რუსი, საქართველოში შემოვიდეს, მაგრამ მათ რომ ჰგონიათ, ისე არ იქნება. რუსი სხვანაირად შემოვა. პუტინი საბჭოთა კავშირის კი არა, რუსეთის იმპერიის აღდგენას გეგმავს. ამიტომ დამთავრდა დრო, როცა სამ ცალ კონიაკს ჩავიდებთ. რუსები დაჭკვიანდნენ და ნაცარქექიასი აღარ სჯერათ. იდეოლოგიაც აქვთ _ მიწების დაბრუნება, რაც დაუპირისპირეს ე.წ. თავისუფალი სამყაროს იდეოლოგიას. იდეოლოგიურად და კონცენტრირების თვალსაზრისით, რუსი აგრესიული და ძალიან შეკრულია. პუტინს მხოლოდ მთავრობა კი არ უჭერს მხარს, რუსი ხალხი უჭერს მხარს. 80%-ზეა ასული, რუს ხალხს უნდა, რომ გახერხონ უკრაინა შუაში. ევროპელები ამ ქვეყანაზე საერთოდ არ არის, შეიკრიბებიან, დაიშლებიან. რა ქნან, საერთოდ არ იციან. ამერიკელებმა რეაქცია დაგვიანებით მისცეს და სად მივა, არავინ იცის. ამას იმისთვის გეუბნებით, რომ თქვენ მეზობლებსაც უთხრათ. 

 

 

ჭორები არ უნდა დაიჯეროთ. რომ გეტყვიან, გუბაზ სანიკიძეს ბიზნესები აქვს ქუთაისში და მთავარი მაყურებელი ვარ, არ უნდა დაიჯეროთ. ამიტომ თქვენ მომზადებული უნდა იყოთ იმ საკითხებით, ვიღაც რომ გკითხავთ, რაზე ილაპარაკა კონფერენციაზე გუბაზმაო, თქვენ მომზადებული პასუხი უნდა გასცეთ. თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რაც ძალიან რეალურია, ასეთ პირობებში კი, სავსებით რეალურია რუსებმა დაიკავონ არა მხოლოდ საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც. სომხეთი ისედაც მათია... შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიაში შევიდეს და ჩრდილოეთ ოლქებიც წაიღოს. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ შეიძლება, მოხდეს. ალბათობა ყოველთვის 50/50-ზეა. 

 

 

პოლიტიკური სპექტრი, ეს ჩვენი მთავრობა და მოკავშირე პარტიები, ჩვენი კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, მთავარ დარტყმას ირაკლი ღარიბაშვილს მივაყენებთ. მასზეც მინდა გესაუბროთ.... ის ახალგაზრდა, გამოუცდელი კაცია, რადგან პოლიტიკაში არ ყოფილა, მაგრამ ის ნიჭიერი და ძალიან პატიოსანია. რაც მთავარია, ქართული ორიენტაციის კაცია. ის არავის დაუწვება. ამერიკაში ვიზიტისას, როგორც მიშა აკეთებდა, ოღონდ დამტოვეთ და რაც გინდათ, ქენითო, არ უქნია. ამიტომ შეიძლება ეს კრიზისი გამოვიყენოთ, რადგან, როგორც საფრთხე იზრდება, ჩვენი მნიშვნელობაც იზრდება. ჩვენი ამოცანაა – საფრთხე დავაპატარაოთ და აღმა- დაღმა არ ვიხტუნაოთ. რაც გვეკუთვნის, ის უნდა მივიღოთ და არა სადღეგრძელოები – მაპ-ს მოგვცემენ, ნატო- ში შევალთ, ევროკავშირი... არა, ეს არაფერს ნიშნავს, კონკრეტული ფინანსური, ეკონომიკური და თუ საჭიროა, სამხედროც... თუ ასე არ იქნება, ჩვენი საგარეო პოლიტიკის სერიოზული რევიზია მოხდება.

 

 

როგორ ვიქცევით? უახლოეს ერთ კვირაში, სავსებით შესაძლებელია რუსმა გვითხრას, დაანებეთ ნატო- ს და ევროკავშირს თავი, აგერაა აფხაზეთი და ცხინვალი, შემოგიერთებთ, ოღონდ ერთი პირობით – ამათთან ერთად მე უნდა შემომიერთდეო. ამერიკელი მოდის და გეუბნება, აფხაზეთს და ცხინვალს თავი დაანებე, რაც ხარ, დანარჩენს მოგხედავო.

 

 

რა იქნება, არ ვიცი, პროგნოზს ვერ ვაკეთებ. მე კი არა, პროგნოზს ობამაც ვერ აკეთებს. ვერც „ცერეუ“ და ვერც ევროპა. თავმოწყვეტილი ბატებივით იკრიბებიან, ხომ უყურებთ, არა? ორი კვირაა, კრიზია და ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, ვიზებს შეუზღუდავენ რუსეთს. მეტი ვერაფერი ქნეს. ფინანსურ ბლოკადაზე რომ წავიდნენ, ევროპა უფრო დაზარალდება, ვიდრე _ რუსეთი. რუსი ამას უძლებს, რა პრობლემაა, ოღონდ დიდი რუსეთი ჰქონდეს და ცხოვრებას კარტოფილზე და მჟავე კომბოსტოზე გადაატარებს. ევროპელი ამას ვერ იზამს, ასი გრამი პური რომ მოაკლდეს თვეში, შეიძლება, აჯანყდეს.

 

 

ერთადერთი ერია რუსი ერი, რომელსაც გამოკვეთილი იდეოლოგია აქვს. ამისთვის იომებს, თავისი ჯარისკაცის სისხლსაც დაღვრის. რუსეთი ბოლომდე წამსვლელია, ევროპა კი, არაფერზეა წამსვლელი. არ ვამბობ, რუსეთისკენ უნდა წავიდეთ. ჩვენ სწორედ იმან დაგვღუპა, რომ ხან იქით გადავხტებით, ხან აქეთ გადმოვხტებით და კისერს ვიტეხთ. ჩემი მტერი აღმოჩნდა მარტო რუსების მხარეს. 

 

 

კაი, ჩვენ ვართ ვიღაცის მხარეზე, ისინი ჩვენ მხარეს არიან?! ვინმე ჩვენ მხარეს არის?! ახლა რასაც ვამბობ, ესეც დუმილში შედის. ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქე შეიძლება, პანიკაში ჩავარდეს. არადა, ეს საპანიკო არ არის, არ ვამბობ, რომ კატასტროფაა, მაგრამ შეიძლება, მოხდეს უბედურება და როგორ ვიქცევით უბედურების დროს. რა გვაქვს გათვლილი? მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ხელისუფლებაში ამ საკითხებზე ორად ორი კაცი ფიქრობს _ ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი, ვისაც ეს საფრთხეები ესმის. დანარჩენს არავის არაფერი არ ესმის.

 

 

იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, არ იციან, უწიგნურები არიან. ბევრმა დაბადების დღეს მოიწყო, რბილი რბილზე დადო და ბედნიერია. უხარია, რომ მისი ცოლ-შვილი ტელევიზორში საღამოს დაინახავს. რაღაც სისულელეებს ილაპარაკებს. რამდენი პოლიტიკოსი იცით, დღეში შვიდჯერ რომ ნახულობთ ტელევიზორში, მაგრამ არაფერი გამახსოვრდებათ მისი ნალაპარაკევიდან? თვითონაც არ იციან, რას ლაპარაკობენ. ამ შემთხვევაში უკვე „ეროვნული ფორუმის’‘, როგორც პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობა იზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ კრიზისების პარტიაა. ბედნიერების პარტია ,,ფორუმი’‘ არ არის. არ ახსენდებათ ასეთ დროს „ფორუმი“.

 

 

 როცა კრიზისი დაიწყო, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ხანდახან შესაძლოა, გამარჯობას აღარ გვეუბნებოდნენ, ახლა გვეუბნებიან _ ე, ბიჭო, გვითხარით, როგორ მოვიქცეთ, რა ვქნათო. „ფორუმის’‘ ბედი თუ უბედობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ქართული პოლიტიკური სპექტრის სასწრაფო დახმარება ვართ. კარგად არიან, არ ვახსოვართ, ცუდად არიან, ეგრევე რეკავენ. ახლა ეს პროცესი იწყება. უკრაინის კრიზისს ჩვენ ვერ გადავარჩენთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ეს შესაძლებელია. ამიტომ ბევრი მიზეზების გამო, როცა ვლაპარაკობდით, ხომ არ ღირს კოალიციიდან გასვლა, ეს საკითხი ჩემთვის მოხსნილია _ ქვეყანას გარედან რაღაც ემუქრებოდეს და მე შიგნიდან ავაფეთქო, იქვე არის ორჯონიკიძეობა, თან სამიდღემსიოდ. ვერავინ გაგრეცხავს, ამიტომ ისევ რაღაცებზე კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს. ვთქვათ, თუ გვინდა, რომ საკრებულოში ათი კაცი შევიდეს, შეიძლება შევიდეს სამი „ფორუმელი“.

 

 

ეს არის ჩვენი მსხვერპლი, რახან უნდა დავრჩეთ და ვფიქრობ, რომ უნდა დავრჩეთ... თუმცა ყრილობამდე თქვენც უნდა იფიქროთ, რას ვაპირებთ, როგორ ვიქცევით... ამ საკითხებზე საუბარი ტელევიზორში არ შეიძლება, რადგან სულ ცოტა, პროვოკატორი გამოხვალ. არ შეიძლება, გამოხვიდე, რომ ცუდი კადრები ინიშნებიან იმიტომ, რომ იგივეს ნაციონალები ამბობენ. ჩვენი ტექსტი ნაციონალებისას არ უნდა დაემთხვეს. 

 

 

რაც შეეხება ჩვენ ტერიტორიებს, ახლა ვართ პროცესში, რომ რაც გვაქვს, ის შევინარჩუნოთ. თუ შევინარჩუნებთ, შემდეგ შესაძლებელია, პერსპექტივებიც გაჩნდეს. ძალიან სერიოზული ურთიერთობები მაქვს ჩრდილო კავკასიელებთან, ასევე სომხებთან, აზერბაიჯანელებთან, თურქებთან. ეს ჩვენი სასიცოცხლო არეალია. ამ მიმართულებით იმაზე უკეთაა საქმე, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. სერიოზული იმპულსებია მათგან. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობ. ეს ისეთი საკითხებია, რომელზეც კაბინეტშიც ვერ ვისაუბრებ, შეიძლება, ტყეში შევხვდე ადამიანს და იქ ვესაუბრო.

 

 

არ არის საჭირო ვიღაცა სხვამ გაიგოს. ასე რომ, წამოწოლა და დროსტარება „ფორუმის“ მხრიდან გამორიცხეთ. მხოლოდ ჩვენ არ ვართ ანგელოზები. თვითონ პარლამენტის შემადგენლობა ძალიან სუსტია, მაგრამ იქ 20-25 კაცია, რომელსაც ეს პრობლემატიკა ესმის და ამაზე ვმუშაობთ, ოღონდ ამაზე არ ვსაუბრობთ. რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, არ მგონია, ეს სწორი იყოს, რადგან ეს რყევებს გამოიწვევს. გეთანხმებით, თვითონ უმრავლესობაში 30 კაცია, რომელიც არ უნდა იჯდეს იქ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც დღესაც არ იციან, რომელი კომიტეტის წევრები არიან, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს, შეიძლება, უარესი პარლამენტი მივიღოთ.

 

 

ის 30 კაცი რომ ზის და ხმას არ იღებს, პრობლემას არ ქმნის, რადგან როცა ეტყვი, ასე ქენიო, იჯერებს და აკეთებს, მაგრამ ამათ ნაცვლად, შეიძლება, ისეთი 30 ნაძირალა შემოგივარდეს, რომელიც არაფერს გააკეთებს, მაგრამ ყველაფერს დაგიბლოკავს. ამიტომ არ სჭირდება ამ ქვეყანას რყევები, ამიტომ ვართ გაჩერებულები. ამიტომ ვართ გაჩერებულები, ჩვენი წილიც უნდა მივიღოთ. აქამდე როგორც იყო, ასე აღარ იქნება. ჩვენ უარი ვთქვით ალაფის განაწილებაზე... „ფორუმი“ კი არ „მოგვტეხეს“, ვერავინ მოგვტეხავდა, მაგრამ ეს იყო, კლასიკური გაგებით, ალაფის განაწილება, რაშიც მონაწილეობა არ მივიღეთ. ადგილობრივი არჩევნები კი, სულ სხვა თემაა. აქ ხალხი ირჩევა და ჩვენი წილს აუცილებლად მივიღებთ, მისხალს არ დავუთმობთ არავის.

 

 

სხვა ვითარებაა. საპარლამენტო ვიცოდით, რომ ბოროტება უნდა დაგვემარცხებინა, საპრეზიდენტო ცოტა გაუგებარი იყო, რადგან თვითონ ინსტიტუტია დავიწროებული, ამიტომ მოტივაციაც მაღალი არ გვქონია, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში, ბოდიში მომითხოვია, ადგილობრივში კბილებით უნდა ვიომოთ და ჩვენი ინტერესები დავიცვათ _ ჩვენი წევრები გავიყვანოთ დეპუტატებად, თუ დეპუტატებად ვერ გავიყვანთ, აღმასრულებელში გავუშვათ და ა.შ. პარტია უკვე პარტიული ქსელის შექმნაზე უნდა გადავიდეს. მით უმეტეს, გამგეობებში „ნაცები“ აღარ ეყრებიან. რაც შეეხება ყრილობას, რატომ ვატარებთ ყრილობას მცირე შემადგენლობით და არა გრანდიოზულს.

 

 

 

ჩვენ 12 ათასი წევრი გვყავს, ინვენტარიზაცია ჩავატარეთ, რამდენი წევრი შეგვრჩა ამ არახელსაყრელი ორი წლის განმავლობაში. არახელსაყრელში ვგულისხმობ იმას, რომ ხელმძღვანელობა არ ვჩანდით, არ ვაქტიურობდით და გარკვეულწილად, ზოგს მივავიწყდით, ზოგს შეიძლება მოვენატრეთ კიდეც. ისე, სჯობია მოენატრო, ვიდრე თავი მოაძულო. ინვენტარიზაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ 12 ათასი აქტიური წევრი გვყავს, ამდენი არავის ჰყავს. არ დაიჯეროთ... ამ ნაძალადევის კონფერენციაზე რომ შევიკრიბეთ, მმართველ პარტიას რომ ეძახიან, არის მათში ისეთები, რომლებიც ასეთი შემადგენლობით მთლიანად ყრილობას ვერ ატარებენ.

 

 

 

ზოგი პარტია ერთ მანქანაში ეტევა, ზოგიც _ ერთ მიკროავტობუსში. მათთან შეჯიბრი ჩვენი ამოცანა არ არის, ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს. ქვეყნის სამსახური სხვა საქმეა, დროსტარება და ტელევიზორში გამოჩენა ჩვენი ამბავი არ არის. თუ ყველა გასულელდება ამ ქვეყანაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც გავსულელდეთ. შეიძლება, დადგეს დრო, როცა ყველამ გააფრინოს, ასეთ შემთხვევაში, უნდა დარჩეს პასუხისმგებლიანი გუნდი და პარტია, რომლის უკან ხალხის მასა უნდა იდგეს. შეიძლება, ისე წავიდეს საქმე, რომ რუსთან სალაპარაკო გახდეს. ადრე თუ გვიან, იმ რუსებთან ხომ უნდა ვილაპარაკოთ? ვინ დაელაპარაკება, ხალხო? ან ამერიკელებს, ომი რომ დაიწყოს და ვითარება გამწვავდეს, ვინ უნდა ეკონტაქტოს? თუ რუსი შემოვიდა, ბათუმში თურქი შემოვა, ეჭვი ხომ არ გეპარებათ?..

 

 

 

ერთ რამესაც გეტყვით... ბევრ „ფორუმელს“ წყდება გული, რომ „ფორუმის“ რეიტინგი დაეცა. ჩვენ, „ფორუმის“ ხელმძღვანელობა შეგნებულად წავედით რეიტინგის დაცემაზე, რადგან ახლა რეიტინგი არ გვჭირდება. არჩევნები მოდის, მაგრამ კოალიციაში ვართ. არ გვჭირდება დიდი რეიტინგი. გარწმუნებთ, როცა დაგვჭირდება რეიტინგი, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, სამი- ოთხი გამოსვლა დაგვჭირდება მე, კახასა და რეზოს და ნებისმიერ რეიტინგებს ,,დავგლიჯავთ’‘ და ,,დავხეთქავთ’‘. სხვა პარტიები ფულს ყრიან, ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს, რეიტინგი როცა მოგვინდება, გაიზრდება. ოღონდ ახლა ჩვენი ძალის დემონსტრირების დრო არ არის. ამიტომ ყრილობაც მასშტაბური არ გვჭირდება, სამუშაო რეჟიმში, დაახლოებით, 500-კაციანი შეკრება გვინდა. და დავით ნარმანიაზეც გეტყვით, თბილისის მოსახლეობა მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის ამ კანდიდატურით.... 

 

 

 

ჩვენ აგრესიულ ლიდერებს შევეჩვიეთ, მაგრამ ასეთმა ლიდერებმა დიდი სიკეთე ქვეყანას ვერ მოუტანეს. ნარმანიას პირადად ვიცნობ ძალიან ახლოს, არც იმას დაგიმალავთ, დრო იყო, ის „ფორუმში“  შემოსვლას აპირებდა. შინაგანი განწყობით ის „ფორუმელია“, ჩვენი ჭკუის კაცია... ის ნიჭიერი კაცია, პატრონი არ ყოლია, მიღო არაჩვეულებრივი განათლება გერმანიაში და არა _ ამერიკაში, სამთვიან კურსებს რომ გადიოდნენ.

 

 

ჩვენ რომ ყველანაირ უცხოურ დიპლომებზე ვგიჟდებით... გერმანული განათლება აქვს მიღებული, ძალიან მაგარი ადმინისტრატორი და ხელმძღვანელია. მინისტრთა კაბინეტში რეალურად ორი ეფექტურ მინისტრია _ ნარმანია და სეერგეენკო. დანარჩენი, ზოგი საშუალო დონისაა, ზოგი კი, საერთოდ დედამიწას არ ატყვია. რაც შეეხება თბილისის მერობას, მომწონს, რომ ის პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი არ არის, პრობლემებს არ შეუქმნის ქვეყანას... ასევე უპატიოსნესი კაცია, უმაღლესი დონის პროფესიონალია და ასევე, გაგიკვირდებათ, მაგრამ _ მეგრელია. სამეგრელოში ძალიან ცუდი პროცესები მიდის, რუსებიც მუშაობენ, თურქებიც და სხვებიც, რათა განკერძოება და ქართველი ერის დეზინტეგრაცია მოხდეს. ამიტომ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოს დედაქალაქს მერად წარმოშობით მეგრელი ეყოლება. ყველაფერი საფიქრალია... თუ თბილისს უნდა, რომ მოწესრიგდეს, რაც ქართველებს არ გვაქვს, ნარმანია გაამართლეს. 

 

 

 

კი ბატონო, ქართული ტრადიციები უნდა დავიცვათ, მაგრამ ბევრი რამ, რაც კარგი გვგონია, სინამდვილეში არაფრად ვარგა და სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ. 7 საათი სუფრასთან ჯდომა, 900 კაციანი ქორწილები, წითელი დიპლომის ყიდვა. წესრიგი თბილისში იქნება და ეს ბიჭი გერმანული წესრიგის დამყარებას დაუწყებს. მადლობა ასეთი გამოცდისთვის, ბოლო სამი წელი თქვენთან კონტაქტი არ გვქონია, ამ თემატიკაზე არ გვილაპარაკია, მე ხომ ვიცი, გაძალებდნენ სხვა პარტიებში გადასულიყავით. ეს უკვე რწმენაა საკუთარი თავისა და ქვეყნის მომავლისა. ჩავატაროთ ყრილობა და ყველაფერი კარგად იქნება.       

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია