დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარკირების ახალ პროექტს და გაზრდილ გადასახადს ქუთაისში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროტესტი მოჰყვა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/03/17 16:09:58

უნდა ეშინოდეთ თუ არა ქუთაისელებს ავტომობილში ბავშვის დატოვების?

 

ქუთაისში ე.წ. პარკირების სისტემა ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებს, არახალია. თვითნებურად გამოცხადებული პარკირების მოუწესრიგებელი ადგილები არაერთხელ  გამხდარა მოქალაქეების და პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილების მიზეზი. ავტომობილის მფლობელები მოუწესრიგებელ ადგილებს, პოლიტიკოსები კი პარკირების კორუფციის წყაროდ გადაქცევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არსებული სიტუაციით ქალაქის ბიუჯეტი სოლიდური თანხით ზარალდება.

 

ამ  დროისთვის ქუთაისში ტენდერში გამარჯვებული რამდენი კომპანია განკარგავს პარკირებისთვის  ადგილებს, ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი: „ზუსტად არ ვიცი, რამდენი კომპანიაა, ვიცი, სამზე მეტი რომ არის,“ - აღნიშნა ვიცე-მერმა.

 

ქუთაისში ავტომობილების გასაჩერებელი სპეციალური ფასიანი ადგილების მოწყობა ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული პროექტი, ქალაქში ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების მოწყობისა და ამ ადგილებით სარგებლობისთვის საფასურის 50 თეთრამდე გაზრდის შესახებ საკრებულომ დაამტკიცა. შესაბამისად, არსებული პროექტით ქალაქი პარკირების ახალ სისტემაზე გადადის. რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე 400 000-ლარიანი ტენდერი გამოცხადდება.

 

ახალი პროექტი ძველისგან იმითაც განსხვავდება, რომ ტენდერში გამარჯვებული მხოლოდ ერთი კომპანია გამოვლინდება, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ადგილების კეთილმოწყობას, სტიკერების ან ერთთვიანი სააბონენტო ბარათების  დამზადებას, რომლის ღირებულებაც 40 ლარი იქნება.

 

რაც შეეხება ამ დროისთვის არსებული პარკირების ღირებულებას, ფიქსირებული ზუსტი გადასახადი არ არსებობს. „სტაიანშიკები“  ავტომფლობელებს მანქანის დგომისთვის გადასახადს საკუთარი სურვილისამებრ უწესებენ, რაც 20-დან 40 თეთრამდეც მერყეობს.

 

რამდენ თანამშრომელს აიყვანს გამარჯვებული კომპანია, დარჩებიან თუ არა ძველი კადრები, რა უფლებები ექნებათ მათ, ამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია გადაწყვეტს.

 

პარკირების ახალი მოდელი მიუღებელი აღმოჩნდა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციაში. როგორც პარტიის თავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს, პარკირების სისტემის ერთი პიროვნების ხელში მოქცევა უკვე გულისხმობს სისტემის კორუფციულობას.

 

„ჩვენ ვაპროტესტებდით პარკირების იმ სისტემას, რაც იყო ქალაქში, მაგრამ ახლა ერთი სიმახინჯიდან  მეორე სიმახინჯე მივიღეთ. საკრებულოს დადგენილებით, პარკირება ერთი პიროვნების ხელში გადადის, რაც თავშივე გულისხმობს კორუფციულ სქემას.

 

 საკრებულოს წევრებმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯერ ქალაქში არსებული მდგომარეობა შეაფასონ და მერე მოახდინონ საფასურის გაზრდა. მთელი ქალაქი სიღარიბის პირასაა, ლუკმის შოვნა უჭირს ხალხს, ესენი კი გადასახადს უმატებენ. ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადით ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რაც მისასალმებელია, მაგრამ თუ ეს თანხები შემდეგ მათ პრემიებზე, ბენზინსა და ქეიფში უნდა დაიხარჯოს, მაშინ სჯობს, საერთოდ არ გაიზარდოს ბიუჯეტი.


 ყველამ კარგად ვიცით, რომ „სითი პარკმა“ თბილისში არ გაამართლა და მისი ერთი-ერთზე ქუთაისში გადმოტანა არაა სწორი. მით უმეტეს, თუკი გამარჯვებული კომპანია არ მოაწესრიგებს პარკირების ადგილებს, არ დახაზავს და არ დააგებს გზებს, მაშინ გაგვაგებინონ, ფულს რაში გვახდევინებენ,“ - განაცხადა წულაიამ.


წულაიას მოსაზრებას, კორუფციის ახალ წყაროსთან დაკავშირებით, არ ეთანხმება ვიცე-მერი. მიქიაშვილის განცხადებით, არსებული ადგილების საერთო ღირებულება ნომინალით 200 000 ლარამდე იყო, თუმცა მერია 400000 ლარიან ტენდერს გამოაცხადებს, რითაც ყოველგვარი კორუფციული გარიგება თავშივე გამორიცხა.

 

პარკირების პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატები.

 

 „ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო აღთქმა იმისა, რომ უმცირესობაში მყოფი დეპუტატები, ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხილვაში მივიღებდით მონაწილეობას, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ პარკირების პროექტს არ ვიცნობთ, ამიტომ მას მხარს არ ვუჭერთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პარკირების სისტემა ნამდვილად მისახედია და მტკივნეული საკითხია, მით უმეტეს, ქალაქის ცერნტრალურ ნაწილში,“ - განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.

 

ქალაქის მასშტაბით, ავტომობილების გასაჩერებლად 142 ფასიანი სადგომი მოეწყობა. აქედან 100 საერთო სარგებლობის იქნება, 42 კი ტაქსებისთვის და გასაქირავებელი დიდი მანქანებისთვის.

 

„ჩვენი მიზანია, პარკირება რაც შეიძლება მოხერხებული გახდეს, კეთილმოეწყობა სპეციალური ადგილები. რაც შეეხება საფასურს, ჩვენ შევადარეთ ორ დიდ ქალაქს, თბილისსა და ბათუმს, სადაც შედარებით მოწესრიგებულია აღნიშნულის სისტემა და გეტყვით, რომ ჩვენთან მიღებული თანხა გაცილებით იაფია. ასევე, გამარჯვებული კომპანიის სურვილისამებრ მოხდება ან ერთთვიანი სპეციალური სტიკერების  ან სააბონენტო ბარათის დამზადება, რომლის ღირებულებაც 40 ლარი იქნება და ეს თანხა ნამდვილად რეალურია ქუთაისისთვის.

 

რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ეს „სითი პარკის“ ანალოგი, ამაზე ცალსახად ვერ გიპასუხებთ, რადგან რაც მისაღებია, მაგალითად პარკირების ადგილების დახაზვა და კეთილმოწყობა, რა თქმა უნდა, იქნება „სითი პარკის“ ანალოგი, რაც შეეხება მანქანის საჯარიმო ადგილზე გადაყვანას, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ეს არ მოხდეს,“ - განაცხადა მიქიაშვილმა.

 

ამ დროისთვის ბიუჯეტში ქალაქის მასშტაბით 55 000-დან 60 000 ლარამდე შედის, რაც ახალი ტენდერით 400 000 ლარი გახდება, შესაბამისად, ბიუჯეტი ერთი წლის განმავლობაში 340 000 ლარით გაიზრდება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პარკირების ახალი სისტემით ქუთაისელთა და არა მარტო მათ დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ მათ არც საკუთარი ავტომობილების საჯარიმო სადგომზე ძებნა მოუხდებათ და არც მანქანაში ბავშვის დატოვების შეეშინდებათ (როგორც ეს თბილისში მოხდა), ვინაიდან, ვიცე-მერის განცხადებით, მათი სურვილია, კომპანიამ  არა დაჯარიმებული მანქანის ევაკუაცია მოახდინოს, არამედ საბურავებზე სპეციალური დამცავის დამაგრება მოხდეს. შესაბამისად, მძღოლი მანქანას ვერ დაძრავს, ვიდრე მითითებულ ნომერზე არ დარეკავს. ადგილზე მისული ჯგუფი კი მძღოლს ჯარიმის ქვითარს გადასცემს.


პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ავტომობილის მფლობელებსა და ტაქსის მძღოლებში. ნაწილს მოსწონს, თუკი მანქანის გასაჩერებელი ადგილი კეთილმოეწყობა და საჯარიმო სადგომზე გადაყვანაც არ მოხდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 50 თეთრი მათი ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია, მით უმეტეს, რომ დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე მოუხდეთ ავტომობილის გაჩერება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია