თემურ გიორგაძე: „მე არც გადადგომას და არც არსად წასვლას არ ვაპირებ“
უკვე 5 დღეა, ე.წ. მოდულის შენობაში მეხანძრეები შიმშილობენ. ისინი საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების გადაუდებელი სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
გიორგი დიასამიძე, აქციის მონაწილე: „მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება თემურ გიორგაძის საქმესთან დაკავშირები. მან შექმნა ამ სამსახურში კორუფციული სისტემა. მოვითხოვთ, თემურ გიორგაძის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას.“
ნუგზარ ჭინჭარაული, პროფესიული კავშირების წარმომადგენელი: „ერთ-ერთი მოშიმშილე მეხანძრე ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოშიმშილე საავადმყოფოში წაიყვანეს და სთხოვეს, შეეწყვიტა შიმშილობა, ის კვლავ დაბრუნდა და აგრძელებს შიმშილობას. მოვითხოვთ, გამოიძიონ გიორგაძის საქმე.“
მიუხედავად იმისა, რომ თემურ გიორგაძეს ბრალდებებს უყენებენ მეხანძრეები და მის გადადგომას ითხოვენ, ის აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და მეხანძრეების მოთხოვნები პროფკავშირების მიერ არის ინსპირირებული.
თემურ გიორგაძე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი: „დიდი ხანია, რაც ეს ბრძოლა დაიწყო ჩემს წინააღმდეგ. ეს ის აგორებული ტალღაა, რომელსაც პროფკავშირების თავმჯდომარე ჩემს წინააღმდეგ აწარმოებს, თუმცა მე არც გადადგომას და არც არსად წასვლას არ ვაპირებ.“