დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გურიის გუბერნატორი სკანდალში ეხვევა?!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/15 15:20:52

ლანჩხუთის საკრებულოს ორი ფრაქციის თავმჯდომარემ რამდენიმე ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიგინეიშვილის იმპიჩმენტი მოითხოვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ამ განცხადებას თავის მხრივ ასე უპასუხა:

„მათ იმპიჩმენტამდე დავწერ განცხადებას და წავალ“.

ჩვენი ინფორმაციით, განცხადების დაწერა ამირან გიგინეიშვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა სცენარი სხვანაირად წარიმართა.


ამ ამბების პარალელურად სოციალურ ქსელში გავრცელდა დემოკრატების ლანჩხუთს ორგანიზაციის ლიდერის, ელგუჯა ჩხაიძის განცხადება:

რამდენიმე დღეა, გურიის გუბერნატორის მხრიდან მიმდინარეობს ზეწოლა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეზე, რომ გადააყენოს მუციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც დანიშნულია 2012 წლიდან. გუბერნატორს ზურგს უმაგრებენ ნაციონალი დეპუტატები და ნაციონალებიდან შექმნილი სოციალურ დემოკრატიული პარტიის წევრები. გუბერნატორმა დასაყრდენი ნაციონალებიდან და ოცნებას მიტმასნილი პირებიდან შექმნა. მოსალოდნელია, ჩვენი შრომა და წვალება, რომელიც გავიარეთ, წყალში ჩაგვეყაროს. ეს ამბავი გახმიანდა, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე თბილისში დაიბარეს. გუბერნატორის უაზრო გეგმები უნდა შეჩერდეს“.


ჩვენი ინფორმაციით, გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ, რამდენიმე დღის წინ ამირან  გიგინეიშვილი  სოფელ ლესის ცენტრში დაიბარა და იქ, ბენზინგასამართ სადგურთან შეხვდა. ამ შეხვედრას გიორგი ჩხაიძე არ უარყოფს, მაგრამ ამბობს, რომ მისი მიზანი საქმიანი იყო და არა რაიმეს მოთხოვნა ან ზეწოლა საკრებულოს თავმჯდომარეზე.

გიორგი ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი:

  საქმესთან დაკავშირებით შევხვდი, რომელზეც, სამწუხაროდ, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

გუბერნატორის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ვინ ვის მოსთხოვა გადადგომა, როგორც მოსთხოვა და რანაირად მოსთხოვა.

არავის არავისთვის არაფერი მოუთხოვია. ეს არის სპეციალურად აგორებული თემა. ყველაფერი გაირკვევა,“ – ამბობს გუბერნატორი, რომლის თქმით, გამგებლის გადადგომა მისი კომპეტენცია არაა და რომ იყოს, ალბათ დაფიქრდებოდა:
ზაზა ურუშაძის გადადგომა არ არის ჩემი უფლებამოსილება. რომ იყოს, ალბათ, დავფიქრდებოდი, მაგრამ არ არის და არც ვფიქრობ ამაზე“.


რაც შეეხება ზაზა ურუშაძეს, ის მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თავად გუბერნატორს მისთვის მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს:

– პირადად ჩემთვის გიორგი ჩხაიძეს არასოდეს უთქვამს ან უგრძნობინებია ის, რომ უნდა წავიდე. ისედაც, რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა? მინახონ რაიმე დანაშაული და კი, ბატონო. რაკი ასე გადამეკიდა ზოგიერთი, ახლა ვაპირებ, რომ აუცილებლად შემოვიყვანო მუნიციპალიტეტში საგადასახადო ინსპექცია, რომელიც 2009 წლიდან მოყოლებული 2013 წლის ჩათვლით ყველა პროექტს შეისწავლის და ნახონ, ვის რა აქვს ჩადენილი, – აღნიშნავს ურუშაძე.


ლესაში შეხვედრიდან რამდენიმე საათში გუბერნატორი და ამირან გიგინეიშვილი თბილისში გაემგზავრნენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, როცა გიგინეიშვილის მიერ განცხადების დაწერის სურვილი გახმოვანდა და საქმეში უკვე თავად გუბერნატორი ჩაერთო, უკვე სხვა თხოვნით: აღარ დაწერო გადაგომაზე განცხადებაო.

 

ითქვა ისიც, რომ გუბერნატორის ზარამდე, გიგინეიშვილთან დაკავშირებულმა ზეწოლის ფაქტმა უკვე „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციამდეც კი მიაღწია, თბილისში წასვლის მიზეზიც სავარაუდოდ, ეს იყო. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე ოფიციალურად სხვა ინფორმაციას ავრცელებს:

გიორგი ჩხაიძე ამბობდა, რომ დედაქალაქში საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად არ წასულა და ერთი და იმავე დღეს წასვლა მხოლოდ დამთხვევაა.


ამირან გიგინეიშვილმა კი დაადასტურა, რომ თბილისში გუბერნატორთან ერთად იყო და იმავე დღეს კანცელარიაში უნდა გამართულიყო შეხვედრა, თუმცა რა თემაზე, ეს უკვე არ იცოდა:

შეხვედრაზე მივდივართ მე და გუბერნატორი კანცელარიაში, მეტი არაფერი ვიცი“, განაცხადა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ.


კანცელარიაში შეხვედრას გიგინეიშვილის ინფორმაციით, გია ვოლსკიც ესწრებოდა:

ორ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ. პირველი ის იყო, თუ რა ხდებოდა ლანჩხუთის საკრებულოსა და ფრაქციაში, მეორე კი ეხებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. აღვნიშნეთ, რომ არჩევნების წინ კოალიციურ ძალებს შორის დებატები ჯანსაღია, თუმცა, ეს ყველაფერი პრესკონფერენციების სახით არ უნდა იმართებოდეს“ –  გვითხრა გიგინეიშვილმა.


მისივე თქმით, შეხვედრაზე ჩოხატაურის და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეები არ ყოფილან:

მე ვიყავი იმიტომ, რომ თქვენ მიერ წამოწეულმა თემებმა დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად, ლანჩხუთი ყურადღების ცენტრში მოექცა, დასძინა საკრებულოს თავმჯდომარემ.


 

ამირან გიგინეიშვილის განმარტებით, მის წასვლაზე საუბარი არ ყოფილა და თანამდებობაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

 

ნინო მშვიდობაძე

სპეციაალური კორესპონდენტი გურიის მხარეში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია