დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ინიცირებულია
მერების და გამგებლების საარჩევნო ბარიერი 40% და 33% იქნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/15 14:50:14

პარლამენტში უკვე ინიცირებულია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ძირითადად 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მერებისა და გამგებლების, ასევე – საკრებულოების არჩევის წესებს განსაზღვრავს.


ცვლილებები საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მომზადდა თვითმმართველობის ახალ კოდექსზე დაყრდნობით, რომელიც პარლამენტმა 5 თებერვალს დაამტკიცა და რომლის საფუძველზეც თორმეტამდე გაზრდილი ყველა თვითმმართველი ქალაქის მერი და დანარჩენი მუნიციპალიტეტების გამგებლები პირდაპირი წესით აირჩევიან.

 

წარმოდგენილი ცვლილებებით, თორმეტი მერი 40%-იანი ბარიერით, ხოლო გამგებლები 33%-იანი ბარიერით იქნებიან არჩეულნი. ამჟამად, თბილისის მერის ასარჩევად, რაც ერთადერთი არჩევითი აღმასრულებელი თანამდებობაა ადგილობრივ დონეზე, 30%-იანი ბარიერია დაწესებული.

 

კანონპროექტის თანახმად, თუ მერის/გამგებლის არჩევნებში ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს დადგენილ ბარიერს, დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაც სხვებზე მეტი ხმა დააგროვეს, ხოლო არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეორე ტურში მეტ ხმას მიიღებს.

 

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ასევე ზოგიერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია 50%–იანი ბარიერის შემოღებას ითხოვენ მერებისა და გამგებლების ასარჩევად, ისევე როგორც აყენებენ საკითხს საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე.

 

ქართული ოცნების მმართველი კოალიცია აცხადებს, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თავის პოზიციას საპარლამენტო განხილვების დაწყებისთვის გაახმოვანებს,  რომლის შესაბამისადაც, მოსალოდნელია გარკვეული კორექტივები შევიდეს წარმოდგენილ კანონპროექტში.

 

ცვლილებათა ამჟამად ინიცირებული პროექტი განსაზღვრავს თვითმმართველი თემის, თვითმმართველი ქალაქებისა და ასევე დედაქალაქ თბილისის საკრებულოთა შემადგენლობას, რომლებიც კვალავაც შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე აირჩევა. 

 

საკრებულოს პროპორციული სისტემისთვის ერთიანი 4%-იანი ბარიერია შემოთავაზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარტიები მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიიღებენ ხმების სულ ცოტა 4%, ისინი მოიპოვებენ პროპორციულ მანდატებს საკრებულოებში. მოქმედი კანონმდებლობით, ეს ბარიერი 4%-ს შეადგენს თბილისში, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში 5%-ია.

 

საკრებულოს პროპორციული შემადგენლობა, პროექტის თანახმად, იზრდება ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

 

კერძოდ, თვითმმართველ თემის საკრებულოში პარტიული სიით ამჟამად შემავალი 10 წევრის ნაცვლად, აირჩევა 15 წევრი და იმდენი მაჟორიტარი, რამდენი დასახლება და ქალაქიც შედის ამ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. 



წარმოდგენილი პროექტი, უცვლელად ტოვებს თვითმმართველ ქალაქებში პარტიული სიით და მაჟორიტარული წესით საკრებულოში ასარჩევ წევრთა პროპორციებს.

 

კერძოდ, იმ თვითმმართველი ქალაქის საკრებულოში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000 აღემატება და ასეთი თბილისის გარდა არის ქუთაისი, რუსთავი და ბათუმი, პროპორციული სისტემით 15 წევრი, ხოლო მაჟორიტარული წესით 10 წევრი აირჩევა ისევე, როგორც ამას დღეს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

 

დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000 არ აღემატება და ეს ქალაქებია: ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი, საკრებულოებში 10 წევრი პარტიული სიით, ხოლო 5 მაჟორიტარი აირჩევა.

 

ასევე უცვლელად არის დატოვებული თბილისის 50-წევრიან საკრებულოში მანდატების გადანაწილების წესი, რომლის მიხედვითაც 25 წევრი პროპორციული, ხოლო დანარჩენი 25 მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე აირჩევა. 



საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატებს.

 

თუმცა მათგან განსხავებით, პროექტის თანახმად, ასეთივე უფლება არ გააჩნიათ მერად და გამგებლად არჩევის მსურველებს. პროექტის თანახმად, მერებად და გამგებლებად კენჭისყრა მხოლოდ პარტიის ან ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შეეძლებათ.

 

პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მსჯელობის საგნად რჩება იმ ფონზე, როცა არასაპარლამენტო პარტიების ჯგუფი მოითხოვს დამოუკიდებელი კანდიდატების არ დაშვებას მერებისა და გამგებლების არჩევნებში, ხოლო ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაცია, მათ შორის საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობით, აყენებს საკითხს დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის მონაწილეობის უფლების მინიჭების თაობაზე.

 

ცვლილებების პროექტით,  საკრებულოს წევრად არჩევის ასაკობრივ ცენზად განსაზღვრულია 21 წელი, ხოლო მერებისა და გამგებლებისთვის 25 წელი. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ კანდიდატი იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივად სულ ცოტა 5 წელი და მათ შორის არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.

 

კანონპროექტში ნოვაციას წარმოადგენს დებულება, რომლის საფუძველზეც მორიგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების დროდ განისაზღვრება ოქტომბერი, რომელიც კანონმდებლობით უკვე არის არჩევნების თვედ დაწესებული  მორიგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ახალი დებულების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება ბოლოს გამართული ასეთი არჩევნებიდან სრული სამი წლის გასვლის შემდეგ, მეოთხე წლის ოქტომბერში.

 

კანონპროექტი ასევე დეტალურად არეგულირებს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების თემას, რაც სიახლეს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსისთვის.

 

პროექტის თანახმად, საკრებულოს  დათხოვნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები.

 

კანონპროექტის ამ დებულებით დამტკიცების შემთხვევაში, რასაც პარლამენტში სამი მოსმენით მიღება ესაჭიროება, თბილისის საკრებულოსა და მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნება იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე საბიუჯეტო შეუთანხმებლობისგამო მარტში ცენტრალური ხელისუფლება მათ დათხოვნას გადაწყვეტს და პირდაპირ მმართველობას შემოიღებს ქალაქზე. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჯერ კიდევ დასაკანონებელი წესის თანახმად, თბილისში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება (მოქმედი წესით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღეში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები) არა რიგგარეშედ, არამედ ჩატარდება საერთო ეროვნული ადგილობრივი არჩევნების ფარგლებში, რომლის თარიღიც ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება.  

 

ამასთან, კანონპროექტი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რამდენიმე საგანგებო რეგულაციას აწესებს, მათ შორის ცესკოს აკისრებს ვალდებულებას, რათა მან საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნა 2014 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს, ხოლო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი კენჭისყრიდან არაუგვიანეს 24-ე დღისა შეადგინოს. საერთო წესით, ცესკოს მაქსიმუმ 19 დღეში ევალება არჩევნების შედეგების შეჯამება.

 

კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველობის ახლადარჩეული ორგანოები თავის უფლებამოსილების შესრულებას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან მე-11 დღეს შეუდგებიან, რაც ავტომატურად გამოიწვევს მათი წინამორბედების უფლებამოსილების შეწყვეტას.

 

საარჩევნო სიებთან მიმართებაში, კანონპროექტი, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ავალებს, რათა მან მონაცემთა ბაზაში არსებული ფოტოსურათების ციფრულ ფორმატში გადაყვანის გზით უზრუნველყოს მათი შედარება სიებში ამომრჩეველთა გაორების გამოსარიცხად.

 

ადგილობრივ არჩევნები, პროექტის თანახმად, საზღვარგარეთ არ ტარდება და შესაბამისად, მასში უცხოეთში მუდმივად მყოფი  ან არჩევნების დღეს უცხოეთში დროებით გასული საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

 

ამასთან, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია რიგი ცვლილებები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ინფორმირებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის შესაბამისი პირობების შექმნას უკავშირდება.

 

ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო წელს სატელევიზიო რეკლამისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას არაუმეტეს 600 000 ლარის ფარგლებში იმ პარტიებისთვის, რომლებსაც „წამოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით“. ამასთან, კანონპროექტი ამ პარტიებს პირობად უყენებს მათთვის სპეციალური ფორმულით დაანგარიშებული მთლიანი დაფინანსების არანაკლებ 15% გამოიყენონ სულ ცოტა შვიდ რეგიონულ ტელევიზიაში რეკლამის განსათავსებლად.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 თებერვალს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები „რევოლუციური“ ცვლილებებით ჩატარდება. მისი თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნებისთვის განიხილავს პარტიების ფინანსური წახალისების ისეთივე სქემის შემოღებას, როგორც ამას კანონი უკვე ითვალისწინებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, როცა პარტიას, რომელმაც გარკვეული შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში, სახელმწიფო 1 მილიონი ლარის ფარგლებში უნაზღაურებს წინასაარჩევნოდ გაწეულ ხარჯებს.

 

„ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი მათთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ოპოზიციური პარტიების მისამართით, რომლებიც ასევე გააკრიტიკა იმ განცხადებების გამო, რომ თითქოს, მისი თქმით, ხელისუფლებამ „არაფერი არ გააკეთა“ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების კუთხით.  

 

წყარო "სივილ.ჯე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია