დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
P.S. - ბლოგი
ლელა, ეროსი და ვალენტინობა...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/02/14 15:00:28
ეს ამბავი, დაახლოებით 15 წლის წინ მოხდა, მაშინ გაზეთ  P.S. –ის (,,პოსტსკრიპტუმის'') ახალბედა ჟურნალისტი ვიყავი ...


ჩვენი გაზეთის პოპულარობა, პიკს აღწევდა არა მატო ქუთაისში, მთელს იმერეთში. ყოველკვირეული გაზეთის გამოსვლას, თემურ შაშიაშვილიდან (მაშინდელი ქუთაისის მერი) დაწყებული, პრესის სახლის დარაჯით დამთავრებული, ყველა მოუთმენლად ელოდა...


ჩვენი მთავარი რედაქტორის გამოჩენა კი, შიშის ზარს სცემდა საჯარო მოხელეებს...


გაზეთში, უამრავ საინტერესო რუბრიკას შორის, იყო ერთი, ძალიან სახალისო რუბრიკა- გაცნობის კლუბი ,,მე შენ გელი, რა ხანია!", რომელიც მკითხველის დიდ ინტერესს იწვევდა...


ეს ის პერიოდია, მობილური ტელეფონი, რომ არ გვქონდა ნანახი... ახლა, ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ იყო ასეთი დროც...


მოკლედ, ე. წ. ხაზის ტელეფონი იყო, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება...


მთავარს გადავუხვიე, მაგრამ ამის თქმაც ჭირდება საქმეს...


ერთ მშვენიერ დღეს, დღეს, როცა გაზეთის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დასრულდეს და კალკებზე ამოიბეჭდოს. კალკებზე დაბეჭდილი p.s.(,,პოსტსკრიპტუმის'')კი, ავთოს 03–ით(ჟიგულის მარკაა) უნდა წაიღონ თბილისში დასაბეჭდად... ყველაფერი მოსასწრებია, ერთმანეთს ვეხმარებით, განსაკუთრებით კორექტორს ვართ შესეული... აღმოჩნდა, რომ ადგილი რჩება თავისუფალი, ამაზე კი, დიზაინერი შორენა ლუტიძე ცოფავს ყველას... 

–ამდენი გასათხვარი გოგო ხართ და გაცნობის კლუბში ადგილი რჩებოდეს, სირცხვილი არააო?!–მაინც ვერ დაგვიყოლია შორენამ...


შორენას ქოთქოთზე, იდეამ გამინათა გონება და ...


,,ვარ 33 წლის, უმაღლესი განათლების მქონე მომხიბვლელი მამაკაცი. ვმუშაობ ერთ–ერთ ბანკში სოლიდურ თანამდებობაზე, ვცხოვრობ კეთილმოწყობილ საკუთარ სახლში, მშობლებთან ერთად. მაქვს უცხოური მარკის ავტომობილი. გავიცნობდი, სასიამოვნო გარეგნობის, 25 წლამდე ასაკის გოგონას, სასურველია, ჰქონდეს ღია ფერის თვალები და უმაღლესი განათლება''–ეროსი

საჭირო შეიქნა ტელეფონის ნომერი, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ მე მქონდა მარტო ხაზის ტელეფონი, მოკლედ, მივანიშნეთ ტელეფონი და...


მშვიდობით სიმშვიდევ... არ არსებობდა, დილა, საღამო, შუაღამე... რეკავდნენ გოგონები, დედები, ბებიებიც კი... რეკავდნენ, მაგრამ განცხადება არც ერთს არ ჰქონდა წაკითხული, უბრალოდ ზოგი ეროსის თანამშრომელი იყო, ზოგი– თანაკლასელი... ასაკოვანი ქალბატონები კი – ბუღალტერი ან დამლაგებელი... თურმე, ნუ იტყვით და... ეროსის კაბინეტში აქანდაზი და ცოცხი დარჩენია ერთ დამლაგებელს... 


პირველი ერთი კვირა ვხალისობდი, მერე კი, ყველას პირში ვახლიდი სიმართლეს, განცხადება წაიკითხეთ და ამიტომაც მირეკავთ მეთქი... ისეთ ტყუილებს აწყობდნენ, ჩემი უწყინარი ტყუილი ანგელოზად მეჩვენებოდა...


მთელ ამ აურზაურში, ერთი დამამახსოვრდა. სანდომიანი ხმის ქალმა, ალალად მითხრა, მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ეროსის და ვიყავი, სასიძოდ მომწონს, შვილო... არაჩვეულებრივი გოგონა მყავს, ექიმი, სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში მუშაობს, დედისერთაა, მაგაზე ამოგვდის მზე და მთვარე... დაგიტოვებ ტელეფონის ნომერს, გადაეცი შენს ძმას და თუ ბედი არიან ერთმანეთის, კი გაკეთდება საქმე, თუ არადა ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს შენი ძმაც და ჩემი შვილიცო... ერთი ფიქრით, დავაპირე სიმართლის თქმა...მაგრამ, მივხვდი, რომ გულს ვატკენდი და თავი შევიკავე...


ვმალავდი საგულდაგულოდ ეროსს, ხან ეძინა დაღლილს, ხან სათევზაოდ იყო, ხან დაბადების დღეზე, ხან მივლინებაში დედაქალაქში, ხანაც კიდევ საავადმყოფოში ....


მერე, ნელ-ნელა მიწყნარდა ზარები... თუმცა ერთი გამობრწყინება დაახლოებით სამი–ოთხი წლის შემდეგ კვლავ გამობრწყინდა... 

ჩვენი გაზეთი, იმერეთის რაიონებში ვრცელდებოდა, ქსელიდან მობრუნებული გაზეთები დაგროვდა რედაქციაში, ჩვენმა მენეჯერმა კი შესთავაზა დამტარებლებს, თუ სურვილი ჰქონდათ ძველი გაზეთებიც წაეღოთ. 
ასე მიაღწია ძველმა განცხადებამ წყალტუბოს სანატორიუმში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ იმ ხანად... რამდენიმე ზარი კვლავ გაისმა სასურველი სასიძოს სახლში.... 


ამ ამბავზე კარგა ხანი ვხალისობდით...


დღეს კი, ფეისბუკზე პოსტი წავიკითხე, ვალენტინობას ულოცავდა შეყვარებულს უცნობი, შენი ეროსიო, ასე ამთავრებდა კარგა მოზრდილ მილოცვის ტექსტს...


იმ შეყვარებულმა, ჩემი გამოგონილი ეროსი გამახსენა... ამბავი არარსებული ეროსისა, რომელიც ერთ დროს ჩვენი გაზეთის ყველა გასათხოვარი მკითხველის სასურველი საქმრო იყო...


არ იფიქროთ, რომ დაგცინეთ, ან წლების წინ, ან წლების შემდეგ. თქვენს ადგილზე მეც მომეწონებოდა ეროსი...


და რადგანაც 14 თებერვალი ვალენტინობა, შეყვარებულთა დღეა, ამ სახალისო ამბით მოგილოცავთ ყველას....


ვალენტინობას გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო!

 

წყარო : ლელა თოლორდავა/"aianews.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია