დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არის ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/02/14 13:02:54

აგერ უკვე რამდენიმე წელია ჩვენში არაეკლესიური საზოგადოება 14 თებერვალს ვალენტინობას (სიყვარულის დღეს) დიდი ზეიმით აღნიშანავს.  

14 თებერვალი მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ვინ იყო ვალენტინი? ის, რასაც ჩვენ დღეს 14 თებერვალს აღვნიშნავთ არის კი ქრისტიანული დღესასწაული?  

14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო თუმცა, ვფიქრობთ, მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ტრადიციის მიხედვით კლავდიუს II (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას იგი დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილს დაახლოვებია და კიდევაც შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: „შენი ვალენტინისაგან“. ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.  

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული. გადმოცემის მიხედვით, მას თავად სჭირდა ეს დაავადება.  

როგორც ვთქვით, მოგვიანებით ვალენტინი შეყვარებულების მფარველ წმინდანად მიიჩნეოდა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.  

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად ეკლესიის ისტორიის კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად.  

რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც, ამ თვეში ფებრუები (Februa) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა. მას რომაელები ქალების, ქორწინების ქალღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. ამ დღეს ფრინველთა დაწყვილების დღესასწაულიც ყოფილა. მომდევნო დღედ, 15 თებერვალი ლუპერკალიის დღესასწაულს ეძღვნებოდა. ასევე ნაყოფიერების წარმართული დღესასწაული, რომელიც მგლის კულტს უკავშირდებოდა. ღვთაებას ლუპერკი (Lupus-მგელი) ეწოდებოდა. ეს დღესასწაული რემუსსა და რომულუსსაც უკავშირდებოდა. როგორც ცნობილია, ლეგენდის მიხედვით რომის დამაარსბლების გადამრჩენლად მგელია მიჩნეული. ჩვენ აქ არ შევეხებით ლუპერკალის აღწერას. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ დღესასწაულის ღამეს რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და ჯამში იდებოდა. ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვიცი ქაღალდიც შეხვდებოდა. ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა.  

დღესასწაულის განმავლობაში ყმაწვილების დაწყვილება ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ხანდახან კი, როდესაც ისინი იზრდებოდნენ, ქორწინდებოდნენ კიდევაც.   სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (რაც მეტნაკლებად დღემდე ტრადიციულია) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც ვფიქრობთ დაემატა ლეგენდა ზემოთხსენებული ბარათის შესახებ, რომელიც სიკვდილის წინ მოწამემ ბრმა გოგონას გაუგზავნა. თებერვალი ხომ ქრისტიანული „სასიყვარულო“ თვე იყო, ამას მრავალი, დღემდე შემორჩენილი წარმართული ქართული წეს-ჩვეულებაც მოწმობს, რომლებიც განსაკუთრებით უხვადაა საყველიერო ხალხურ დღესასწაულებში.  

მართლმადიდებელი ეკლესია 14 (27) თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. იგი მოიხსენიებს: ინტერმანის ეპისკოპოსს, მღვდელმოწამე ვალენტინეს (უალენტინე) 30 (12.08) ივლისი, წმიდა მოწამე ვალენტინე ხუცესს - 6 (19) ივლისი, წმიდა ვალენტინოს (ვალენტინე) - 24 (6.05) აპრილი, წმიდა ვალენტინის - 16 (29) თებერვალი და 9 (22) მარტი. მათ არ აქვთ კავშირი 14 თებერვლის ვალენტინთან.  

ამრიგად ვალენტინობის დღესასწაული სრულიად უცხოა მართლმადიდებლური სამყაროსათვის. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში. იგივე აზრი დაფიქსირებულია ე. ლივინგსტონის Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Church, 2000, p. 601.  

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში მოღვაწეობდა წმიდანი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ჩვენში მართლმადიდებლობის განმტკიცებას და აღორძინებას. იგი არა მარტო თბილისის მფარველია, არამედ ანიჭებს ადამიანებს შვილიერებასა და ოჯახურ ბედნიერებას. და რაც მეტად ცხოვრობს ადამიანი ღვთისთვის სათნოდ, მით მეტად ეძლევა მას წყალობა ღმერთის წმიდანების და მათ შორის წმიდა მამა დავით გარეჯელის. მამა დავითი, ყველა ჩვენგანის დიდი მოძღვარი, შემწეობას, ოჯახურ ბედნიერებასა და შვილიერებას დღესაც უხვად ანიჭებს მასთან საშველად რწმენით მისულ თვითოეულ ჩვენთაგანს. ნუ დაივიწყებთ მას, სასოებით ევედრეთ, ის ხომ ჩვენთვის ლოცულობს ღვთის წინაშე, ჩვენთვის ოჯახურ ბედნიერებასა და სიყვარულს შესთხოვს უფალს.  

 

წყარო: www.orthodoxy.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2686
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია