„ქალთა კავშირის“ თავჯდომარე ინგა ქარდავა სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის რწმუნებულებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ქარდავას განცხადებით, მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია სოფელ ლეძაძამეში რწმუნებულის გადაყენებამ და ახალი რწმუნებულის დანიშვნამ.
რადგან ახალი რწმუნებულის, რესპუბლიკელი კაპიტონ ტორჩინავას დანიშვნა ადგილობრივ მოსახლეობას არ სურს, ამიტომ ის სამუშაო კაბინეტში არ შეუშვეს.
თუმცა, ინგა ქარდავას ინფორმაციით, დაპირისპირება ახალ რწმუნებულთან ამით არ დამთავრებულა. სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა სენაკის გამგეობასთან და გამგებელ გოჩა დგებუაძესთან შეხვედრა მოითხოვა.გამგებელი მათთან შეხვედრას თავს არიდებდა. ამ პროცესებს სენაკის „თავისუფალი ზონის“ წევრები აკვირდებოდნენ, მათი ჩართვა ხალხმა მოითხოვა– განაცხადა ქარდავამ.
ინგა ქარდავა (არასამთავრობო მორგანიზაცია „ქალთა კავშირის“ თავჯდომარე):
_საღამოს, 6 საათზე გამგებლის კაბინეტში გადაწყდა, რომ შეხვედროდნენ ხალხს. ამ შეხვედრაზე „თავისუფალი ზონის“ წევრის შესვლას ითხოვდა მოსახლეობა, რათა გაეშუქებინათ მიმდინარე პროცესი, თუმცა თავიდან „თავისუფალი ზონის“ რეპორტიორს, მირანდა მირცხულავას სენაკის გამგებლის მოადგილე გოჩა ლაშქარავა შეხვედრაზე დასწრების უფლებას არ აძლევდა. მას შემდეგ რაც ლაშქარავას გააცნეს "რეპორტიორის" უფლებები, საბოლოოდ , მოხერხდა შეხვედრაზე დასწრება და გაშუქება.
მოლაპარაკების შედეგად სენაკის გამგებელმა ახალი რწმუნებულის საკითხის მოსაგვარებლად 10 დღიანი ვადა ითხოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გადაწყდება ახალი რწმუნებულის დანიშვნის საკითხი. – აცხადებს ინგა ქარდავა