დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია კრიალაშვილის და: "მერაბიშვილი ჩემი ძმის გვამს ითხოვდა, ეს იყო სააკაშვილის ბრძანება"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/30 19:21:30

 

 სტუდია "რეპორტიორის" პრესკლუბში  ე. წ. ამბოხში ბრალდებულებმა: კობა ოთანაძემ, კობა კობალაძემ და ლევან ამირიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მათ   2009 წლის 5 მაისს მუხროვანის სპეცოპერაცია გაიხსენეს. მათი განცხადებით,   მუხროვანის რეინჯერების ბატალიონი და მათი მეთაურები ამბოხში იყვნენ დადანაშაულებული.

 

ყოფილი  ხელისუფლების მაღალჩინოსნები მუხროვანში ჩავიდნენ და სპეცოპერაცია მოაწყვეს,  ამბოხის ბრალდებით  40–მდე რეინჯერი დააპატიმრეს. მუხროვანში თვით მთავრსარდალი სააკაშვილიც ჩავიდა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერრაციას. 5 მაისს დააკავეს გია ღვალაძე, ლევან ამირიძე და  გენერალი კობა კობალაძე.რამდენიმე პირზე  ძებნა გამოცხადდა. 20 მაისს კი, ჩატარებული  სპეცოპერაციის შედეგად  გია კრიალაშვილი დაიღუპა, ხოლო ლევან ამირიძე და  კობა ოთანაძე მძიმედ დაიჭრნენ.

 

 

 ამბოხებაში ბრალდებულებმა კობა ოთანაძემ, კობა კობალაძემ და ლევან ამირიძემ  სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს და   მათი გასამართლების მიზეზებზე და   დადანაშაულების ეპიზოდებზე ისაუბრეს.  მათი განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლება აპირებდა მუხროვანის ბატალიონი გამოეყენებინა აქციების დასაშლელად, რომელიც პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე მიმდინარეობდა. ამ ბრძანებას  ბატალიონი არ დაემორჩილა, ამიტომაც მუხროვანის ბატალიონში სპეცოპერაცია ჩაატარეს და  ამბოხებაში ბრალდებულები დააპატიმრეს, ხოლო  ბრალდებული კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე, რომლებიც  საქართველოდან გასვლას აპირებდნენ,  ჩაცხრილეს.

 

ახლა  ე.წ. ამბოხში ბრალდებულები  პროკურატურას ამ საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

       

ლევან ამირიძე (რეინჯერების ბატალიონის მეთაური):

_ ეს იყო ჩვენი მეთაურების პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების წინაშე. ალბათ, გახსოვთ, ხელისუფლების კრიზისი იყო, ქვეყანაში მიტინგები ტარდებოდა, რუსთაველის გამზირი კარვების ქალაქს ჰგავდა, პარლამენტი პარალიზებული იყო. იმის საშიშროება არსებობდა, რომ განმეორებულიყო 7 ნოემბერი, ანუ ხელისუფლება აპირებდა წინასააღლუმო მომზადების ჩატარებას, რასაც კარვების ქალაქის აღება მოჰყვებოდა.

 

ამ საქმეში ხელისუფლებას  უნდოდა, გამოეყენებინა ძალა. იმ პერიოდში  გახლდით სპეცოპერაციების რეინჯერების ბატალიონის მეთაური, კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების ფსიქოლოგია და ზუსტად ვიცოდი, რომ  უკან არაფერზე არ დაიხევდნენ, რაც მოგვიანებით 26 მაისს  შეასრულა სააკაშვილმა. ხომ ნახეთ გვამები მაღაზიის სახურავებზე, სწორედ ამისათვის ვთქვით უარი,  რომ დაგვეშალა მიტინგი და ეს ჩაგვითვალეს ამბოხებასა და სამშობლოს ღალატში.

 


კობა ოთანაძე (პოლკოვნიკი):

_ჩვენ  მივედით მუხროვანის ბატალიონის ბაზაზე და ვაპირებდით გამოსვლას, არცერთ ჯარისკაცს არ ვუნახივართ  ბაზაზე შესული მე და გია კრიალაშვილი, პროტესტის გამოხატვაც კი ვერ მოვასწარით. როგორც კი შევედით სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილს შემოარტყეს ალყა, ეს გახლდათ გამზადებული პროვოკაცია. უბრალოდ, ვაპირებდით განცხადების გაკეთებას, რომ არ დავშლიდით მიტინგს და სხვა არაფერი, მეთაურებმა ამ განცხადების გაკეთებაც ვერ მოასწრეს, ისე აიყვანეს.

 

მაშინ  ბაზიდან გამოღწევა შევძელით, მაგრამ მოგვიანებით მაინც ჩამცხრილეს, მე  და ამირიძე გადავრჩით, გია კრიალაშვილი კი დაიღუპა.  ახლა რომ საუბრობენ ორმხრივი სროლები იყოო, ეს სიცრუეა, სროლა ისე მოულოდნელად ატყდა, აზრზეც ვერ მოვედით.

 

 29 წელი მქონდა მისჯილი, 4 წელი მოვიხადე და მერე ამინისტიით  გამათავისუფლეს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც პროკურატურაში სარჩელი  შევიტანე, მაგრამ გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყეულა.

 


კობა კობალაძე (გენერალი):

_ მე საერთოდ არც ბაზაზე შევსულვარ და არც გამოვსულვარ, ჟურნალისტების მოტყუებით გამომიყვანეს სახლიდან და    ჩემი სახლის წინ ჩამიტარეს სპეცოპერაცია  და დამაკავეს.  პირადად   მთავრსარდალმა სააკაშვილმა გასცა ბრძანება ჩემი დაკავების შესახებ, ვერავითარი ბრალდება ვერ წამომიყენეს და ბოლოს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, გამამართლეს და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს.

 


ლია კრიალაშვილი   (გარდაცვლილი გია კრიალაშვილის და):

_ ვანო მერაბიშვილი სწორედ ჩემი ძმის გვამს ითხოვდა, ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანება, მისი სიტყვები კარგად მახსოვს: ამბობდა, მიწიდან ამოიღეთ  კრიალაშვილიო.

 

თუკი ჯარისჯაცი აღლუმზე არ გავიდოდა იმ პერიოდში, როცა ჯარისკაცების მეგობრები და ახლობლები დაიღუპნენ,ეს დანაშაული იყო?  ერთ–ერთ ჟურნალისტს "სოდის" თანამშრომელი უყვება კიდევაც, თუ როგორ დაიგეგმა ეს ოპერაცია "სოდის" შენობაში, როგორ დაცხრილეს, როგორ გაისვარეს სისხლით ხელები და როგორ შემოიხვიეს ჩემი ძმის ტანსაცმელი. ვაპირებ ვიდეოჩანაწერი გადავცე საგამოძიებო ორგანოებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია