თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის მკვიდრი 72 წლის ომარ ფანჩულიძე ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ფანჩულიძე საზოგადოებამ პარლამენტში ბობბის შესახებ განხორციელებული ანონიმური ზარით გაიცნო. რამდენიმე თვის წინ ომარ ფანჩულიძემ პარლამენტში დარეკა და ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა, რის გამოც პარლამენტში სხდომა ჩაიშალა. ანონიუმური ზარის შესახებ რამდენიმე ვერსია გავრცელდა, თუმცა, როგორც ფანჩულიძემ მოგვიანებით განაცხადა, მან დაუფინანსებელი თვალის ოპერაციის გამო მთავრობაზე ჯავრი იყარა და დეპუტატები შეაშინა. „რას ვითხოვ ისეთს, რომ ვერ მიფინანსებენ, 800 ლარიანი ოპერაცია, მხოლოდ ერთი თვალი რომ მაინც გადავირჩინო. ვის არ მივმართე დეპუტატებიდან დაწყებული მინისტრებით დამთავრებული, მაგრამ ყველა უარს მეუბნება. მაქვს ექიმის დასკვნა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო ვარ, დაზღვევაც მაქვს, მაგრამ არავის აინტერესებს. ეგ კი არადა იმითაც კი არავინ დაინტერესებულა რატომ დავრეკე პარლამენტში და რა იყო ამის მიზეზი? მხოლოდ დამაჯარიმეს და გონიათ ამით მორჩა. არავის უკითხავს რამ მიმიყვანა ამ ზომამდე, სოციალურ დახმარებასაც კი არავინ მაძლევს მაშინ, როცა სახლს ფანჯრებიც კი ჩამოენგრა და აღარაფერი გამაჩნია. არავინ მპასუხობს რა მიზეზით არ მიფინანსებს სამინისტრო 800 ლარიან ოპერაციას, მაშინ როდესაც თვითონ ყოველ დღესასწაულზე ათიათასობით პრემიებს ირიგებენ. ეს არის ადამიანების აბუჩად აგდება. უკვე აღარაფერი მაქვს დასაკარგი. თუკი პასუხს არ მივიღებ, მაშინ ბომბის შესახებ ანონიმური ზარი მონაგონი იქნება, ისეთ რამეს ჩავიდენ, ჯერ რომ არავის გაუგონია და სამწუხაროდ მერე გვიანი იქნება“-განაცხადა ომარ ფანჩულიძემ. ფანჩულიძე PSNEWS.GE-ის დაუკავშირდა და მოსალოდნელი პროტესტის შესახებ აცნობა. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემის მოსაგვარებლად 2 კვირინ ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება.