დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსაზრება
ნინო ლეჟავა: "დღეს ჩვენ თქვენ სოლიდარობას გიცხადებთ!"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/10 13:26:57
"1971 წლის 5 აპრილს ფრანგულ გაზეთში Le Nouvel Observateur გამოქვეყნდა მანიფესტი, რომელსაც 343 ქალი აწერდა ხელს. ისინი საჯაროდ აცხადებდნენ, რომ გაკეთებული ჰქონდათ აბორტი და შესაბამისად იმჟამინდელი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. ისინი ამ მიზეზით ითხოვდნენ სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებას. 
343 ხელმომწერს შორის იყო ბევრი ცნობილი ადამიანიაც - სიმონ დე ბოვუარი, ფრანსუაზა საგანი, აგნეს ვარდა, კატრინ დენევი, ჟანა მორო, მარინა ვლადი. ასევე ფემინისტური მოძრაობის მრავალი სხვა წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით ადრე აბორტის გამო სამასზე მეტი ქალი გასამართლდა, ფრანგულმა ორგანოებმა უარი თქვეს საჯაროდ ხელმომწერი ქალების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
 
 
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია გასული საუკუნის 60-იანი წლებში აგორებული მეორე ტალღის ფემინისტური ბრძოლის ისტორიიდან, რომლის პროგრესულ შედეგებს ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთშიც კი ყოველდღიურად იყენებენ ადამიანები. ფრანგი თანამოაზრეების მიბაძვით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ჟურნალში Stern 374-მა ქალმა გაასაჯაროვა თავისი პირადი ისტორია სათაურით "ჩვენ გავიკეთეთ აბორტი". მოგვაინებით, 1979 წელს ესპანეთშიც მოითხოვეს ქალებმა აბორტის დეკრიმინალიზაცია და ასე შემდეგ.
 
 
რამდენადაც 2014 წელს აბსურდულად უნდა გვეჩვენებოდეს ქალის უპირობოდ გასამართლება და დასჯა აბორტის გამო, მით უფრო გროტესკულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ საშობაო ეპისტოლეში ჩამოყალიბებული აზრი, თითქოს:"შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა."



თუ ამასობაში აბორტისა  და ნაყოფის მოსპობის სტიგმა დაიძლია, საშობაო ეპისტოლეში წამოჭრილ თემაში ლაპარაკი სწორედ
 საპირისპიროზეა -თანამედროვე სამედიცინო მეთოდების დახმარებით გაჩენილ ცოცხალ ადამიანებზე. არადა, თუ დავუფიქრდებით, არცთუ ძნელი მისახვედრი უნდა იყოს, რომ ასეთი ბავშვი ბევრად უფრო გააზრებულად შეიძლება - ხაზს ვუსვამ -შეიძლება იყოს ჩასახული, ვიდრე რომელიმე ვნებიანი და ჟინიანი ღამის შედეგად ჩასახული ბავშვი.
ასევე, აღვნიშნავ, რომ ამ მცირე გამოხმაურებაში არ ვაპირებ, ჩავუღრმავდე ბიოეთიკის საკითხებს და არც იმას, თუ რატომ და რის ფასად მიდიან ქალები ხშირ შემთხვევაში სუროგაციაზე. 
 
 
ზემოთაღწერილი ისტორიული მაგალითების მოხმობა კი იმიტომ დამჭირდა, რომ მივმართო იმ დედებს და მამებს, რომლებსაც ყავთ ხელოვნურად განაყოფიერებით შედეგად ჩასახული შვილები, ან ახლა გადიან ამ ურთულეს პროცესს: ნუ დაითრგუნებით, ნუ გაუჩინარდებით, ნუ დადუმდებით! ცალ-ცალკე და ერთად საჯარო განაცხადი გააკეთეთ თქვენი შვილების არსებობის უფლების შესახებ. 
 
 
დღეს ჩვენ თქვენ სოლიდარობას გიცხადებთ!"

ნინო ლეჟავა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი

PS. რადგან ჩემს საფრენდეთში ბევრი ასეთი ოჯახი არ მეგულება, კარგი იქნება, თუ გაავრცელებთ ამ ტექსტს. 10 ოჯახი მაინც თუ შეძლებს, დაძლიოს ახლადშექმნილი სტიგმა, გადალახოს ახლად აღმართული კულტურული ბარიერი, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ჰუმანური სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. 
წყარო "ნეტგაზეტი"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია