დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საშობაო ეპისტოლეს რეზონანსი
საპატრიარქომ სუროგაციაზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზე პოზიცია დამატებით განმარტა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/08 23:25:12

საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩენილ ბავშვებს არ უპირისპირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ცოდვად“ მიჩნეული ეს მეთოდები მისაღებია.

 

კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საშობაო ეპისტოლეშიგამოთქმული იყო პოზიცია, რომ  სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის ოჯახი არ შეიძლება იყოს ბედნიერი და ასევე პრობლემურნი იქნებიან ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვებიც.

 

საპატრიარქოს დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია მას შემდეგ, რაც საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ეკლესია ამ პოზიციის გამო.

 

„საშობაო ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ერთი ნაწილი კი გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებზე და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ჟურნალისტებს  8 იანვარს გააცნო.

 

„ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისაგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

„თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან აღნიშნულის შესახებ გააფრთხილონ მრევლი და საერთოდ საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა“, - განმარტავს საპატრიარქო.

 

იმავდროულად, თბილისში საპატრიარქოს წინ 8 იანვარს აქტივისტების ჯგუფი შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატა პარტიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული განცხადებების წინააღმდეგ. იმავე ადგილას ასევე გაიმართა კონტრდემონსტრანტების აქცია, რასაც მცირე შეხლა–შემოხლა მოყვა. სამართალდამცავებმა, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის იდგნენ, ოთხი პირი დააკავეს. დღესვე საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც გაემიჯნა ყოველგვარ ძალადობას და ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 8 იანვარს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომ ეკლესიამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ისეთ საკითხებზე მსჯელობისას, „რამაც კონკრეტული ადამიანების, მით უმეტეს, ბავშვის უფლებები შეიძლება შელახოს“.

 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა 8 იანვარს: „ის ექსპერტები, ვინც აი ეს რეკომენდაცია, აი ეს ანალიზი მიაწოდა პატრიარქს, ალბათ, ვალდებულები იყვნენ უფრო ღრმად ჩაეხედათ საკითხში და უფრო ყოვლისმომცველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ ასეთი ფაქიზი თემის“.

 

წყარო "სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია