დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღია წერილი პატრიარქს
ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქს სთხოვს, ნუ გარიყავს ეკლესიიდან სუროგატი დედის გაჩენილ შვილებს...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/07 15:13:18

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში, facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელშიც ის საქართველოს პატრიარქს მიმართავს და მის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. გთავაზობთ ამ მიმართვას:

"საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II–ს წერილიტ 

თქვენო უწმინდესობავ,

მოგმართავთ უდიდესი მოკრძალებით.

დღევანდელ საშობაო ეპისტოლეში თქვენ განაცხადეთ შემდეგი:

,,შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.“


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით უშვილობა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 15%–ის პრობლემას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ უშვილობის მიზეზების დადგენის თვალსაზრისით მეცნიერებამ მნიშვნელოვნადწინ წაიწია უკანასკნელ ათწლეულებში, უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40%–ში მიზეზის დადგენა დღესაც ვერ ხერხდება.

 

საქართველო ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს გამონაკლისს. პირიქით, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე და შესაბამისად სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით უნდა ვივარაუდოთ რომ საქართველოში გაცილებით მძიმე ვითარებაა.


ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ოცნებობს ჰყავდეს შვილი. და ხშირ შემთხვევაში ამის ერთადერთი, უკანასკნელი შანსი ხელოვნური განაყოფიერება ან სუროგატი დედის მომსახურების გამოყენებაა.

 

ორივე ეს მეთოდი საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს, შვილის ყოლის სურვილი იმდენად დიდია, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში მიდიან უკანასკნელი ქონების, იქნება ეს ბინა თუ მიწის ნაკვეთი, გაყიდვაზე.


ქალების უმეტესობა,რომელიც ხელოვნური განაყოფიერების ან სუროგატი დედის დახმარებით ხდება დედა, ამას ღვთის წყალობად მიიჩნევს. ამიტომ, ჩემი აზრით, ეკლესია ასეთ მშობლებსა და მათ შვილებს მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს და არ უნდა რიყავდეს.


ქრისტიანული სწავლებით თითოეული ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინება ღვთის ნებაა. ყველა მათგანში ღმერთია, მიუხედავად იმისა, როგორ მოხდა მათი ჩასახვა ან რომელი დედის მუცელში გაატარა ნაყოფმა ცხრა თვე.

 

ის, რომ თანამედროვე სამყაროში სამეცნიერო პროგრესმა შესაძლებელი გახადა უშვილობის პრობლემის მოგვარება, იგივე სწავლებით, ასევე ღვთის ნებაა. ამიტომ, ჩემი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის თხოვნა იქნება – დაუბრუნეთ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, რწმენა, რომ ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა. კარგი იქნება თუ მისცემთ მათ მონათვლის საშუალებას მშობლების სურვილის შემთხვევაში და არ გარიყავთ ეკლესიიდან.

გილოცავთ შობას!"


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2550
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია