დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მასწავლებელი
„ყველა პედაგოგს უნდა მიეცეს შანსი, რათა გაეცნოს სწავლების თანამედროვე მეთოდებს“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/25 14:31:30

მარიამ კუჭუხიძე №8 საჯარო სკოლაში ინგლისური ენას ასწავლის. არის  TOTSI (Training of Trainers Sammer Institute) პროგრამის კურსდამთავრებული. სტაჟირება გაიარა აშშ-ში და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების შემდეგ მიენიჭა მასწავლებელთა ტრენერის საერთაშორისო სერთიფიკატი.


გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

– როგორ ფიქრობთ, რამდენად ნაყოფიერი იყო ეს პროექტი თქვენთვის და თვლით თუ არა, რომ ყველა მასწავლებლისათვის იქნება სასარგებლო ამ პროექტში მონაწილეობა?

 

– ELCE (ინგლისური ენა სამოქალაქო განათლებით) ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სრულყოფილი პროექტი, რასაც ოდესმე დავსწრებივარ. წლების განმავლობაში მრავალ პროექტში, ტრენინგსა და სემინარში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ELCE იყო ნამდვილად განსაკუთრებული, მრავლისმომცემი, მაღალ დონეზე ორგანიზებული და დაგეგმილი ტრენინგკურსი. სამწუხაროდ, პროექტი დაიხურა, თუმცა საქართველოს ყველა რეგიონში არიან გამოცდილი მასწავლებლები, რომლებიც დატრენინგდნენ ELCE-ს მიერ და მზად არიან, გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. ვთვლი, რომ ყველა პედაგოგს უნდა მიეცეს შანსი, რათა გაეცნოს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მიდგომებს, რაც დაეხმარება მათ სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.

 

– შეგძინათ ამ პროექტმა უფრო მეტი გამოცდილება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნაში?

 

– ზოგადად, ტრენინგებზე მასწავლებლები იღებენ მხოლოდ თეორიულ ცოდნას. ეს პროექტი გამოირჩეოდა იმით, რომ თეორიული ცოდნის განმტკიცება ხდებოდა პრაქტიკაში. ყოველი workshop-ის შემდეგ ტრენერი აკვირდებოდა ჩემს გაკვეთილებს და მაძლევდა კონსტრუქციულ და სასარგებლო feedback-ს, რაც საშუალებას მაძლევდა, გავზრდილიყავი პროფესიული თვალსაზრისით.

 

– რა კრიტერიუმით შეფასდა და აირჩა შტატებში სტაჟირებაზე და  გადასამზადებლად გასაგზავნი მასწავლებლები?

 

– პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ მასწავლებელი უნდა ყოფილიყო აუცილებლად მონაწილე ELCE-პროექტის და ჰქონოდა ტრენინგებსა და workshop-ებზე თითქმის 100 %-იანი დასწრება. ასევე იყო შესავსები საკმაოდ რთული აპლიკაციის ფორმა (სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და ა.შ.)  ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო 1-წლიანი სამოქმედო გეგმის დაწერა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი, თუ რას გავაკეთებდით და დავნერგავდით ინგლისური ენის სწავლების განვითარებისათვის. ნახევარფინალისტებს ჰქონდათ skype-გასაუბრება. Skype-კონფერენციაში ჩართული იყო George Town-ის უნივერსიტეტისა და World Learning-ის ტრენერები, ასევე ა.შ.შ.-ს საელჩოსა და PH International-ის წარმომადგენლები. საბოლოოდ დაჯამდა ყველა მონაცემი და ქულები და შეირჩა ფინალისტები.

 

– როგორი გრძნობა იყო, როცა მოხვდით საქართველოს საუკეთესო ინგლისურის მასწავლებლებს შორის?

 

–  როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ფინალისტი ვიყავი, ეს იყო წარმოუდგენელი განცდა და სიხარული, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, რადგანაც საშუალება მეძლეოდა მესწავლა და გამევლო ინტენსიური კურსი ტრენერების მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან და ძლიერ სკოლა SIT-ში პედაგოგიკის კუთხით, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი და მდებარეობს ბრატლებოროში, ვერმონტის შტატში და ასევე, საშუალება მეძლეოდა, გამოცდილება მიმეღო World Learning-ის ვაშინგტონის ოფისში, მეცხოვრა ამერიკული ცხოვრებით და გავცნობოდი ამერიკულ კულტურას და ტრადიციებს.

 

– რას ურჩევდით თქვენს კოლეგებს, იმისათვის, რომ უფრო კარგი განათლება მისცენ საკუთარ მოსწავლეებს?

 

 

ვურჩევდი, რომ იზრუნონ პროფესიულ ზრდაზე და გაიარონ სხვადასხვა გადამზადებები. შეეცადონ, რომ მათი საგაკვეთილო პროცესი იყოს მრავაფეროვანი, საინტერესო და ძირითადად მოსწავლეზე ორიენტირებული. გაითვალისწინონ მათი მოსწავლეების ინტერესები, გაამდიდრონ გაკვეთილები ტექნოლოგიური რესურსებით და პრაქტიკული აქტივობებით.

 

– რამდენად დიდი ენერგია სჭირდება საგაკვეთილო პროცესის წარმართვას და როგორ გგონიათ, ამ პროექტის წყალობით დაინერგება თუ არა საქართველოში სწავლების უფრო თანამედროვე ფორმები?

 

 –  უდავოა, რომ საგაკვეთილო პროცესის კარგად დაგეგმვა და წარმართვა მოითხოვს უსაზღვრო ენერგიას. თავდაპირველად უნდა დავადგინოთ ის მისაღწევი მიზნები, რაზეც უნდა გავიდეთ თითოეული გაკვეთილის ბოლოს, შევარჩიოთ ადეკვატური და ლოგიკურად ერთმანეთზე გადაბმული და დაკავშირებული აქტივობები, ძირითადი და ქვემო მიზნების მისაღწევად. ყველაზე მნიშვნელოვანია შეფასების სქემა და აქტივობა, რისი მეშვეობითაც შევაფასებთ და გავზომავთ მიზნების მიღწევადობას. ამ პროექტის წყალობით მთელს საქართველოს რეგიონებში დაინერგა სწავლების, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისა და პრაქტიკაში განხორციელების  თანამედროვე მეთოდები.

 

– რა რჩევას მისცემდით მომავალ თაობას იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთივე წარმატებას როგორსაც თქვენ?

 

– „წარმატება“, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგანაც ვფიქრობ, კიდევ მეტი უნდა გავაკეთო ამისათვის. იყო მასწავლებელი, ეს ნიშნავს მუდმივად მუშაობდე საკუთარ თავზე, მუდმივად იყო მოტივირებული და მზად, რომ ისწავლო და ასწავლო. ამისათვის საჭიროა დაუღალავი შრომა, საქმისადმი სიყვარული და ერთგულება.

 

 

მაგდა სირბილაძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის №8 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია