დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 22 – 28 ნოემბერი, №41 (299)
ნამდვილი და მოგონილი აკაკისა და ტასო მაჩაბელის ურთიერთობის შესახებ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/03 14:58:11

მე-9 ათეული წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხის სათაყვანებელი მგოსანი გარდაიცვალა (1915 წლის 8 თებერვალი). მიუხედავად ამისა, ინტერესი მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ არათუ განელდა, პირიქით.

 

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს აკაკის ცხოვრების ბოლო პერიოდი... უმთავრესად ეპიზოდები, სადაც ტასო და ივანე მაჩაბელები ფიგურირებენ. არის საკითხები აკაკისთან მიმართებაში, რომლებზედაც ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. მათზე ხან დუმილს არჩევენ, ხან კამათობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იდუმალება აწვალებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და ისტორია.

 

ბუნებრივია, გვაწვალებს ჩვენც და ამის გამო, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ინტერვიუ ვთხოვეთ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ქალბატონ თამარ ახვლედიანს.

 

იგი აკაკი წერეთლის შემოქმედებას 20 წელზე მეტია, იკვლევს. ამის შედეგია მისი სამნაწილიანი ნაშრომი, რომლის მესამე წიგნი „აკაკი წერეთლის მხატვრულ სახეთა სისტემა და მოდელი“ უკვე გამოცემულია, ქალბატონ თამარს განზრახული აქვს ნაშრომის პირველი ნაწილის გამოქვეყნება, სადაც აკაკის პიროვნებაა შესწავლილი  და მეორე ნაწილისა - სადაც გადმოცემულია აკაკის შემოქმედებითი პროცესი, ანუ ის, თუ როგორ წერდა აკაკი.

 

პირველი ნაწილიდან გამოქვეყნებულია მხოლოდ ერთი თავის „როგორ უყვარდა აკაკის“ ფრაგმენტი (წიგნი - „აკაკი წერეთლის სატფრიალო ლირიკა და მისი ადრესატები“).

 

მეორე ნაწილიდან გამოცემულია მცირე მონაკვეთი, - წიგნი, რომელსაც ჰქვია „მარადი ნათელი“.

 

- ქალბატონო თამარ, თქვენი აზრით, ურთიერთობის რა ფორმა იყო ჩამოყალიბებული აკაკისა და ტასო მაჩაბელს შორის და შეიძლებოდა თუ არა, ეს ურთიერთობა ივანე მაჩაბელის გაქრობის მიზეზი გამხდარიყო?..

 

- მწერლის შემოქმედებას ვერ გაიგებ, თუ მის ცხოვრებასა და პიროვნებას არ შეისწავლი. აკაკის სატრფიალო ლირიკის ადრესატების შესწავლისას, რადგან მისი ბოლო, ყველაზე დიდი სიყვარული ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი (ივანე მაჩაბელის მეუღლე-ს.ბ.) იყო, ჩემს წინაშე დადგა აუცილებლობა ამ საკითხის გარკვევისა. ვცადე, თავი მომეყარა იმ ფაქტებისთვის, რაც გაბნეული იყო თანამედროვეთა მოგონებებში, მაგრამ მოგონებები ურთიერთდაპირისპირებული წაკითხვის შესაძლებლობას იძლეოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ძირითად დოკუმენტად აკაკის შემოქმედება გამეხადა.

 

შევეცადე, შემოქმედებაზე, როგორც ფსიქოლოგიურ დოკუმენტზე, დაყრდნობით, ერთგვარად აღმედგინა აკაკის ცხოვრების ეს მომენტიც-იმდენად, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მხატვრული ნაწარმოებები იძლევა.

 

მე ხელთ არ მქონია არც დოკუმენტური პროზა, არც მემუარები... აქ ხშირად გაუცხოებულ და შეცვლილ ფაქტებს შორის უნდა დამენახა და მევარაუდა, რა შეიძლებოდა, მომხდარიყო.

 

ფაქტია, აკაკის ბევრი ლექსი აქვს მიძღვნილი ტასოსადმი. თუმცა, შეიძლება, აქაც არ ვიყოთ მთლიანად დარწმუნებული, რომ ამ ლექსების ადრესატი ტასოა, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომელთაც აკაკიმვე გაუკეთა მიძღვნა. ოღონდ ქრონოლოგიურად (ეს ის პერიოდია, როცა უყვარდა ტასო), „ქებათა ქება, „დიდება მაღალთა შინა“, „რაც არ იწვის, არ ანათებს“, „საიდუმლო ტრფიალება“, „ქრისტე აღსდგა“ (ჩემს სათაყვანოს) და სხვა კიდევ ბევრი საინტერესო ლექსი ტასოს უნდა ეძღვნებოდეს...

 

როცა ჩვენ ვიყენებთ ი. ზურაბიშვილის მოგონებას, სადაც იგი მოგვითხრობს ერთ არისტოკრატ ქალზე, რომელიც ყვება მისდამი აკაკის მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ, არ მიუთითებს, რომ ეს ქალი ტასო ბაგრატიონია. ოღონდ, ამ ქალის მონათხრობი ნამდვილად ემთხვევა ივანე მაჩაბელის მეუღლის ბიოგრაფიულ ფურცლებს.

 

ამდენად, ეპისტოლარულ მემკვიდრეობასა და ნაწარმოებებზე (ლექსებზე, პოემებზე, მოთხრობებზე, პუბლიცისტიკაზე, დრამებზე) დაყრდნობით, შევეცადეთ, აღგვედგინა აკაკის ტასოსადმი სიყვარულის ისტორია. ამ ამბის შესახებ აკაკის ნამდვილად არაფერი დაუწერია, რაც აბსოლიტური დოკუმენტის მნიშვნელობას შეიძენდა. თუ აკაკის ორ მოთხრობას-„სამგვარი სიყვარული“ და „ის“ (დაუმთავრებელია)-დავეყრდნობით, ასევე მოვიშველიებთ ი. ზურაბიშვილის მიერ ერთი ქალისადმი მიცემული კითხვების პასუხებს, დაახლოებით, ასეთი სურათი შეიქმნება:

 

აკაკის საჩხერეში, თავისი მეზობლის, ბეჟან წერეთლის, სახლში, გაუცვნია მისი ცოლისდა-15-16 წლის ტასო ბაგრატიონი, ნიცა ბაგრატიონის შუათანა და. აკაკი მაშინვე მოხიბლულა ტასოთი, ოღონდ ის, 29 წლით უფროსი მამაკაცი, გონებაში ვერც დაუშვებდა სიყვარულის გრძნობას. ჩათვალა, რომ მისი ასეთი აღფრთოვანება გამოიწვია იმან, რომ ესაა მართლა მისი ოცნების განხორციელება, ფიზიკური და სულიერი მშვენიერების ერთობა, იდეალური ქართველი ქალი, რომლის ერში გაჩენაზეც ოცნებობდა. მერე თბილისში, „დროების“ რედაქციაში, აკაკი ესაუბრა ივანე მაჩაბელს ტასოზე-როგორც ქალის იდეალზე.

 

თუ მოთხრობა „ის“-ის პერსონაჟი, ბეგლარ აჩაბეთელი, ივანე მაჩაბელია, მას უთქვამს: „ისე ლაპარაკობ, მგონი, გიყვარს ეს ქალიო“. აკაკის კი (თუ ამ მოთხრობის მთხრობელი პერსონაჟი ავტობიოგრაფიული სახეა) უპასუხნია: „მიყვარს, როგორც და, დედა და შვილი, სხვაგვარი რამ რომ მდებოდა გულში, არც ასე სრულად მეყვარებოდაო“.

 

ივანე მაჩაბელს, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ნიკო დიასამიძის ოჯახში გაუცვნია ტასო და ისე მოხიბლულა, იმავე დღეს ხელი უთხოვნია. ბეგლარ აჩაბეთელი მოთხრობაში (იგულისხმება მოთხრობა „ის“) მთხრობელს ეუბნება: „გავიცანი, შენ რომ გიყვარს ის ქალი და ისე მიყვარს, უნდა დავქორწინდეო“.

 

მალე ივანე და ტასო მართლაც დაქორწინდნენ, აკაკის  მათ ქორწილში სიტყვაც წარმოუთქვამს (ეს ფაქტი დასტურდება აკაკის მიერ ტასოსადმი მიწერილ ბარათში).

 

ივანეს დაკარგვის შემდგომ მიწერილ წერილში აკაკი სინანულით წერს ტასოს: „ნეტავი, იმ დროს, მაშინ მეც უფრო ბედნიერი ვიყავი და თქვენცო“.

აკაკი მათი ქორწილის მერე ცოლ-შვილთან წავიდა რუსეთში. ივანე მას ხშირად სწერდა წერილებს და ლამის ძალით მიიყვანა მერე, თბილისში ჩამოსული, საკუთარ ოჯახში. აკაკის იმდროინდელ გრძნობებზე ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცით, მაგრამ თუ ქრონოლოგიურად გადავხედავთ მის ლექსებს, ვიღებთ შემდეგ სურათს: აკაკი ვიღაც ახალგაზრდა ქალს საყვედურობს, რომ მან ახალგაზრდა არჩია მოხუცს, პატარა ნაპერწკალი-დიდ, მაგრამ ჩამქრალ ნახშირს, ჩანს, რომ ვიღაც ქალისადმი მისი სიყვარული ნელ-ნელა იზრდება და, როცა ის კულმინაციას  აღწევს... იკარგება ივანე მაჩაბელი.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, დაკითხეს ტასო და აკაკი. აკაკის პუბლიცისტური წერილიც აქვს, სადაც ამ საღამოს აღწერს. იგი იმ ღამით მაჩაბლების ოჯახის სტუმარი იყო. ივანეს დაკარგვის მერე,1898 წლიდან, დაახლოებით 7 წელი, ვაკუუმია აკაკის სატრფიალო ლირიკაში. მერე ისევ ჩნდება ლექსები, რომლებიც, სავარაუდოდ, ტასოსადმია მიძღვნილი. აკაკის გრძნობა განსაკუთრებით ძლიერდება 1905-1906 წლებში. ამას აკაკის ლექსებიც და პუბლიცისტიკაში გადმოცემული, პროზად დაწერილი ლექსებიც ადასტურებს. აკაკი ბედნიერია თავისი სიყვარულით, მაგრამ ეს მაინც უიმედო სიყვარული ჩანს. აკაკი იტანჯება სატრფოს მიუწვდომლობის გამო. ერთგან ისიც ჩანს, რომ სატრფოს უთქვამს: „მიყ-ვარხარ, მაგრამ თავს არასდროს მივცემ უფლებას, ზღვარს გადავცდე...“ „არ  მინდა, რომ გატყდეს ფიციო.“

 

„გრძნობისა და გონებისა მაშინებს მე ეს კავშირი, არ მსურს, აღთქმას ვუღალატო, არ მინდა, რომ გატყდეს პირი,  მხოლოდ მინდა, შენც გიყვარდე ისე, როგორც მე მიყვარხარ, ცხრა მთას იქით... წარმოდგენით, როცა შორს ხარ... ჩემთან არ ხარ...“

 

შემოქმედებიდან მეტის არაფრის გაგება შეიძლება, მისი საშუალებით ვირწმუნებით, რომ აკაკის ნამდვილად უყვარდა ტასო მაჩაბელი, მაგრამ ეს იყო განუხორციელებელი სიყვარული. ასე რომ არ იყოს, მაშინ არც სატრფოს სიცივის გამო თვითმკვლელობის სურვილზე დაწერდა.

 

აკაკის შემოქმედებაში ბრალიანობის განცდა არსად ჩანს, იმის გამო, რომ უყვარს თავისი მეგობრის ცოლი. მხოლოდ  ერთ ლექსში ამბობს: „ჩემი სამოთხე სხვის კარზე როგორ ავაგო, ვაშენოო“.

 

შეიძლება, ვინმეს საეჭვოდ მოეჩვენოს ის, რომ „გამზრდელი“ ვანო მაჩაბელის დაკარგვის წელსაა დაწერილი და აკაკიმ სიკვდილის წინ იტირა ამ ნაწარმოების წაკითხვისას. ამ ნაწარმოებში ნამდვილადაა ბრალიანობის განცდა და დახატულია სამუდამო ტანჯვისთვის განწირული და დასჯილი მოღალატე ცოდვილი, საფარ-ბეგი.

 

შეიძლება, ეჭვიან თვალს პიესა „სიყვარულიც“ საეჭვოდ მოეჩვენოს, სადაც ცოლისა და მეგობრის ღალატზეა საუბარი. ამ პიესაშივე აქვს ასახული აკაკის ქმრისაგან შეყვარებულთა შესწრების სცენაც, მაგრამ აქ ფაქტები სულ სხვაგვარად ვითარდება. ქმარი მიუტევებს ცოლს და ყველაფერი ამით მთავრდება.

 

თქვენ გინდათ, გაგცეთ პასუხი - ეს ყველაფერი გავლენას მოახდენდა თუ არა ვანო მაჩაბელზე...

 

თუ ავადმყოფი (მას ახალი გაკეთებული ჰქონდა უმძიმესი ოპერაცია - ს.ბ.) და საზოგადო ბრძოლებით გადაღლილი (იგულისხმება  ილია ჭავჭავაძესთან შვიდწლიანი ბრძოლა.-ს.ბ.) მაჩაბელი შეამჩნევდა, რომ აკაკის მისი ცოლი უყვარდა და ტასოც არ იყო გულგრილი მის მიმართ, ეს შეიძლება, ისეთი ტრავმა გამხდარიყო მისთვის, რომ ცხოვრებისა და მისიანების მიტოვება გადაეწყვიტა.

 

თუმცა, აკაკი ამტკიცებს, რომ ვანო მაჩაბელს საზოგადო ცხოვრებაში არ გაუმართლა, ილიასთან შვიდწლიანი ბრძოლებით იყო გადაღლილი და ამან გადაადგმევინა ეს გაუგებარი ნაბიჯი და რომ მისი ოჯახი და პირადი ცხოვრება ამაში არ იყო დამნაშავე.

 

ტასოსადმი მიწერილ წერილებში წერს: „ვის უნახავს საზოგადო მოღვაწე ცხოვრებით დამტკბარი, ვანოს დაღუპვა საზოგადოებრივ ასპარეზზე მისდამი გამოჩენილმა მტრობამ გამოიწვიაო.  თუ ვინმე მართლა ადამიანია, შენზე ცუდს ვინ იფიქრებსო, შენი ნამდვილი დანიშნულებაა, შვილებს მიხედო, ვანოს ხსოვნა შეინახო და ისე მიეგებო მომავალს, თავი უნდა დაანებო „წუწუნ-ისტერიკებ- საო.“

 

არსებული დოკუმენტები არანაირ საფუძველს არ იძლევა - მათ ბრალი დადო! ნამდვილად ჩანს, რომ ტასო საკმაოდ უბედური ქალი იყო და აკაკი ცდილობდა მის თანაგრძნობას. ტასო 1917 წელს გარდაიცვალა, აკაკის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ.

 

- თქვენი აზრით, აკაკის უსაზღვრო გრძნობა ტასოს მიმართ უპასუხო იყო?

 

- როგორც ვთქვი, შემოქმედებასა და წერილებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ აკაკის ძალიან უყვარდა ტასო და ურთიერთობაში მეტს ცდილობდა, ეუბნებოდა, რომ სიყვარული, თუნდ საიდუმლო, არაა ცოდვა, მაინც ღვთის წილია. ჩანს, მისთვის არაა საკმარისი სატრფოსთან მხოლოდ სულიერი კავშირი, მას სურს, სრულად ეუფლებოდეს საყვარელ არსებას. მაგრამ ტასო, რომლისთვისაც აკაკი, მართალია, ძალიან ძვირფასი ადამიანია, მაინც ქმრის ხსოვნის ერთგული რჩება.

 

- ხომ შეიძლება, ტასოსაც ყვარებოდა, მაგრამ ეს გრძნობა არ გაემჟღავნებინა?

 

- მათ მიერ დატოვებული დოკუმენტების მიხედვით, ტასო ყველგან ამბობს, რომ აკაკი მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო, მაგრამ ქალი არ აჰყვა მისგან შემოთავაზებულ სიყვარულს. თუნდაც იმის გამო, რომ, მისი აზრით, თუკი აკაკისთვის ის სხვა ქალებივით მიღწეული და გადალახული სიმაღლე იქნებოდა, მისდამი ინტერესს დაკარგავდა, „არ გადაყვებოდა მოწყვეტილი ყვავილის ფარეზობას.“

 

ქალებზე, რომლებიც იდეალს არ ჰგავდნენ, აკაკი გულს მალე იცრუებდაო, მისი ჭეშმარიტი სიყვარული საქართველო იყოო და ლამის მოგეჩვენება, რომ საქართველოზე ეჭვიანობს.

 

თუ ტასოს მოქმედების მოტივებს ასე წავიკითხავთ, გამოდის, რომ არ უნდოდა, მოყირჭების ობიექტი გამხდარიყო. ამასთანავე, რა გასაკვირია, ისეთი გამორჩეული და ნიჭიერი პიროვნების, ივანე მაჩაბელის, ერთგული დარჩენილიყო. მან ნამდვილად იცოდა საკუთარი მეუღლის ფასი. აკი წერდა ერთგან: „სიყვარულით გავთხოვდიო.“

 

აკაკიც ერთ მოგონებაში თითქმის ცრემლმორეული ლაპარაკობს ნინო ჭავჭავაძის ერთგულებაზე გრიბოედოვის მიმართ. შეიძლება, ტასოც, მსგავსი ერთგულების გამო, აკაკისთვის საოცნებო და იდეალურ ქართველ ქალებს ედრებოდა, რომლებიც „ერთხელ შეიყვარებენ და სამუდამოდ.“

 

- ახსენებენ „საშინელი ჭორებს,“ რაც აკაკისა და ტასოს ურთიერთობასთანაა დაკავშირებული...

 

- რაც შეეხება „საშინელ ჭორებს“, ეს მათ დროსაც იყო და ტასომაც და აკაკიმაც მშვენივრად იცოდნენ. აკი ტასო ამბობდა: „მრავალი მეგობარი მყავდა მამაკაცთა შორის, მაგრამ მათზე არაფერი თქმულა, აკაკისთან დაკავშირებით კი ჭორები გავრცელდა იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მას ქალთან წმინდა, ღრმა ურთიერთობა არ შეეძლო.“ „ტაშტი გატყდა, ხმა გავარდა,“ მე ამას ვერაფერს ვუშველიდი და იმის გამო, თუ რას ამბობდნენ თავადები პეტრე და ივანე ან კნეინები ბარბარე და სოფიო, მე ურთიერთობას ვერ გავწყვეტდი ისეთ დიდებულ ადამიანთან, როგორიც აკაკი იყოო. იგი ჩემს უფერულ ცხოვრებას აზრით ავსებდაო.

ჭორების მიხედვით, აკაკი და ტასო ივანე მაჩაბელის გარდაცვალების (უკვალოდ გაქრობის) შემდეგ სახლშიც და სასტუმროშიც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

და, რაც მთავარია, ყველაზე  საშინელი ჭორი, რაც მათ სახელს უკავშირდება, არის ის, რომ თითქოს სატრფიალო სცენას შეესწრო ივანე მაჩაბელი, აკაკის მოკვლა დააპირა და ამის გამო, ტასომ მძიმე ნივთი (შანდალი) ჩაარტყა თავში, მერე თანამზრახველებმა გარდაცვლილის სხეული დამალეს (სარდაფში დამარხეს).

 

- არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ვანო მაჩაბელი თან გაჰყვა საქართველოდან მიმავალ დუხობორებს...

 

 (დუხობორები - სულისათვის მებრძოლნი“. უკიდურესად პროტესტანტული სექტა, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის II ნახევარში, 1898 -1900 წლებში მათი ნაწილი გაასახლეს კანადაში. ს.ბ.).

 

 - ვერაფერს გეტყვით, ესეც შეიძლება. ეს ვერსიაც თვითმკვლელობის ვარიანტს ჰგავს. რაღაც მიზეზის გამო, ცხოვრებასა და ახლობლებს განერიდა. იგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული; დაკარგვიდან  არც ისე დიდი ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა (ექიმი ვოინოვი, რომელმაც ვანოს „ოპერაცია“ გაუკეთა, ამბობდა, რომ მაჩაბელი „მარტო ნერვები“ იყო). ცხოვრებაშიც აშკარად კრიზისული პერიოდი ჰქონდა, ერთი მხრივ, ილიასთან კონფლიქტი და ამის გამო სამსახურის დაკარგვა, რამაც მატერიალური კრიზისიც გამოიწვია, არისტოკრატიულ ოჯახს კი ღირსეული რჩენა სჭირდებოდა. მეორე მხრივ, ავადმყოფობა -  გადამდები სენის გამო, ცოლთან და შვილებთან მის ურთიერთობას სასურველად არ თვლიდნენ.

 

თითოეული ეს მიზეზიც საკმარისი იქნებოდა სასოწარკვეთილების მომენტში ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად (მით უფრო, თუ ამას დავუმატებთ აკაკისა და ტასოს სიყვარულის ვერსიას, თუნდაც ეს სიყვარული და ურთიერთმიზიდულობა მათ შორის ხორციელი კი არა, მხოლოდ სულიერი ყოფილიყო).

 

მე, პირადად, ფიზიკურ კავშირზე ნაკლებ საეჭვიანოდ არ ვთვლი, ეჭვიანობას სულიერ მიზიდულობაზე. შეიძლება, ამაზე კიდევ  უფრო მეტად იეჭვიანო, ვიდრე - ფიზიკური სიახლოვის დაშვებაზე.

 

- რა ადგილი ეჭირა ტასოს ცხოვრებაში ქმრის ხსოვნას და როგორ აისახებოდა ეს ტრაგიკული ფაქტი აკაკისთან ურთიერთობაში?

 

-        აკი ვთქვი, სხვათა მოგონებების და წერილების მიხედვით, ტასოსთვის ძალიან ძვირფასი იყო ქმრის ხსოვნა. ტასო იყო შესანიშნავი დედა, ოჯახის მმართველი და დიასახლისი, აკაკი აღფრთოვანებული იყო ტასოთი, როგორც ქალით და როგორც დიასახლისით (თუნდაც - თავისი არაპრაქტიკული ცოლის გამო).

 

აკაკის აქვს ერთი პუბლიცისტური წერილი, სადაც პარიზში ამერიკელ ქალს უყვება  თავისი სატრფოს არამარტო გარეგნული, არამედ - შინაგანი ღირსებების შესახებაც. თვით ასე ეროტიკულ „დიდება მაღალთა შინაში“ მის დედობაზე ლაპარაკობს,  ბავშვიანი ტასოს ხატება ჩარჩენილი აქვს გულში.

თქვენ კითხულობთ, როგორ აისახებოდა აკაკისთან ურთიერთობაში ქმრისადმი ხსოვნაო. ისინი წერილებში ხშირად ლაპარაკობენ მაჩაბელზე და აკაკი ცდილობს, ქმრის გაუჩინარებით გაუბედურებული ქალი ანუგეშოს. თუმცა, ი. ზურაბიშვილის კითხვაზე მიცემულ ერთ-ერთ პასუხში ჩანს, რომ ტასო სულაც არ თვლის, რომ ვანო მაჩაბელი დაიკარგა. „ქმრის სიკვდილის შემდეგ ისეთი უბედური ვიყავი, აკაკი თვით ისეთი კაცი რომ ყოფილიყო, როგორც ჰგონიათ, მაინც ვერაფერს გამიბედავდაო“. ე.ი. თვლის, რომ მაჩაბელი მოკვდა.

 

- ქალბატონო თამარ, იდუმალებითაა მოცული აკაკის ანდერძიც, რომელსაც ზოგიერთი ვერსიით, ივანე მაჩაბელის გაქრობისთვის უნდა აეხადა ფარდა, თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ...

 

- ანდერძთან დაკავშირებით არსებობს ჭორები, რომ მაჩაბელის იდუმალი გაუჩინარების გასაღები მასში იყო, რომ აკაკის სურვილი იყო, ანდერძი წაკითხულიყო მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ ათი წლის შემდეგ, მაგრამ ანდერძის აღმსრულებლებმა იგი გაანადგურეს, აკაკის სახელი რომ არ შერყ-ვნილიყო ხალხის თვალში... მაგრამ ესეც მხოლოდ ჭორებია და დამადასტურებელი დოკუმენტები ნამდვილად არ არსებობს.

 

საერთოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, რა მასალასაც მოვუყ-არე თავი, ის განზოგადოებული სახითაა წარმოდგენილი ჩემს პატარა წიგნში „აკაკი წერეთლის სატრფიალო ლირიკა და მისი ადრესატები.“ მაქვს გამოუქვეყნებელი უფრო ვრცელი ვარიანტიც. გამოქვეყნებულ წიგნში ძირითადი დასკვნები მაქვს წარმოდგენილი, ვრცელ ვარიანტში კი ყველა ციტატაა მოყვანილი, რომელთა გაანალიზების შედეგადაც გამოგვაქვს დასკვნები. ამდენად, მასში მეტია დამამტკიცებელი დოკუმენტები, ხოლო რამდენად დამაჯერებელია ჩვენს მიერ გამოტანილი დასკვნები, რაც, ძირითადად, შემოქმედების ანალიზს ემყარება, თვით მკითხველმა განსაჯოს.

 

ერთი კი უცილობელი ფაქტია: აკაკი და ტასო ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ ვანო მაჩაბელს საზოგადო ასპარეზზე არ გაუმართლა და ამიტომ გაუჩინარდა. აკაკის უყვარდა ტასო, ქალი კი მას მეგობრად თვლიდა, მთელი ცხოვრება უძვირფასეს ადამიანად ეგულებოდა, მაგრამ მათი ურთიერთობა სულიერ მიზიდულობას არ სცილდებოდა.

 

ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, სხვაგვარი დოკუმენტები არ გვაქვს. თუმცა თვით ყველაზე უკიდურესი მკვლელობის ვერსიაც რომ აღმოჩნდეს სიმართლე, მაშინაც კი აკაკი ზერელე, უდარდელი, გულცივი ბოროტმოქმედი კი არა, მონანიე, ქენჯნით გაწამებული, ცოდვილი იქნება, რომელმაც სიკვდილამდე ზიდა ეს მძიმე ტვირთი თავის თანამონაწილესთან ერთად, წლების განმავლობაში ნადუღი სიყვარულის თავშეუკავებელი გამოვლენისას თავდაცვამ რომ გამოიწვია, რის მერეც თუკი სიყვარული იყო, ის სამუდამო შხამით მოიწამლა და ორივეს სიცოცხლე გაუმწარა. თუ ეს ასეა, მაშინ უცნაური, შექსპირული დრამა გამოდის ივანე მაჩაბელის დაკარგვა, სადაც მოქმედ პირებად არამარტო აკაკი და ტასო, არამედ - ილიაც მოიაზრება.

 

გვაპატიონ მათმა ნათელმა სულებმა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება მათი გაგება, რადგან ყველას აქვს რაღაც მოტივი და ყველა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისა და ძვირფასისთვის იბრძვის და ამის გამო  იტანჯება, სცოდავს, ინანიებს.

 

- ქალბატონო თამარ, თქვენ თქვენს წიგნში ძალიან საინტერესოდ მოგვითხრობთ შესაძლო ვერსიების შესახებ...

 

- შესაძლო ვერსიებზე ნამდვილად შეიძლება, დაიწეროს რამდენიმე რომანი.

 

1. აკაკი და ტასო სრულიად უდანაშაულონი იყვნენ ივანე მაჩაბელის დაკარგვაში.

 

2. აკაკისა და ტასოს უცოდველი ურთიერთმიზიდულობა ივანე მაჩაბელის ეჭვის, ტკივილის და თვითმკვლელობის მიზეზი გახდა.

 

3. სხვა ვერსიაა, რომ სასიყვარულო სცენას შეესწრო და თავი მოიკლა - მეგობრობისა და სიყვარულის ამაოებაში დარწმუნებულმა.

 

4. აკაკისა და ტასოს მოულოდნელი და თავზარდამცემი ვნება იწვევს ივანესგან აკაკიზე შურისძიების სურვილს, რასაც თვითონ მაჩაბელი ეწირება.

 

ყველა ვარიანტში შეიძლება მოტივირებულად დაიწეროს გმირთა განცდების შესახებ. სხვადასხვა ვერსიაში ისინი სხვადასხვა ელფერით წარმოგვიდგებიან.

 

სინამდვილეში რა მოხდა, არავინ იცის, თუმცა ერთი რამ ფაქტია: ტასო ბაგრატიონი აკაკის ბოლო, ყველაზე დიდი სიყვარული იყო, ამ სიყვარულის შედეგად დარჩა უმშვენიერესი სატრფიალო ლირიკა, ნამდვილი შედევრები, და იქნებ მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გაუხსნელი დეტექტივიც.

 

 

ესაუბრა სოფიკო ბოლქვაძე

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2004 წელი, 22 – 28 ნოემბერი,  №41 (299) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13819
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია