დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 21-27 ივნისი, №25 (283)
ელენე დარიანი - რეალური ქალი, პაოლოს ნიღაბი თუ რაღაც სხვა?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/29 12:13:20

„...ელენეს წერდნენ, შენა ხარ დარიანიო, ელენე თავს იმართლებდა - მე არა ვარ, მაგრამ არც პაოლოაო.“

სიცოცხლეშივე ლეგენდებით იყო მოცული მისი ცხოვრება. პაოლო იაშვილი XX საუკუნის ოციანი წლების  ქუთაისში ექსცენტრულობითა და არაორდინალურობით გამორჩეული პიროვნება იყო. ის იყო კაცი, რომელშიდაც ერთდროულად თანაარსებობდა: გარდასახვის საოცარი ხელოვნება, ოსტატური იმპროვიზირება და უსაზღვრო ნიჭი. ეს ყველაფერი კი ვერ თავსდებოდა „პროკრუსტეს სარეცელზე“, რომელსაც სისხლიანი რეჟიმი ერქვა. მთელი ცხოვრება დევნიდნენ, ფრთებს აკვეცდნენ ნელ-ნელა მიჰყავდათ სასჯელის უმაღლესი ზომისაკენ.

 

სისხლიან ოცდაჩვიდმეტში, ზუსტად იმ დროს, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი საბოლოო გაწირვის განაჩენი გამოჰქონდათ, „პირში ჩადებული ლულიდან გამოტყორცნილმა ტყვიამ თავის ქალა ახადა პოეტს, სისხლითა და დათხეული ტვინით შეიღება თეთრი კედლები...“ მერე იყო მტანჯველი ჩვიდმეტწლიანი დუმილი და ბოლოს, რეაბილიტაცია - „უკან მიდევნებული ლამპარი“.

 

დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ პაოლო იაშვილის ცხოვრების დეტალები მეტ-ნაკლებად ცნობილია ფართო მასებისათვის, მაგრამ, რატომღაც, ისევ ლეგენდებისა და სინამდვილის მიჯნაზე მერყეობს პაოლო იაშვილისა და ელენე დარიანის ურთიერთმიმართების საკითხი.

 

მაინც, ვინ იყო ელენე დარიანი? მართლა პაოლოს ნიღაბი, „ვაკუუმის ამოვსების ცდა“ („ცისფერყანწელებს“ ჯგუფში ქალი არ ჰყავდათ და დარიანის არსებობით ეს პრობლემა იხსნებოდაძ, რეალური ქალი, რომელსაც გრძნობები ლექსებად ეღვრებოდა ფურცლებზე თუ რაღაც კიდევ უფრო სხვა, იდუმალი რამ?

 

 

***

 

ლენე დარიანის სახელი ქუთაისის პრესის ფურცლებზე 1915 წელს გაიჟღერებს, თითქოს გალაკტიონის პოეზიის საღამოს სხვებთან ერთად დაესწრება პოეტი ქალი - ელენე დარიანი. შემდგომ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოდის „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერი, სადაც თანამშრომელთა შორის მოიხსენება ელენე დარიანიც. რედაქცია შენიშვნაში მიუთითებს, რომ დარიანი პაოლოს ფსევდონიმია, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვი მისი პიროვნების შესაძლო არსებობის შესახებ.

 

დარიანის „პოეტური დღიურები“ 1915-24 წლებშია დაწერილი. იგი 14 ლექსისაგან შედგება და მას შემთხვევით არ უნდა ერქვას „დღიურები“. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თითოეული ლექსი დღიურის (ჭეშმარიტი გაგებითძ თითოეული ფურცელია, რომელშიდაც შეყვარებული ქალი თავისი სულის ტკივილისა თუ სიხარულის შესახებ მოგვითხრობს. ლექსებში იგრძნობა ქალური ფსიქიკის არამხოლოდ ზედმიწევნით ცოდნა, არამედ მისი დიდი ოსტატობით გამჟღავნებაც, ქალის სულის თვით ყველაზე ფაქიზი ნიუანსების წვდომა.

 

მართალია, პაოლოს ზებუნებრივი ნიჭისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, თვით ქალის ფსიქიკის ნიუანსების წვდომაც, მაგრამ... ადვილი შესაძლებელია, სულ სხვა მდგომარეობასთან გვქონდეს საქმე. ათეული წლების განმავლობაში ეჭვს გარეშე იყო, რომ პაოლომ დარიანის დღიურებით მართლაც შეძლო სხვად გარდასახვა და რომ სინამდვილეში ელენე დარიანი სხვაგვარად ამეტყველებული პაოლო იაშვილი იყო.

 

მკვლევარები ერთგვარ პარალელსაც ავლებდნენ ფრანგულ სინამდვილესთან და მიუთითებდნენ, რომ პაოლო იაშვილი ისევე იყო ელენე დარიანი, როგორც კლარა გაზიული - პროსპერ მერიმე.

 

სინამდვილეში კლარა გაზიული მართლაც იყო გადაცმული მერიმე, რომელმაც შეხედულებები და აზრები ჩამოაყალიბა პიესების კრებულში - „კლარა გაზიულის თეატრი“, დამაჯერებლობისთვის ფანტაზიის ნაყოფ ესპანელ კლარას ბიოგრაფიაც შეუთხზა და პორტრეტიც.

 

ეს ხერხი იყო მერიმეს მიერ მოგონებული, რომლის საშუალებითაც მან ანტიმონარქიული და ანტიკლერიკალური აზრები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა ისე, რომ მის პიროვნებას საფრთხე არ შექმნია. ამას ვერ ვიტყვით პაოლოზე, რადგან მას არ შეუთხზავს ელენეს პიროვნება და არც რაიმე ქვეტექსტები ჩაუდვია მის ნაწარმოებებში.

 

პოეტი ქალი ელენე რომ რეალურად არსებობდა 20-იანი წლების ქუთაისის სინამდვილეში, ეს უკვე გამოცანას არ წარმოადგენს, იგი ლექსებსაც წერდა, ამას პაოლო იაშვილიც ადასტურებს: „არსებობს პოეტი ქალი, რომელიც ლექსებს წერს, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს, მან ლექსების გამოტანა მე დამავალაო.“

 

ეს იდუმალებით მოცული პოეტი ქალი ყოფილა ელენე ბაქრაძე, რომელიც სიყმაწვილეში თავდავიწყებით ყვარებია პაოლოს, მას ეძღვნება სონეტი „ელლი“, რომელსაც სახელის და გვარის ნაცვლად ფსევდონიმი აქვს მიწერილი

 

„...ე.ი...“ (სავარაუდოდ, ელენე დარიანი) ელენეს რომ ელლის ეძახდა პაოლო, ეს წერილებიდანაც ჩანს: „ელლ! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოთქვამს.“

 

ცნობილია ისიც, რომ პაოლოს სიყვარული არათუ უპასუხო არ იყო, არამედ ელენეც თავდავიწყებით ეტრფოდა მას.

მიუხედავად ორმხრივი მგზნებარე სიყვარულისა, მათი დაქორწინება, რატომღაც, არ მომხდარა, ელენე მშობლებს გოგი ბერიშვილზე გაუთხოვებიათ. ამის შემდეგ პრესაში მისი ლექსები ელენე ბერიშვილის სახელით იბეჭდება. ბერიშვილთან თანაცხოვრების პერიოდში ელენეს პაოლოსთან იდუმალი მეგობრობა არ შეუწყვეტია. გოგი ბერიშვილს დიდ ხანს არ უცოცხლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიშვილის მეუღლეობის პერიოდშია შექმნილი ცეცხლოვანი დარიანული ლექსები.

 

მართალია, ქართული მენტალიტეტისათვის მიუღებელია გათხოვილი ქალისა და დაოჯახებული მამაკაცის იდუმალი მეგობრობა, მით უმეტეს მაშინ, თუ ისინი ყმაწვილობაში თავდავიწყებით ეტრფოდნენ ერთმანეთს, მაგრამ უსიყვარულოდ გათხოვილი ელენე ამას არ დაგიდევდათ, მას უყვარდა პაოლო და მზად იყო, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.

 

მალე ელენე ბაქრაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე იყო შალვა ქართველიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. შალვაზე გათხოვების შემდეგ ელენეს პაოლოსთან მეგობრობა, როგორც ჩანს, არ გაგრძელებულა და არც „ცეცხლოვანი დარიანულები“ შექმნილა, თუმცა დროდადრო ლექსები კვლავ იქმნებოდა...

 

რაც შეეხება „დღიურის“ უშუალო წარმომავლობას შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ლექსებად აკინძული სიყვარული, ვნება და არშემდგარი ქორწინებით გამოწვეული ტკივილი, რაც შეულამაზებლად იღვრებოდა ელენეს გულიდან წერილების, დღიურების და პლასტიკას მოკლებული ლექსების სახით... ლექსების მეორედ დაბადება ხდებოდა მას შემდეგ, რაც მათ პაოლოს ჯადოსნური ხელი შეეხებოდა.

 

ასე იღებდა საბოლოო სახეს „დარიანის დღიურის ფურცლები“. ყოველივე ამის შემდეგ „დღიურების“ ავტორობას ვერ დავაბრალებთ ვერც მარტო პაოლოს და ვერც - ელენეს. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თვით „დარიანიც“ (იგულისხმება ფსევდონიმიძ არ ეკუთვნის მარტო ერთს და ისიც თანაზიარია. ელენე ბაქრაძის დღიურებიდან ირკვევა, რომ მას სატრფოსთვის (ანუ პაოლოსთვისძ მეტისმეტი სილამაზის გამო, ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის, დორიანის სახელი უწოდებია. პაოლოს არ მოსწონებია ელენეს მიერ დარქმეული სახელი და უთქვამს, შენ თვითონ ხარ დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. როგორც ჩანს, პაოლო დაფიქრდა და ინგლისურ გვარში ქართული ელემენტები იპოვა. ამის შემდეგ უწოდა მან საყვარელ ქალს დარიანი, ალბათ, მზიანის, სხივიანის ასოციაციით. ასე თამაშ-თამაშით შექმნილა ფსევდონიმი, რომელიც შემდგომში იდუმალებით შეიმოსა და საფუძვლიანი კვლევა-ძიების ობიექტი გახდა.

 

და მაინც, ვინ არის დარიანი? შეიძლება ითქვას, რომ არც ვინ.

არც ვინ იმიტომ, რომ იგი კონკრეტული პიროვნება არაა, იგი დაუჯერებელი ერთობაა ორი გულისა, სულთა სინთეზი და უტყვ ფურცლებზე გაცხადებული სიყვარულია  პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძისა.

 

არაერთგზის აღნიშნავენ, რომ ლექსები (იგულისხმება „დარიანული ციკლი“) მათი საიდუმლო თავშესაფარი იყო, სადაც ისინი ერთნი იყვნენ. ბუნებრივია, წერდნენ ერთად და... იქმნებოდა მითი „რაღაც სხვის“ არსებობის შესახებ.

 

მოამზადა სოფიკო ბოლქვაძემ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია