დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2004 წელი, 10-17 მაისი, №19 (277)
საჩხერული ლხინის მავნებლობა... და პირიქით
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/26 15:09:49

ღმერთმა ნუ  ქნას, ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეს დახმარება შეუწყვიტოს, თორემ...


 

„მას არაფერი ეწყინოს!“


„საჩხერეში აპირებ წასვლას? სულ ტყუილად! ვერავისგან ვერაფერს მოისმენ - ყველა სულიერს ძაფით აქვს პირი ამოკერილი და ყველა უსულოს გალავანი არტყია. ოღონდ, ძაფსაც და გალავანსაც ოქროს ფასი აქვს“. - ამ სიტყვებით გამაცილა მეგობარმა ჟურნალისტმა ხსენებულ რაიონში. იგი საჩხერეს ჩემამდე ერთი კვირით ადრე სტუმრებოდა და, როგორც თავად ხუმრობს, კარგი გაკვეთილი მიიღო, სახელწოდებით „მას არაფერი ეწყინოს!“

 

სულ რაღაც სამი წლის წინ ჟურნალისტები საჩხერეში პრობლემური საკითხების გასაშუქებლად ჩავდიოდით, ასეთი კი იმერეთის მხარის ამ რაიონს უამრავი ჰქონდა-სტიქიური უბედურებები, თუ მატარებლის ვაგონებში შესახლებული სოფლის სკოლები; განადგურებული აგრარული მეურნეობა, თუ დანგრევის პირას მისული აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი; უშუქობა, უწყლობა, შეუსრულებელი ბიუჯეტი...

 

ყველა ეს პრობლემა საჩხერეში უმოკლეს დროში მოიხსნა. ჯერ იმერეთის მხარის საფინანსო სამსახურისგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჩხერე ბიუჯეტს გადაჭარბებით ასრულებდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ენერგოსაბითუმო ბაზარს საჩხერის სახელით თითი დაუქნიეს-„ამ რაიონს 100% გადახდა აქვს და შუქი 24 საათის მანBილზე არ მიეწოდებაო“.  მხარის განათლების განყოფილებამ საჩხერის სკოლათა პრობლემის მოხსნით დაიკვეხნა,  კულტურის განყოფილებამ-გადარჩენილი სახლ-მუზეუმით. იგივე სამსახურები მოგვარებული პრობლემების შესახებ დეტალურ საუბარს თავს არიდებენ, პრინციპით „მას არაფერი ეწყინოს“.

 

 

„ჭორვილა“

 

საჩხერის ასკომლიანი სოფლის „ჭორვილას“ მკვიდრნი, სხვა იმერელი გლეხებისგან განსხვავებით, მიწას არა თოხითა და ბარით, არამედ, მინი ტრაქტორით ამუშავებენ, თუმცა, მიუხედავად ამ „კომფორტისა“, მუშაობისას დიდი მონდომებით არ გამოირჩევიან. ჭორვილელი თამაზი ამას უბრალოდ ხსნის: „მწირი მიწებია, აქ მოწეული მოსავლით თავს ვერ ირჩენ, ერთი გვალვა, ან ხშირი წვიმები აბსოლუტურად საკმარისია, რომ ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. აბა, ამის გულისთვის თავს ვინ მოიკლავს, მეც მიწას ყანაში მოტანილი ცხელი მჭადის სიყვარულით ვამუშავებ, აქ სადილობა ძალზედ გემრიელია.“

 

თუმცა იმავე თამაზს, ასე უბრალოდ, უჭირს პასუხის გაცემა, კითხვებზე - თუ თავს რით ირჩენენ, რის ან ვის იმედზე არიან, საიდან ჰყავს თითოეულ ოჯახს მინი ტრაქტორი, როგორ მოახერხეს ჭორვილელებმა სახლების ერთი ფერის მეტალოკრამიტით გადახურვა, ან ღობეები ერთმანეთის მსგავსად როგორ მოაპირკეთეს?

 

დასმულ კითხვებზე თამაზის პასუხი ასეთია: „მასზე“ სასაუბროდ ჩამოხვედით, ხომ?! თქვენც ჟურნალისტები ხართ, არა? ვერც კარგს გეტყვით და ვერც ცუდს. ჩემგან ვერაფერს მოისმენთ! არ უყვარს იმ კაცს ბევრი ლაპარაკი, და რას დაწერთ ახლა თქვენ იმის ფასს, მის წყენინებად რომ ღირდეს“.

 

ჭორვილაში, მოპირკეთებული სახლების, ეზოების და მოასფალტებული გზის გარდა, გრანდიოზული და მაღალსტანდარტული მშენებლობებიც, პატარა სოფლისთვის, Bალზე უჩვეულოდ გამოიყურება. სამშენებლო სამუშაოებზე, Bირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, თუმცა გასამრჯელოს ოდენობის შესახებ აქ ყველა ერთნაირად დუმს. მუშების ზერელე საუბრისგან მხოლოდ იმის გაგება ხდება შესაძლებელი, რომ ერთგან სასტუმრო შენდება, იქვე, ახლოს, სპორტკომპლექსი, ცოტა მოშორებით კულტურის სახლი, ხოლო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სხვა კითხვები მუშებისთვისაც ზედმეტი ხდება. „რა ვქნათ, მას რომ ეწყინოს?“-სწუხან ჭორვილელები.

 

 

სკოლა

 

ახლადდასრულებული სკოლის შენობას გარედანვე ეტყობა, რომ მსგავსი სკოლა, არათუ იმერეთის, არამედ, საქართველოს მასშტაბითაც ძნელი საპოვნელია. თუმცა, აგრეთვე ირკვევა, რომ სკოლა სხვა კუთხითაც გამოირჩევა. კარიბჭესთან შეიარაღებული დაცვა დგას, რომელთა წყალობით სკოლის ეზოში არათუ ჟურნალისტები, არამედ, მშობლებიც კი ვერ აღწევენ.

 

სკოლის დირექტორი პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრას კარიბჭესთან არჩევს: „თქვენს კოლეგებს ყოველთვის აქ ვხვდები, შიგნით ჯერ არავის შეუდგამს ფეხი და ვერც ვერავინ შევა“.-ამბობს დირექტორი მურმანი, რომელსაც გვარი, თავისივე მტკიცებით, არ აქვს. სანაცვლოდ, მურმანი კარგად ერკვევა ადმინისტრაციულ კოდექსში და თავად აღიარებს: „გიდასტურებთ, ეს სახელმწიფო სკოლაა, და თქვენ აქ შესვლის კანონიერი უფლება გაქვთ. მაგრამ აქ კანონზე მაღლა ის დგას, რომ კაცს არ სურს, თავისი ქველმოქმედების შესახებ იყვიროს. სწორედ ამიტომ სკოლაში ვერ შეგიშვებთ.“ - ამბობს მურმანი.

 

სავალალოდ მთავრდება დაცვის მუშაკთა გამოცდაც. დაშლის მიუხედავად ზღურბლის გადაბიჯების გამო, მოულოდნელად, ხელებგაკავებული, ჰაერში ვეკიდები და უმალ ზღურბლს გამოღმა ვჩნდები. სკოლის მოსწავლე ჭორვილელების დალოდებას ისევ გარეთ ვარჩევ. თუმცა, ამაოდ, ბავშვები მოზარდებზე არანაკლებ ჩაკეტილნი აღმოჩნდნენ. მხოლოდ ხუჭუჭა გიორგის წამოსცდა „არ ვიცისა“ და „აბა, რა გითხრას“ გარდა სხვა სიტყვები: „სკოლაში მაგარი მერხები გვაქვს, დაფებიც. ტუალეტი ჩემი სახლისას სჯობს“-ალაპარაკდა გიორგი, რომელიც სკოლის წინ სურათის გადაღებასაც ბავშვური სიხარულით დაეთანხმა, მაგრამ მისი სიხარული სკოლიდან გამოვარდნილმა მასწავლებელმა გააქრო, რომელმაც გიორგის „რამდენჯერ გაგაფრთხილე, გამოადგი ფეხის“ ყვირილით, თმები ააწიწკნა.

 

სკოლისკენ მუჯლუგუნებით წაყვანილმა გიორგიმ მხოლოდ ერთხელ მოიხედა უკან, ის ჩემზე ნაკლებად იყო გაოგნებული.

 

 

ის

 

საჩხერეში ყველა პრობლემის მოგვარება ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. ეს უკანასკნელი პრესასთან ისეთივე ჩაკეტილია, როგორც მისი თანასოფლელები. მას არც ერთი ქვეყნის, არც ერთი ორგანოს ჟურნალისტისთვის, ინტერვიუ არასოდეს მიუცია. მის შესახებ მხოლოდ მწირი სახის, ოფიციალური ინფორმაცია არსებობს:

 

დაიბადა 1956 წელს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. დაამთავრა ამავე სოფლის სკოლა. წითელ დიპლომზე დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი. მისი სხვადასხვა სახის ბიზნესსაქმიანობა, საქართველოს გარდა, წვდება რუსეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას. გასულ წელს იგი, კაპიტალის მოცულობით, რუს ბიზნესმენებს შორის 34-ე ადგილზე იყო. მისი შემოსავლის ძირითად წყაროდ რუსული ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რუსული ჰოლდინგი „მეტალოინვესტი“ (შედგება ორი სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და ერთი ფოლადსადნობი ქარხნისაგან) და ქართული ბანკი „ქართუ“ სახელდება.

 

სიმდიდრის მიუხედავად, ჭორვილაში მდგარი, ბიძინა ივანიშვილის სახლი მეზობელი სახლებისგან მხოლოდ დაცული გალავნით განსხვავდება. გალავანთან მუდმივად ხალხი დგას, თანაც რიგში, ეს „მთხოვნელთა რიგია“.

 

ამ რიგში ნებისმიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დადგომა, თუ შეხვედრაზე წინასწარ არის შეთანხმებული და რაიმე კონკრეტული სათხოვარი გააჩნია. რიგში მდგომნი ასევე მარკვევენ, რომ შეთანხმება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წრის დახმარებით ხდება. თუმცა მთხოვნელები საბოლოოდ არა თავად ბიზნესმენს, არამედ-მის ნათესავს, ან სხვა ახლობელს ხვდებიან.

 

– გაწბილებული აქედან არავინ წასულა, ყველას ეხმარება, თუმცა თავად არ ჩანს. - მიხსნის ერთ-ერთი რიგში მდგომი, რომელიც ასევე მიდასტურებს, რომ არათუ ჭორვილელთა, არამედ, საჩხერელთა ყველა სიკეთე ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა - ჭორვილელებს ბუნებრივი გაზიც აქვთ, შუქიც, ყველა გადასახადს ბიძინა იხდის და „საპრაზდნიკოდ“ 200-200 ლარსაც ურიგებს, სხვებს ამ რიგში გვიწევს დგომა, მაგრამ, თუ დაგეხმარა, არ უნდა თქვა, ბრაზდება თურმე“ - მაფრთხილებს რიგში მდგომი, რომელიც არც თავის სახელს ამხელს და არც ჩემსას მეკითხება. სხვა კითხვები აქ მყოფთათვისაც ზედმეტია.

 

 

„ზოგი ლხინიც მავნეა“

 

აღმართული გალავნებისა და ამოკერილი პირების დაJლევაში ვერც საჩხერის გამგებლის მოადგილეები მეხმარებიან. ადრე განათლების დარგის კურატორი, ამჟამად კი კულტურის  განყოფილების ხელმძღვანელი ლევან ჩხეიძე გულწრფელად მიხსნის: „დამიჯერეთ, ივანიშვილის მიერ აშენებულ სკოლაში, წინასწარი შეთანხმების გარეშე, მეც არ მიშვებენ. ახლა კულტურის ობიექტები მე მაქვს ჩაბარებული, მაგრამ მხოლოდ იმას თუ გეტყვით, რომ საჩხერელებს, სხვა იმერლებისგან განსხვავებით, გვაქვს კინოთეატრი. მალე გვექნება უნიკალური „კულტურის ცენტრის“ პრეზენტაცია, განახლებულია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ყველა საჩხერელი ახლადგარემონტებულ ცენტრალურ საავადმყოფოში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს, მძიმე ავადმყოფთათვის იქვე, დიდ აფთიაქში მედიკამენტებიც უფასოა. ამდენი წყალობის შემდეგ, ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ, რომ იმ კაცის წყენინებას ჩვენც ვერიდებით“.

 

საჩხერის გამგებლის მოადგილე მარიამ გოგობერიშვილი, ლევან ჩხეიძისგან განსხვავებით, „საჩხერულ სიკეთეებზე“ სხვა აზრისაა: „ერთი შეხედვით სასიხარულოა, რომ ამდენი პრობლემა მოგვარდა. რომ საჩხერის მკვიდრი ზეცას შიშით არ შეჰყურებს და მოსავლის გაფუჭების არ ეშინია. ხალხი თითქოსდა ყველაფრისგან დაზღვეულია, სახლი დაიწვება-ბიძინა ივანიშვილი აღადგენს, ავად გახდები-ის მოგარჩენს, კომუნალურ გადასახადებსაც ის გადაიხდის და მის მიერ საჩხერეში წარმოებული საქმიანობის ხარჯზე ბიუჯეტიც შეივსება. მაგრამ დაუკვირდით, რა შეიძლება მოხდეს: ორი თვეა, რაც ბიBინა ივანიშვილმა საჩხერელთა ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა შეწყვიტა, რადგან ენერგობაზარი საჩხერეს უწყვეტი ენერგიით არ ამარაგებდა. ხალხი კი გადახდას გადაეჩვია და ახლა ჩვენ ვიტეხთ თავს, საქმეს რით ვუშველოთ“; ამბობს მარიამ გოგობერიშვილი და დასძენს: „რამე რომ მოხდეს და ბიძინა ივანიშვილმა საჩხერისთვის დახმარებები შეწყვიტოს, მერწმუნეთ, ამ ხალხს გამორკვევა ახლა უფრო გაუჭირდება, ვიდრე კომუნისტური მითების ნგრევის შემდეგ. აბა, რა არის სასიხარულო იმაში, რომ ამხელა რაიონის ერთადერთი ფუნქცია-ერთი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილია! არ შეიძლება, ამ კაცის მადლობელი არ ვიყოთ, მაგრამ, როგორც ზოგი ჭირია მარგებელი, ისევეა ზოგი ლხინიც - მავნე!“

 

 

ნათია კუპრაშვილი

 

 

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2004 წელი, 10-17 მაისი, №19 (277) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია