ქუთაისის ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ პოსტი დატოვა. თოფურიძე თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ქალაქის სათავეში ახალი გუნდის მოსვლას ასახელებს. თოფურიძემ, რომელმაც საზოგადოებას ქალაქის მერის პოსტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას დანიშვნა მიულოცა, განაცხადა, რომ მურღულიასთან მისი ახალო ურთიერთობა ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა მურღიულიას მიერ ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში, რის გამოც იგი პოსტს ტოვებს.
ყოფილმა ვიცე-მერმა მადლობა გადაუხადა მერიის თანამშრომლებს და ჟურნალისტებს აქტიური თანამშრომლობისთვის.
„მინდა, მოგილოცოთ ახალი მერის, ბატონ შოთა მურღულიას დანიშვნა და ვუსურვო მას წარმატებები. მიუხედავად იმისა, რომ მურღულიასთან მაკავშირებს არცთუ მცირე ხნის ურთიერთობა, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პოსტი, რომ ახალ მერს საკუთარი გუნდის წევრების შერჩევის პროცესში თავისუფალი არჩევანის საშუალება მივცე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკანმოუხედავად მივდივარ ქუთაისის თვითმმართველობიდან. მე ყოველმხრივ შევუწყობ ხელს ახალ გუნდს მუშაობაში. მადლობა ჩემს თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და საზოგადოებას",-განაცხადა თოფურიძემ.
თენგიზ თოფურიძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია psnews.ge-მ ორი კვირის წინ გაავრცელა.