ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს შექმნილ „სამუშაოს მაძიებელთა“ პროგრამასთან დაკავშირებით პროკურატურის წარმოდგენილ სულ 9 მოწმეს დაუსვამენ კითხვებს დღევანდელ პროცესზე. მოწმეების სახით ის პიროვნებები იკითხებიან, რომლებიც კოორდინატორებად მუშაობდნენ საპარლამენტო არჩევნებამდე.
აღნიშნულ პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ, ლერი ბოჭორიშვილმა, რომელიც ტყიბულის საკრებულოში მუშაობდა 2012 წლის არჩევნების პერიოდში, სასამართლოს განუცხადა, რომ მას საარჩევნო პროცესში ჩაბმის შემდეგ დაევალა 6 ადამიანის მოძებნა და „სამუშაოს მაძიებელთა პროგრამაში“ ჩართვა, სადაც ხელფასს 250 ლარამდე მისცემდნენ.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ამ ადამიანებს გაუწია რეკომენდაცია დასაქმებაში. ასევე თქვა, რომ ზეწოლის ქვეშ მუშაობდა 9 წლის განმავლობაში „ნაციონალების“ კოორდინატორად.
მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ იმ 6 ადამიანთან დაიდო ხელშეკრულება, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკან წაიღო სოციალური მომსახურების სამსახურმა ეს ხელშეკრულებები. მიზეზად განაცხადეს, რომ რაღაც კანონთან შეუთანხმებელი უზუსტობაა და ახალს გავაფორმებთო. მაგრამ ეს არ მომხდარა. იმ 6 ადამიანს, ძირითადად, აგიტაცია ევალებოდა, თუმცა მათ არავინ აკონტროლებდა მუშაობის დროს.
დღევანდელ პროცესს მხოლოდ კახეთის ყოფილი გუბერნატორი, ბრალდებული ზურაბ ჭიაბერაშვილი დაესწრო.
მერაბიშვილმა სასამართლოზე არდასწრების შესახებ განმარტება მოსამართლისადმი მიწერილ წერილში გააკეთა, რომელიც მის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.