დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში კოლხური შადრევნის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ პოულობენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/29 17:14:12

ქუთაისის მერიაში კოლხური შადრევნის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ პოულობენ

 

დაფარავს თუ არა კომპანია დაკისრებულ სოლიდურ ჯარიმას და ვის გადაეცა საქმე გამოსაიებლად?

 

კოლხურ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასრულადაა შესრულებული. ქუთაისის მერიამ პრობლემათა 12-პუნქტიანი სია შეადგინა, რომლის მიხედვით, შადრევანს პრობლემები აქვს ქვაფენილების დაგებაზე, სადენების დამიწებაზე, წყალგაყვანილობასა და სხვა საკითხებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ბრალდებებს არ ეთანხმება.


ქუთაისის ვიცე-მერი თენგიზ თოფურიძე შემსრულებელ კომპანიას, შპს „მშენებელი 2011“-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და მოითხოვს, კომპანიამ ხარვეზები, რომელთა შეუსრულებლობის გამო მიღებული ფინანსური სხვაობა 100 000 ლარია, დაუყოვნებლივ გამოასწოროს.


თუმცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რა სამუშაოები დარჩა შესასრულებელი კომპანიას, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან მერიაში დამქირავებელსა და შემსრულებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ვერ მოიძებნა. რის გამოც, სრული ინფორმაცია ხელშეკრულების პირობებსა და გადარიცხულ თანხებზე საჯარო არ გახდა. ქუთაისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ზურაბ გაბიძაშვილმა თავდაპირველად გვითხრა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შესასწავლად სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა წაიღო. მოგვიანებით მან უშიშროების სამსახურის მიერ ხელშეკრულების წაღება უარყო და აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, საქმის შესწავლით პროკურატურა იყოს დაინტერესებული. ქალაქის ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის ინფორმაციით კი, „მშენებელი 2011“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას საფინანსო-სარევიზიო კომისია სწავლობს.


საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიაში კი არათუ ხელშეკრულებაზე, არამედ მერიასა და შპს „მშენებელი 2011“-ის შორის არსებული დავის შესახებაც კი არ ფლობენ ინფორმაციას. კომისიის თავმჯდომარის, გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამუშაოების შესრულებით აუცილებლად დაინტერესდება. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მისივე თქმით, კომისია ამ საკითხით ამ დრომდე დაინტერესებული არ არის და, შესაბამისად, არც ხელშეკრულების შესწავლა დაუწყია.


სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ვადების გადაწევა ხუთჯერ მოითხოვა, თუმცა, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამჯერად შპს „მშენებელი 2011“-თან 2011 წლის18 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. კომპანია კი 620104.78 ლარით დააჯარიმა.


ქალაქის ვიცე-მერის, თენგიზ თოფურიძის განცხადებით, სამუშაოების დასასრულებლად და მიღება-ჩაბარების აქტის განსახორციელებლად შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთა ქუთაისში ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე კი, მერიამ შადრევნის მოვლა-პატრონობაზე სამუშაოების ჩატარება საკუთარი სახსრებით მოახდინა.


მოედანზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 5 შესრულება განხორციელდა, რომელთაგანაც 4-ზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და მერიის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა იდენტურია, მეხუთე შესრულებაზე კი სამხარაულისა და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.


სამხარაულის დასკვნით, ბუნებრივი გრანიტის ფილების მოპირკეთება 518 მ კვ-ია, ინსპექტირების ჯგუფი მხოლოდ 517,70 მ.კვ-ს ადასტურებმა, საჰაერო კედლის აგურები სამხარაულის დასკვნით 98 ცალია, ინსპექტირება მხოლოდ 58-ს აწერს ხელს, ასევე ცდომილებაა წყლის სისტემის გადაბმის ქუროებსა და სხვა სამუშაოებზე. სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას უკავშირებს შადრევნის გაუმართავ მუშაობას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბაკურ ხურციძე.


 სწორედ შეუსრულებული სამუშაოების მიზეზით, შესაძლოა, კოლხური შადრევანი ექსპლუატაციიდან ამოიღონ.


მერიის მიერ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება შპს „მშენებელი 2011“-ის ადვოკატი მარიამ ჯორბენაძე, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქუთაისის ვიცე-მერი დეზინფორმაციას ავრცელებს, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად ჩაბარდა. რაც შეეხება სანიაღვრე სისტემის გაუმართავობას, როგორც ჯორბენაძე აცხადებს, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას პროექტი არ ითვალისწინებდა, მათ კი პროექტის დამატებით სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდათ. კომპანიის ადვოკატი, თავის მხრივ,  კითხვით მიმართავს მერიას,  თუკი ცენტრალურ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად არ შესრულდა, მერიამ ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით კოლხური შადრევანი ზარ-ზეიმით რატომ გახსნა და ექსპლუატაციაში რატომ მიიღო? მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის საქმიანობით 4 თვის წინ საფინანსო პოლიცია დაინტერესდა, თუმცა, დარღვევის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.


კომპანიის ადვოკატი შესრულებული სამუშაოების დასტურად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას იშველიებს.


ადვოკატის შეკითხვას ქუთაისის მერიაში მარტივად პასუხობენ, ამბობენ, რომ კოლხური შადრევანი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ მიუღიათ. რაც შეეხება შადრევნის ზარ-ზეიმით გახსნას, მერიაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაუსრულებელი შადრევანი ორმაისობას პიარის მიზნით გახსნა.


თუმცა, კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ „მშენებელი 2011“-თან  ხელშეკრულება საერთოდ არ გაფორმებულა, რაც, სავარაუდოდ, გახდა იმის მიზეზი, რომ მერია აღნიშნულ კომპანიასთან სასამართლო დავაში ამ დრომდე არ შედის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, სწორედ ამიტომ არ იყო გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია