დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: დღეს, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მეტი პროცედურული დარღვევებია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/27 15:30:40

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–მ საინფორმაციო ბრიფინგი გამართა და  მათი დამკვირვებლების მიერ საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. გთავაზობთ ამ განცხადებას:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებს 370 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 330 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი და 73 საარჩევნო ოლქიდან 66-ს ფარავენ. უბნების შერჩევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოხდა. სტაციონარული დამკვირვებლების გარდა, საარჩევნო პროცესებს 40 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს. დღის განმავლობაში მობილური ჯგუფები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ უბნებს, სადაც პრობლემები წარმოიშვება.

ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერა 22 საჩივარი.

ტენდენციის სახით შეიძლება გამოვყოთ შემდეგი გარემოებები:

  • საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრ უბანზე შეიმჩნევა ბიულეტენების საჭიროზე ნაკლები რაოდენობა;

  • ცესკო საარჩევნო სუბიექტის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) საპრეზიდენტო არჩევნების სუბიექტებად განიხილავს და შესაბამისად საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო კანდიდატს რეალურად ორი წარმომადგენელი ჰყავს, რაც, ჩვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლის არასწორი ინტერპრეტაციაა და ეწინააღმდეგება მე-8 მუხლის მე-15 ნაწილის მიზანს, რომლის თანახმადაც, თითოეულ სუბიექტს თითო წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს;

სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

1. დამკვირვებლების არ შეშვება უბანზე

  • საბურთალოს საარჩევნო ოლქის 49-ე და თელავის საარჩევნო ოლქის 26-ე უბანზე ჩვენი და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლებს არ უშვებდნენ უბანზე

2. ბეჭდების პრობლემა

  • ბოლნისის საარჩევნო ოლქის 62-ე უბანზე ბეჭდებს არ გაუკეთეს ნაკვეთური და ისე დაიწყეს მისი გამოყენება. მოგვიანებით ბეჭდებს გაუკეთდა ნაკვეთური, თუმცა სინჯი არ აღებულა და არც შენიშვნა/ახსნა განმარტება დაწერილა;

  • მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ ბეჭედს გაუკეთა ნაკვეთური, დანარჩენები კი ნაკვეთურის გარეშე გამოიყენება.

3. აგიტაცია კომისიის წევრის მიერ

  • თერჯოლის საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე კომისიის წევრმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და დემონსტრაციულად შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რაც მის მიერ აგიტაციის გაწევად უნდა იქნებს მიჩნეული.

4. საარჩევნო უბანზე შეშვება მარკირების შემოწმების გარეშე

  • მარნეულის 59-ე და ჭიათურის 32-ე ზოგიერთ უბანზე ამომრჩეველთა ნაწილს არ უმოწმებდნენ მარკირებას.

5. შემაჯამებელ ოქმზე ნაადრევი ხელმოწერა

  • ჩხოროწყუს 21-ე უბანზე დილის 10 საათისვის კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს. ხელმოწერილი ოქმი გადამალეს.

არჩევნებისას მიმდინარე მოვლენების შეფასებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არჩევნების დღის განმავლობაში კიდევ ორჯერ წარმოადგენს: პრესკონფერენციები გაიმართება 16 საათზე და 20 საათზე. ამასთანავე, არჩევნების დღის საერთო შეფასება გაკეთდება 28 ოქტომბერს 12 საათსა და 30 წუთზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2744
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია