დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისიც ქალაქია!
პარლამენტის თბილისში დაბრუნება გაზაფხულზე იგეგმება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/19 21:37:50

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნება მომავალი წლის გაზაფხულისთვის იგეგმება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 18 ოქტომბერს.

მისი თქმით, სახელისუფლებო წრეებში რამდენიმე სავარაუდო წინაწადება განიხილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოუხერხონ 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 40 მეტრი სიმაღლის შუშის გუმბათიან შენობას ქუთაისში მას შემდეგ, რაც პარლამენტი თბილისში დაბრუნდება.

უსუფაშვილის თქმით, ერთ–ერთი შემოთავაზება, რომელიც განიხილება, არის „სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის“ მოწვევა, რომლის რეგიონალური ოფისიც განთავსდება ამ შენობაში, რომელიც არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ცენტრალური აზიის რეგიონს მოიცავს.

„წინასწარი ვარაუდებით, საგაზაფხულო სესია ალბათ თბილისში გაიხსნება“, – განაცხადა მან, „მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის შენობას დავკეტავთ და მივატოვებთ. 200 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რომელიც იმ შენობაში განხორციელდა, არ შეიძლება ასე დავტოვოთ მინდორში ჩაკეტილი და მას არ მოუძებნოთ სათანადო გამოყენება. ამიტომ სერიოზულად ვფიქრობთ და ვმუშაობთ ამაზე.... ჩვენ გვაქვს წინასწარი მოთელვითი სამუშაოები, ხომ არ შეიძლება სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი განთავსებულიყო ამ ადგილზე“.

მისი თქმით, სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეგიონალური ცენტრის გახნის იდეის განხორციელების შემთხვევაში, ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება ქუთაისთვის.

პარლამენტის თბილისში დაბრუნებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება.

ქართულმა ოცნებამ შესაბამისი ცვლილების ინიცირება 2012 წლის დეკემბერში მოახდინა. თუმცა მას შემდეგ ის შეჩერებულია. ამ ინიციატივას პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის მწვავე წინააღმდეგობა მოყვა. ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო ხმების ორი მესამედი არ აქვს პარლამენტში.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რომელიც სამ მეოთხედამდე ზრდის საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად საჭირო კვორუმს. ქართულ ოცნებას ორი მესამედის კვორუმის შენარჩუნება სურს. თუმცა, ასევე მიანიშნებს, რომ მზად არის ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდეს, რომელიც ხმათა ორი მესამედით გულისხმობს კონსტიტუციის შეცვლას სამი თვის ინტერვალით ჩატარებული ორი კენჭისყრის შედეგად.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ თბილისში პარლამენტის ძველ შენობაში მიმდინარე სარემონტო „სამუშაობის ნახევარზე მეტი შესრულებულია“. 

მისი თქმით, შენობის რეკონსტრუქცია 2014 წლის თებერვალში დასრულდება.

პრეზიდენტი სააკაშვილი 17 ოქტომბერს ქუთაისს სტუმრობდა; პარლამენტის შენობის ფონზე მდგარმა პრეზიდენტმა ქართული ოცნების მთავრობა გააკრიტიკა შენობის ქუთაისიდან თბილისში დაგეგმილი გადატანის გამო და ასევე განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ახლა ქუთაისის და იმერეთის რეგიონის სხვა კუთხეების ამომრჩევლებზეა დამოკიდებული განვითარების გაგრძელებას აირჩევენ, თუ „მითიურ დაპირებებს“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის გადატანის საკითხი მტკივნეულია სააკაშვილისთვის, თუმცა თბილისში დაბრუნება მნიშვნელოვანია პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.


კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც სახელისუფლებო შტოების განთავსებას უკავშირდება, ეხება მთავრობის განცხადებას, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა პარასკევს, რომ პრეზიდენტის სასახლეში 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება განთავსებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ახალი პრეზიდენტი იმ შენობაში დაიდებს ბინას, რომელიც ათონელის ქუჩაზე მდებარეობს და სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიდის. ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ აშშ–ის საელჩო იყო განთავსებული. წინა ხელისუფლებამ ამ შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო, რომელიც  პრემიერ–მინისტრის რეზიდენციისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა ეს გეგმები და ახლა ის პრეზიდენტის რეზიდენცია გახდება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა 18 ოქტომბერს, რომ მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ბედი ეწევა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.

სანამ ათონელის ქუჩაზე ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია დასრულდება, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო კანცელარიაში განთავსდება, სადაც ასევე განთავსებულია მთავრობის ადმინისტრაცია, ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია