დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოზიცია
დავუბრუნოთ საავადმყოფოები ხალხს?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/16 11:33:09

 

 

ქართველი ამომრჩევლის ყურთასმენას, ისე ალბათ არაფერი იზიდავს და ატკბობს, როგორც კერძო საავადმყოფოების სახელმწიფო მართვის ქვეშ დაბრუნებაზე საუბრები. 

 

საავადმყოფოების პრივატიზაციას არც რეფორმის განხორციელების წლებში აკლდა მოწინააღმდეგეები, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლოზუნგი: „დავუბრუნოთ საავადმყოფოები ხალხს“ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდა.

 

კერძო სექტორი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაში ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, პრაქტიკულად თავიდან ააშენა წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ბედის ანაბარად მიტოვებული საავადმყოფოები, უკვე დიდი ხანია გამოცხადდა ჯანდაცვის სექტორში არსებული ყველა უბედურების მიზეზად და მორჩილად ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს განაჩენს.

 

მთავრობის მიერ დაწერილი ჯანდაცვის სფეროს ახალი სტრატეგია საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მის დერეფნებში ლეგენდარული წითელი კომისრის, ამხანაგი სემაშკოს აჩრდილი გამოჩნდა და სამინისტრო კერძო სექტორთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. 

ძალიან საყურადღებო პუბლიკაციის: „საავადმყოფოები ცვალებად ევროპაში“ ავტორებმა (მარტინ მაკკიინი და ჯუდით ჰიილი. 2002) სახელმწიფო  პოლიტიკას და მის დამოკიდებულებას ჰოსპიტალური სექტორის მიმართ, მთავრობის იდეოლოგიის ლაკმუსის ქაღალდი უწოდეს.  პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც პოლიტიკოსები აკეთებენ ჯანდაცვის ერთი, ან მეორე სისტემის სასარგებლოდ, როგორც წესი, პირველ რიგში იდეოლოგიური და შემდეგ უკვე ტექნიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ნაციონალიზაციის სტრატეგიაც სწორედ იდეოლოგიური შინაარსისაა და მას სოციალისტურ მედიცინაზე ნოსტალგია უდევს საფუძვლად.  ყველასთვის ცხადია, რომ „ხალხისთვის“ გადაცემულ საავადმყოფოებს ისევ ის სამედიცინო-ბიუროკრატიული ელიტა დაეპატრონება, რომელიც მთელი პოსტ-საბჭოთა პერიოდის განმავლობაში მართავდა ფორმალურად სახელმწიფო და რეალურად უპატრონოდ მიტოვებულ დანგრეულ, ჩაბნელებულ შენობებს და, ძირითადად, საკუთარი ჯიბით და პირადი კაბინეტის კეთილმოწყობით იყო დაკავებული. ამის მიუხედავად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ  სამინისტროსთვის ქართული ჯანდაცვის მომავალი წარსულში დაბრუნებას უკავშირდება,- სახელმწიფო კლინიკებით, სახელმწიფო საწარმო „03“-ით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიით.

 

იმის მიუხედავად  რომელი პოლიტიკური ძალა მოდის ხელისუფლებაში, ყველა ქვეყანა ცდილობს აირჩიოს  ჯანდაცვის ისეთი სისტემა და ჰოსპიტალური მოწყობის ის მოდელი, რომელიც უკეთ შეესაბამება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტს. ამას ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კერძო  და სახელმწიფო საავადმყოფოების საქმიანობის შედარებით ანალიზს ემყარება: „არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კერძო  სერვისის მიმწოდებლები არიან მეტად, ან ნაკლებად ეფექტიანები, ვიდრე - სახელმწიფო. ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის პერსპექტივიდან იმის გადაწყვეტა, თუ როგორ ჯობია ჯანდაცვის სერვისების მიწოდება, მოითხოვს არა  იდეოლოგიზირებულ, არამედ პრაგმატულ მიდგომას.“(ჯანმო. 2000)

 

ბოლო წლების განმავლობაში სწორედ პრაგმატული, და არა იდეოლოგიზირებული მიდგომის შედეგად აშენდა ასზე მეტი კერძო კლინიკა.  ამ თვალსაჩინო ფაქტის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის და მხოლოდ იმ რამდენიმე კერძო შემთხვევაზე საუბრობს, სადაც კერძო ინვესტორმა აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ჯანდაცვის სამინსიტროს პოზიცია კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკოც და მისი პირველი მოადგილეც- ბატონი დიმიტრი მახათაძეც, სანამ საჯარო მოხელეები გახდებოდნენ, ორივე წარმატებული კერძო კლინიკის ხელმღვანელი იყო.

საჩხერის  რაიონული  საავადმყოფო, სადაც ბატონი დავითი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა, გრძელვადიანი იჯარით გადაეცა კერძო ინვესტორს. ეს სქემა იმ კერძო საფინანსო ინიციატივის მსგავსია, რომელიც დიდ ბრიტანეთში და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში განხორცილდა. კერძო ინვესტორმა ააშენა კლინიკის ახალი შენობა და თავად მართავს მას. კლინიკის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი კერძო სადაზღვევო კომპანია „ქართუ“ იყო, რომელიც სხვა სადაზღვევო კომპანიების მსგავსად მონაწილეობდა სახელწიფო სადაზღვევო პროგრამაში. 

 

ასეთივე წარმატებული კერძო კლინიკის მაგალითია „მედი-კლაბ ჯეორჯიაც“, რომელსაც ბატონი დიმიტრი ხელმძღვანელობდა. „მედი კლაბი“ ერთ-ერთი პირველი კერძო, მოგებაზე ორიენტირებული კლინიკაა საქართველოში და ყოველთვის მომსახურებისა და მართვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩეოდა.  „მედი-კლაბ ჯორჯიას“ მენეჯმენტი (რომელსაც პირადად ძალიან დიდ პატივს ვცემ) მუდამ ზრუნავდა პერსონალის პროფესიულ განათლებაზე, მრავალი ინოვაციური სასწავლო პროგრამის ინიციატორი და განმახორციელებელი გახლდათ. თუ ამ ორი კლინიკის საქმიანობას შევადარებთ მრავალი ათეული სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობას, ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ორივე დაწესებულების ხელმძღვანელი პირველ რიგში პაციენტების ინტერესებზე და დაწესებულების განვითარებაზე ზრუნავდა და არა წამლების სახელმწიფო შესყიდვიდან და რემონტებიდან მისაღებ „ატკატებზე“.

 

საჩხერის რაიონული საავადმყოფო და „მედი კლაბ ჯორჯია“ მხოლოდ ორი მაგალითია იმ  კერძო კლინიკებიდან, რომლებიც პატიოსნად და პროფესიონალურად ემსახურებიან ქართველ პაციენტებს. რატომ გახდნენ ამ კლინიკების ყოფილი ხელმძღვანელები და დღევანდელი სამინისტროს თავკაცები  საავადმყოფოების ნაციონალიზაციის აპოლოგეტები? ამ ფერიცვალებას თავისი  ახსნა აქვს და ის ძალიან შორსაა ჯანდაცვის პოლიტიკისა და რწმუნებულებაზე დამყარებული მედიცინისაგან. დღეს კერძო კლინიკაც და კერძო სადაზღვევო კომპანიაც იმ პოლიტიკური და იდეოლოგიური დაპირისპირების მსხვერპლია, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს.

 

პირველი კერძო სამედიცინო დაწესებულებები საქართველოში 90-იანი წლებში გამოჩნდა. ქვეყანაში არის  კერძო, წარმატებული კლინიკის უამრავი მაგალითი, მაგრამ ძნელად მახსენდება ასეთივე წარმატებული სახელმწიფოს მიერ მართული კლინიკები. პოლიტიკური ნიშნით ხელმძღვანელების დანიშვნა, კორუფცია, შავი ბუღალტერია, არაეფექტური მართვა, ქართულ ჯანდაცვაში სწორედ სახელმწიფო და არა კერძო სექტორს ახასიათებდა. 

 

სამინისტრო დარწმუნებულია, და ჩვენც უნდა დაგვაჯეროს, რომ ბოლო თვეებში შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალი კლინიკების სახელმწიფო მართვაში გადაცემაა. ამის დაჯერება უფრო ადვილი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება დაინახავს, რომ სამინისტრომ უკვე მოაგვარა, როგორც პერსონალის ხელფასების, ასევე მომსახურების ხარისხის პრობლემა დღეს არსებულ სახელმწიფო კლინიკებში. მაგალითად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ან ინფექციურ საავადმყოფოში და იქ მისული პაციენტი კეთილი სიტყვებით მოიხსენიებს ჯანდაცვის (ან ეკონომიკის) სამინსიტროს და კმაყოფილია მომსახურების პირობებით.

 

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ დაპირებებს ბევრი მომხრე ჰყავს და ძალიან ცოტა ადამიანი სვამს კითხვას: ვის ხარჯზე მოხდება ამ დაპირებების შესრულება? წინასაარჩევნოდ ამ დაპირებების მოსმენა ქართველ ამომრჩეველთა გულებს იგებს, მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ უახლოეს წლებში მთავრობის უხვი დაპირებების დაფინანსება გაზრდილი გადასახადებით და ჯიბიდან გადახდილი თანხებით მოგვიწევს. ასეთი პოლიტიკით კი, ყველაზე მეტად, ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა დაზარალდება.

 

ეკონომიკური სტაგნაციისა და საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების დროს აღებული დაუფინანსებელი სოციალური ვალდებულებები არის არა კეთილდღეობისკენ, არამედ ფინანსური კრიზისისკენ მიმავალი გზა.  კრიზისის პირველი ნიშნები ჯანდაცვის სექტორში უკვე გამოჩნდა.  შეჩერებულია ყველა ახალი კლინიკის მშენებლობა (სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო კლინიკების ჩათვლით), ჯანდაცვის სექტორში არ განხორციელებულა არც ართი ახალი ინვესტიცია, ხოლო კერძო სამედიცინო სადაზღვევო ბაზარი სერიოზული შემცირების და კრიზისის მოლოდინშია. 

 

„საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამით გამოწვეული საყოველთაო ეიფორიის მიუხედავად, ჰოსპიტალურ (და არა მარტო ჰოსპიტალურ) სექტორში კარგად დავიწყებული ძველი პრობლემები გაცოცხლდა. „გაყინული“ ხელფასების თემა, რომელიც ბოლო ათი წელი აღარავის გახსენებია ისევ აქტუალურია. ექიმები და ექთნები გაუცემელი ხელფასების მიღებას ითხოვენ. არ მცირდება კერძო სადაზღვევო კომპანიების დავალიანება კლინიკების მიმართ. თუ 1 ოქტომბრამდე კერძო დაზღვევის ოპონენტები სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებულ ზემოგებებზე საუბრობდნენ, ბოლო თვეებში სამინისტრო ამტკიცებს, რომ კომპანიები აიძულეს (?!) იმაზე მეტი ვალდებულებები აეღოთ, ვიდრე ამას გადახდილი პრემიის ოდენობით შეძლებდნენ. 

 

სამინისტრო ყველა პრობლემას ისევ ძველი, ერთი წლის წინ წასული ხელისუფლების  მიერ გატარებულ რეფორმებს აბრალებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ექიმების „გაყინული ხელფასები“ არა ერთი წლის წინანდელ, არამედ ათი წლის წინანდელ ჯანდაცვას გვახსენებს.

 

სექტემბერში უნდა დასრულებულიყო 12 კლინიკის (და დეკემბერში ახალციხეში)  მშენებლობა რაიონებში. ეს ის რაიონებია, სადაც ებრაულმა კომპანია „აიჰოპმა“ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები (ასპინძა, დედოფლისწყარო, ქარელი, ვანი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ლენტეხი, ხარაგაული, გუდაური); და სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე), სადაც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინასებული რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ ვერც ერთი საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებდა სალიცენზიო პირობებს. სწორედ ამ ახალ კლინიკებში იგეგმებოდა 2013 წლის სექტემბრიდან სამედიცინო სერვისების გადატანა. დაუსრულებელ მშენებლობებს ჯანდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ისევ ადრე დაშვებულ შეცდომებს აბრალებს, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ სამინისტროს ახალი პოლიტიკის და კერძო სექტორის „მიჯირყვის“ შედეგია ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა,  რომელშიც  სადაზღვევო ბიზნესი და რაიონული საავადმყოფოები აღმოჩნდნენ.

 

კერძო სადაზღვევო კომპანიებზე დამყარებულ სისტემაში მზღვეველები ქმნიდნენ რაიონული  საავადმყოფოების საკუთარ ქსელს, რომლის მეშვეობითაც მათ მიერ დაზღვეული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურება უნდა განეხორციელებინათ. ეს მოდელი  HMO ტიპის ორგანიზაციის მსგავსია და ეს ინვესტიციაც სახელმწიფოსთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე იყო გათვლილი.მზღვეველი კომპანიის  და სერვისის მიმწოდებლის ინტეგრაციას გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგად მოაქვს საერთო ზრუნვა დაზღვეულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, დაავადებათა პრევენციაზე, ხარისხიან, ეფექტური მკურნალობაზე და ეს როგორც მზღვევლის, ისე პაციენტის ხარჯებს ზოგავს.მას შემდეგ, რაც სამინისტრომ კერძო კომპანიების  სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიით ჩანაცვლება გადაწყვიტა, ხოლო „აიჰოპის“ კუთვნილი კლინიკები სახელმწიფოს საკუთრებაში დაიბრუნა (სავარაუდოდ მათ  ბიუჯეტის ხარჯზე რეაბილიტაციას გეგმავს), სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იგივე რაიონებში კლინიკების მშენებლობას აზრი დაეკარგა.

 

უახლოეს მომავალში სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია  ხელოვნურად შემცირებული ფასებით შეეცდება საყოველთაო დაზღვევით აღებული ვალდებულებების დაფინანსებას.  პოლიტიკურად გამართლებული, მაგრამ ეკონომიკურად მიუღებელი, მომსახურების ფასების ხელოვნურად შემცირება სულ მალე სამედიცინო ხარჯების დაფინანსების მთელ ტვირთს ისევ ექიმებისა და მოსახლეობის მხრებზე გადაიტანს. ეს  კიდევ უფრო სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს მთლიანად კერძო სექტორს და აიძულებს სადაზღვევო კომპანიებს დაიწყონ მოლაპარაკებები რაიონებში ახლადაშენებული საავადმყოფოების სახელმწიფოსთვის „ნებაყოფლობით გადაცემაზე“. 

 

რაც დრო გავა, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ ფინანსური კრიზისიდან გამოსავალი არა კერძო სექტორის „მიჯირყვნა“ და საავადმყოფოებისა თუ დაზღვევის ნაციონალიზაციაა, არამედ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და განვითარებული კერძო სექტორი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, რომ ერთი წლის განმავლობაშიც შეიძლება ბევრი ისეთი შეცდომის დაშვება, რომლის გამოსწორებასაც მერე მრავალი წელი დასჭირდება.

 

ანდრია ურუშაძე

თბილისის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია