დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკონომიკა
გაიყიდება თუ არა სახელმწიფო მიწები?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/10 12:39:53

მიწა-წყლის გამყიდველებს იუმორით საქართველოში მინერალური წყლის მწარმოებლებსა და მეთუნეებს ეძახდნენ, ახლა კი მათი ადგილი იუმორისა და ხუმრობის გარეშე სახელმწიფო სტრუქტურებმა დაიკავა. ემოციური თვალსაზრისით ქართველს ნამდვილად ურჩევნია, რომ მიწის მფლობელი მხოლოდ თვითონ იყოს საქართველოში, ცივი გონებით თუ იმსჯელებს, დაამატებს, რომ მიწის მესაკთრე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეცო. ეთნიკური ნიშნით გამორიცხულია მიწის მიკუთვნება, მაგრამ ერთი საკითხი უნდა განზოგადდეს: თუ ჩვენ ხელაღებით გავასხვისებთ მიწებს, მაშინ საქართველოს მთავარი უძრავი რესურსის, მიწის მესაკუთრე მაინც სხვა იქნება და რატომ ვდარდობთ სამაჩაბლოსა და აფხაზეთს? მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურ რუკაზე ბევრად უფრო მცირე, დაახლოებით 15 ათასი კვადრატული კილომეტრით ნაკლები რომ გამოვჩნდებით?! მსოფლიოში მიმდინარე ეკოლოგიური პროცესების გაუარესების გამო ისედაც მიმდინარეობს მიწების დეგრადაცია, დაჭაობება, გაუდაბნოება, დამეწყვრა და ეროზია, რაც საქართველოში უგუნური ბუნებათსარგებლობით კიდევ უფრო თვალში საცემია. იმ დროს, როცა სახელმწიფოს გააჩნდა საკადასტრო სამსახური და მიწის შესახებ არსებობდა ყოველმხრივ სარწმუნო ინფორმაცია, ერთ სულ მოსახლეზე მოითვლებოდა 0,14 ჰექტარი მიწა. ამჟამად კი ამ საკითხზე სერიოზულად არავინ ფიქრობს და ძირითადად, საპიარო და პოლიტიკური ქულების დაწერისთვის მჯიღის ცემა შედეგებამდე რომ ვერ მიგვიყვანს, ცხადია.

 ,,საქართველოში მიწის მესაკუთრე უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ხოლო ტყეების და საძოვრების - მხოლოდ თვითმმართველობა. მაშინ ვერც ინდოელი, პაკისტანელი და პენჯაბელი ფერმერები ვერ დაეუფლებიან მიწებს საქართველოში,“ - აცხადებს კახა კუკავა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა ბატონი კუკავას წინაშე: როცა საქართველოს მოქალაქეობის მიღება უფრო ადვილია უცხოელებისთვის, ვიდრე პამიდვრის მოყვანა ქართლელი გლეხისთვის, მაინც უცხოელების ხელში არ მოხვდება მთავარი ეროვნული სიმდიდრე?! კუკავას პოზიციისგან არაფრით განსხვავდება ბევრი სხვა პოლიტიკოსის შეხედულება (ლეიბორისტები, ,,პატრიოტები“, ,,ხალხის პარტიადა სხვები) და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მიწების გაყიდვას.

 გასულ წელში საქართველოს მთავრობამაც არ დაახანა და შეწყდა მიწების გასხვისება, რასაც ვიცეპრემიერ კვირიკაშვილისგან მარტივი ახსნა მოჰყვა: აღრიცხვის საკითხია მოსაწესრიგებელიო! რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, აქ თემს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი უფლება, გასხვისდება თუ არა მიწაო. ალბათ ევროპული მენტალიტეტი დაგვეხმარა ქართველებს ერთი პატარა სოფლის უმიწოდ დატოვების საშიშროების თავიდან აცილებაში. შვეიცარიელ მეწარმეებს უნდოდათ, ეყიდათ მიწის არც ისე დიდი ფართობი, მაგრამ როცა შეიტყვეს, რომ ეს ფართი სოფლის საძოვარ ტერიტორიას წარმოადგენდა, უთქვამთ, რომ სოფელს ვერ დატოვებდნენ საარსებო საშუალების გარეშეო, თუმცა იგივეს არ ამბობენ ინდოელი თუ სხვა ერის წარმომადგენლები. საკმაოდ შთამბეჭდავია ციფრები, რომელიც მიწების გასხვისებას ეხება: 2010 წელს ინდოეთის მოქალაქეებმა 32 მიწის ნაკვეთი შეიძინეს, 2012 წელს ეს ციფრი 983-მდე გაიზარდა, თუმცა 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ამ კუთხით ახალი რეგულაციების შემოღებ დადგა დღის წესრიგში, სულ 2 გარიგება შედგა.

საკმაოდ შემაშფოთებელია ეს მაჩვენებლებიც: 2011 წელს ეკონომიკის სამინისიტროს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებულმა (გაყიდულმა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებმა, ჯამში, 6815,2004 ჰექტარი შეადგინა. 2012 წელს სამინისტროს და სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით 6647,2801 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა. ახლა კი საქსტატის მონაცემებს გადავხედოთ: ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია; 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის. ანუ კომუნისტური ეპოქის შემდეგ პარალელურ რეჟიმში შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა, რასაც ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებელი უნდა გაეზარდა, მაგრამ 0,12-მდე შემცირდა საჰექტარო მაჩვენებელი, რაც ძირითადად აიხსნება სავარგულების დეგრადაციით.

უნდა შეჩერდეს თუ არა საბოლოოდ მიწების გასხვისების პროცესი უცხოელებზე?! ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ,,თუ არ გვინდა, რომ მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს!” (,,ახალი ეკონომიკური სკოლისხელმძღვანელი პაატა შეშელიძე), ანუ თუ უცხოელებმა არ დაამუშავეს მიწა, ქართველებს ამის არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ გვაქვს?!

გასულ კვირაში აშშ- ელჩმა ტრადიციული შეშფოთება გამოხატა მიწების უცხოელებზე გაყიდვის შეწყვეტის საკითხზე და უკვე დაიწყო ხელისუფლებაში საუბარი, რომ მიწების გაყიდვა-გასხვისების პროცესი გაგრძელდება. ,,პოსტკრიპტუმიდაინტერესდა, რამდენად აპრობირებულია მიწების უცხოელებზე გაყიდვა.

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მუშაობს აზია, აფრიკა-ამერიკის ქვეყნების ეკონომიკის საკითხებზე, გვპასუხობს:

 ,,ეგვიპტეში, მაქსიმუმ, 4000 კვადრატული შეგიძლია იყიდო, მაგრამ რომ იყიდი, გადასახადის სახით შესყიდვა + მოსაკრებელი + ასე შემდეგ 11 % უწევს მთლიანი ღირებულებისა.

ინდოეთში არ იყიდება უცხოეთის მოქალაქეებზე მიწები, თუ ის სასოფლო-სამეურნეო დანუშნულებისაა, არც სახლები, თუ არ ხარ ინდოელი.

ჩინეთში მიწა არ სხვისდება, მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით გაიცემა და ისიც ადგილობრივებზე, უცხოელებზე არა.

თურქეთში მაქსიმუმ 30 ჰექტარი შეგიძლია იყიდო, ამაზე მეტს მაინც არავინ მოგყიდის, კანონით იკრძალება. ასე უამრავი მაგალითის დასახელება შეიძლება!“

თუ რატომ არიან ინდოელები დაინტერესებული საქართველოში მიწების შესყიდვით, ამაზე ბატონი ირაკლი გვპასუხობს: ,,ინდოელები იმიტომ ყიდულობენ მიწებს საქართველოში, რომ ინდოეთში მიწის ფასი 2 დოლარია 1 კვადრატის (იწყება აქიდან) და გაყიდიან იქ 10 ჰექტარს და საქართველოში ამ ფულით იყიდიან დაახლოებით 100 ჰექტარს! ზოგადად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები უცხო მოქალაქეებზე არ იყიდება არსად. მხოლოდ იჯარით გაიცემა, ისიც საკუთარ მოქალაქეებზე.

აღნიშნულ საკითხზე დემურ გიორხელიძე ემოციურად აცხადებს: "მორატორიუმი უნდა მოვხსნათ მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე, განუკითხავად უნდა გავყიდოთ ყველაფერი, თორემ, - არიქა (?!), ინვესტორები უარს ამბობენ საქართველოში ფულის ჩადებაზეო! ჯერ მიწა - მერე ინვესტიციებიო! აშშ- ელჩი ნორლანდიც რომ "წაეხმარათ" - ეს მენტორი! სად არსებობს ნორმალური ქვეყანა, მიწას უცხოელი თავისუფლად ყიდულობდეს! აშშ-ში უცხოელებზე (ძირითადად ინგლისელებზე და სხვა დასავლელ-ევროპელებზე) გაყიდულია მხოლოდ მიწის 1%. 62%-ზე მეტი მიწა აშშ-ში სახელმწიფოს ხელშია! მაპატიეთ და... რას "გვადურაკებენ?!" ეს მახინჯი და მავნებლური ინიციატივები თანადაფინანსების ფონდის პრეზენტაციის დღეს გაისმა ენერგიულად და ფონდის საქმიანობის დაწყებას დაუკავშირდა! გახვრეტილ შაურად არ ღირს ეს ფონდი, თუ მის საქმიანობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების განუკითხავად გაყიდვა მოჰყვება. საქართველოს გაღარიბებულ მოსახლეობას არ შესწევს უნარი შეისყიდოს საკუთარი ქვეყნის მიწები, ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ხალხის ხელოვნურად დააძაბუნებისა და გააღარიბებისა სწორედ ეს იყო - საკუთარ ქვეყანაზე დააკარგვინონ კონტროლი!

 საქართველოს პარლამენტის წევრებს მართებთ ელემენტარული პასუხისმგებლობის გამოჩენა... სწორი და ცივილიზებული რეგულაციები და შეზღუდვები ამ მმართულებით აუცილებელია. ასეთ შეზღუდვებზე უხვმიწიანი ქვეყნებიც კი მიდიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ, საკუთარი უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო რესურსს გავუფრთხილდეთ... ბინადრობის ცენზი უცხოელებისათვის, ვისაც მიწის შესყიდვა უნდა საქართველოში და კანონით მიწის იმ ფართობის ოდენობის განსაზღვრა (3%, 5% ანდა სხვა), რომლის გასხვისებაც შესაძლებელი იქნება უცხოელებზე.“

მოსაზრება, რომ მიწის 5%-მდე გასხვისება უნდა მოხდეს, არაერთ ადამიანს უთქვამს, აქ შესაძლოა გათვლა იმაზეა, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწაზე მუშაობას თავს არიდებს. თუმცა, ეს არ არის სიზარმაცით გამოწვეული. ის აგროპოლიტიკა, რომელიც ხორციელდებოდა, ქართველი გლეხების უმეტესობას აიძულებდა მიწის მიტოვებას, რადგან სოფლის მეურნეობით თავის რჩენა არ შეეძლოთ და მიგრაციის უწყვეტი პროცესის თანამონაწილე გახდნენ. იმედია, რომ უზარმაზარ სალაყბოდ სახელდებული პარლამენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და მთავარი სიმდიდრის გარეშე არ დატოვებენ საქართველოს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია