დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის სიტყვა
გაეროს ტრიბუნიდან სააკაშვილმა რუსეთს შეუტია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/26 19:47:56

25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს შეუტია მეზობლებზე „მუდმივი ზეწოლის და მუქარის“ გამო და განაცხადა, რომ „უკანასკნელი ავტორიტარული იმპერია მსოფლიოში“ ჩამოიშლება და მისი ლიდერი ვლადიმერ პუტინი „რამდენიმე წელიწადში“ რუსული პოლიტიკიდან გაქრება.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ახსენა თავისი საპრეზიდენტო ვადა და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პირობებში „ბევრი კარგი რამ“ გაკეთდა, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ „ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა“.

„ცუდად მხდის, როდესაც კაგებეს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მაგრამ ეს ახალი პროექტი [ევრაზიული კავშირი] ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ის ამაზე ლექციას უკითხავს“.

„ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის 30–წუთიან გამოსვლაში.

რუსეთის წარმომადგენლებმა სააკაშვილის გამოსვლას პირველი 20 წუთი უსმინეს, რის შემდეგაც მათ გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზი დატოვეს.

რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა სააკაშვილის გამოსვლა გააკრიტიკა და მას „რუსოფობიული“ უწოდა. რუსეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი არხის Russia Today–ს ინფორმაციით, ჩურკინმა განაცხადა: „ქართველი ხალხის საბედნიეროდ, ეს ადამიანი – რომლის გონებრივ მდგომარეობას პროფესიონალური შემოწმება სჭირდება – თავისი პოლიტიკური კარიერის მიწურულს იმყოფება“.

2004 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავის ცხრავე გამოსვლაში რუსეთი სააკაშვილის მთავარი თემა იყო. მაგრამ თუ 2004 და 2005 წლების გამოსვლებში ის ძირითადად რუსეთთან თანამშრომლობის საჭიროებაზე საუბრობდა, რიტორიკა თანდათან მწვავდებოდა მომდევნო წლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვასთან ერთად.

„მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, “La langue de bois”-ს [ხის ენა] ფანი,  მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ“, – განაცხადა სააკაშვილმა 25 სექტემბერს თავის ყველაზე ხანგრძლივ გამოსვლაში გაეროში.

ევრაზიის კავშირზე საუბრისას, მან პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებაზეც გააკეთა მინიშნება. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის „ქვაკუთხედია“, თუმცა იქვე დასძინა, რომ მთავრობა ევრაზიული კავშირის ინიციატივასაც ყურადღებით უყურებს და სწავლობს. „ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე  არა გვაქვს პოზიცია“,– განაცხადა ივანიშვილმა.

გამოსვლაში სააკაშვილმა აღნიშნა: „ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი დრო და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.  შეიძლება რაღაც მომენტში იფიქრო კიდეც, რომ მირაჟის მიღწევას ცდილობ... ვინმე საქართველოში  ან მის ფარგლებს გარეთ შეიძლება უბრალოდ დაიღალოს და იკითხოს: რატომაც არა?“

მისი თქმით, კრემლის ზოგიერთი სტრატეგი, მეხუთე კოლონების საშუალებით, „ნერგავენ სტერეოტიპს, რომლის ფარგლებში ევროპის კავშირი გაიგივებულია ოჯახის ფასეულობების, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველებთან და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თავს მოხვევასთან“.

„უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის, გვესმის რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებენ“, –განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს რუსული პროექტი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

„რამდენიმე წელიწადში  – თქვენ გაიხსენებთ ჩემ სიტყვებს – ვლადიმერ პუტინი აღარ იქნება არც კრემლში და არც რუსულ პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, რომ კიდევ 20 წელიწადი დარჩება პოსტზე“, – განაცხადა მან, „რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება ძველი დროის აჩრდილად, იმპერიისა, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინის „მტრობა“ მისი მთავრობის მიმართ „პირად სიძულვილზე არ იყო დაფუძნებული“.

„როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა“, – განაცხადა მან, „საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეების მანძილზე გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით“.


მოჭრილი გზა, რადიკალური მეთოდები და შეცდომები’
  
თავის გამოსვლაში სააკაშვილმა მოკლედ ისაუბრა თავისი საპრეზიდენტო ვადის შესახებ და განაცხადა, რომ იგი ამაყობს იმ „მიღწევებით“, რომელსაც საქართველომ 2004 წლის შემდეგ მიაღწია. 

„ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი, იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიყავი მსოფლიოში“, – განაცხადა მან, „მაგრამ მე მესმის რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა. ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, შიდა და გარე საფრთხეების ფონზე, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით“.

„ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი არასაკმარისად შორს. მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე. და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის“.

„მსურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს  - ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ -  თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით  და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას“, – განაცხადა მან.

წყარო:"სივილ.გე"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია