დღეს, ქუთაისის მერიას ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტუმრობდა. კენეტ განი ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ასევე შეისწავლის ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი. ვისაუბრებთ ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა სფეროებში კონფლიქტებისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე. იმედი მაქვს, ჩვენი გამოცდილება საინტერესო იქნება თქვენთვის", –განაცხადა კენეტ განმა.
"ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, როგორც მრავალეთნიკურ ქვეყანაზე. კენეტი ერთი კვირით დარჩება ჩვენს ქალაქში და იმედი მაქვს კიდევ უფრო ღრმად შევძლებთ ამ თემებზე საუბარს და მივიღებთ მათ გამოცდილებასაც",–ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე.
ჩიკაგოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ვიზიტი ქუთაისში "პროფესიული სტაჟირების პროგრამის" ფარგლებში შედგა.