დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ბრბოს კაცები“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/24 14:22:15

ჩვენთან ახლა ცოტას ფიქრობენ საზოგადოებრიობის საფუძვლებზე.

მთელი ძალისხმევა მიმართულია თანამდებობების ხელში ჩაგდებისაკენ. არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სოფლის გამგებლის პოსტის დაუფლებისთვისაც არ ინდობენ ერთმანეთს. მოსახლეობა სამ ნაწილად არის გაყოფილი: პოზიცია, ოპოზიცია და მომლოდინეები. რაკი მძვინვარება ჯერ არ დამცხრალა, ქარტეხილი კეთილსინდისიერ მოქალაქეს ატყდება თავს. გონებაშეზღუდული არსება კი განსაკუთრებული სიჯიუტით ესწრაფვის კარიერას.

 

ასპარეზზე გამოდიან ისეთი „ინდივიდები“, რომელთა პოლიტიკური მოღვაწეობა წარმოუდგენელია. ამგვარ უტიფრებს ორმაგი უზრუნველყოფა აქვთ: საკუთარი თავხედობა და ოპონენტის პატიოსნება. ცხოვრებისეულმა პროცესმა მიიყვანა სიტუაცია გარკვეულ სირთულესთან და ზოგი რამ პრობლემატური გახადა. ბევრ ადამიანს, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ უსამართლობას, დღევანდელობა რაღაც ნეტარების სავანედ წარმოუდგებოდა, მაგრამ ყველგან, მაინც, „ნაციონალურ“ მემკვიდრეობას ეჩეხებიან. ის არა მარტო იმ დროს არის ცოცხალი, როდესაც „ოცნებაა“ მთავარი, არამედ მაშინაც, რაჟამსაც მავანი პარტიის მეუფება ილანდება (არ იგულისხმება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). პარტიულ მასას კი არა აქვს უფლება, იბატონოს პიროვნებათა და სახელმწიფოს ბედზე. დემოკრატიულობის ამ „ნაირსახეობის“ პროდუქტმა ნიჰილიზმის ფორმა მიიღო და მთელი რიგი ზნეობრივი პრობლემები წარმოაჩინა. სწორედ ამ ნიადაგზე შეიქმნა გულნაკლულობის სინდრომი. ანგარებიან და ბოროტი ინსტინქტებით მოცულ მასას, ასევე „ბრბოს კაცს“, არ ძალუძს ვინმეს ან რაიმეს მართვა, რადგან იგი ხალხის იდენტური როდია. ამასთანავე, ბრბო, მასა არ წარმოადგენს დემოკრატიასაც. საზოგადოება უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რათა არ  განმეორდეს   ნაცხელისუფლების „შეცდომები“. ძალაუფლება უნდა ჰქონდეს არა მასის, არამედ ხალხის მიერ არჩეულ პირს.

ბევრს საუბრობენ ინტელიგენციასა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირწყვეტის შესახებ. განხეთქილება იზრდება, იკარგება საერთო ენაც. ინტელიგენცია ანუ განათლებული საზოგადოება ჩამოსცილდა ხელისუფლებისაგან გამომდინარე ყოველგვარ სიკეთეს. პოლიტიკური სტიქია უკიდურეს  ზღვრებს ავლენს ინტელიგენციის დრამასა და მედროვეობას შორის. აშკარად გამოიკვეთა ინტელიგენტური მსოფლმხედველობის იგნორირება და გაცვეთილი იდეების პირველსაწყისთა სიცარიელე: ინტელიგენცია არ უნდა გამხდარიყო სოციალურ ექსპერიმენტთა ობიექტი.

ზოგიერთი პარტიის ნებელობამ თუ იდეამ ვერ ჰპოვა საკუთარი თავის ადეკვატური ასახვა ხელისუფლებასა და ინტელიგენციაში. პარტიული ბიუროკრატია ასახიჩრებს ინტელიგენციის ცხოვრებას, ხოლო ეს უკანასკნელი განკურნების გზებს ეძებს. სიცრუე გამოდგა ის, რომ კოჰაბიტაციობანას თამაში პურს უბოძებდა მას.

მავანი წვრილფეხა თუ დიდი პარტიული ბოსის მიერ შექმნილი „სისტემა“ მხოლოდ მისი თანდასწრებით მუშაობს. ლიდერი თავის მიმდევრებს უქმნის „სისტემის“ მართვაში თანამონაწილეობის ილუზიას. იგი წარუმატებლობის სხვებისთვის გადასაბრალებლად ქმნის „მტრის ხატს“. „მტერს“ შექმნილი მომენტის მიხედვით სხვადასხვა სახელი ჰქვია - მწერალი, მეცნიერი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, ექიმი, ინჟინერი და ა.შ.

კვაზილიდერი არ არსებობს მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების გარეშე, რომლებიც ერთად „მასას“, „ბრბოს“ შეადგენენ. მასად ქცევისთანავე ჩნდება კოლექტიური სული. მასის წევრებს („ყასაბი“, „მზარეული“, „მესაფლავე“, „დახლიდარი“ და მისთანანი) ეუფლებათ ყოვლისშემძლეობის შეგრძნება. მათთვის ნებისმიერი განათლებული ადამიანი უკუსაგდებია. „ბრბოს კაცებისთვის“ ითითხნება ლოზუნგი - თქვენ პროფესორებზე უკეთესნი ხართ და უფრო მეტი იცით!

გარეგანი, მოჩვენებითი ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, „ბრბოს კაცი“ შინაგანი, ბნელი ზრახვების ტყვე ხდება. მას ხელისუფლება და დანაშაული სინონიმებად წარმოუდგება. ამიტომ, რომელიმე პარტიის ჰეგემონიის მცდელობა, ქმედითუნარიან მარეგულირებელ ძალად ქცეული სამოქალაქო სექტორის კონტროლს არ უნდა იყოს მოწყვეტილი.

მასის განვრცობის საზღვრები შეუზღუდველია. მისი რღვევაც ისეთივე მოულოდნელია, როგორც - აღმოცენება. მიუხედავად ამისა, სანამ დაიშლება, იგი არ ცნობს ჭეშმარიტ ავტორიტეტებსა და პიროვნებებს.

ლოგიკურად იბადება ასეთი კითხვა: იქნებ, მართლა, ინტელიგენციაზე ჭკვიანია მასა? ლუმპენ-პროლეტარები კარნახობენ აკადემიკოსებს, როგორ იცხოვრონ; ცდილობენ, ახსნან, რა ხდება, რაში მდგომარეობს კულტურულ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების არსი. კვლავ ჩნდება პარადოქსული შეკითხვა: ეგებ, მხოლოდ მთავრობის ბრალი არ არის ყველაფერი და არა  ხალხს, არამედ მასასაც მოეკითხოს ზოგიერთი რამ?

მსოფლიო დონის მეცნიერთა გამოკვლევებით, ფსიქიკური ეპიდემიები ბევრ ქვეყანას გადაუტანია და, საბოლოოდ, ყველა ეროვნულ კატასტროფამდე მისულა. მაგრამ ამისათვის სამი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. პირველი ფაქტორია ფანატიკოსები, რომლებიც ნებისმიერ სოციუმში სამ პროცენტამდე არიან. ანგარიშგასაწევი მნიშვნელობა ენიჭება გარემოსაც, სადაც ფსიქიკური ბაცილა ვრცელდება: განათლებული ადამიანი უძლებს ბაცილას, ხოლო უვიცი ემორჩილება მას. მოპოლიტიკოსო ორატორს მიტინგზე შეუძლია გამოიწვიოს მეორე ფაქტორიც, რომელსაც ფსიქიკური ინდუქცია ეწოდება. აქედან გამომდინარე, ყოველნაირ ბრბოში არიან ფანატიკოსები და ინდუცირებულნი. როცა ფანატიკოსები და მათ მიერ ინდუცირებული მასა გადაეჯაჭვებიან მესამე ფაქტორს, - ძალაუფლებას, - ხდება ეროვნული კატასტროფა. ისტორიული მაგალითები? ინებეთ: საფრანგეთის დიდი რევოლუცია, ფაშისტური გერმანია, ლენინურ-სტალინური რეჟიმი...

ამრიგად, მასაში არაჯანსაღი იდეების არსებობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე, როგორც ბოროტი „ინდივიდების“ მყოფობა. მაგრამ თუ, ვთქვათ, მასა დაიმონებს მთელ საზოგადოებას, ხალხს, და ბრბოს იდეა გახდება უმთავრესი, მაშინ, უკვე, პათოლოგიურ სიტუაციასთან გვექნება საქმე. „ნაცტოტალიტარულისაგან“ განსხვავებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს ძალთა მრავალი მიმართულება, რათა გააწონასწორონ ერთმანეთი. სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების პოლიტიკური კონტექსტი (შეერთება, მჭიდრო კავშირი) არა მოჯადოებული წრის, არამედ ცირკულაციის პრინციპის თანახმად უნდა მოქმედებდეს, სადაც თითოეული მონაწილე საზოგადოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2973
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია