დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო მარათონი
ვინ მოიგებს არჩევნებს
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/09/22 16:00:50

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამა საზოგადოებას ოფიციალურად უკვე წარუდგინა. როგორც მმართველი ძალა აცხადებს, მათი კანდიდატის გამოსვლა პროგრამული იყო, მაშინ როდესაც სხვები შოუებს დგამენ ხოლმე. თუმცა, მხარდამჭერებზე  გათვლილი  მაინც  არა კარგად დაწერილიპროგრამა, არამედ სულ სხვა გზავნილი იყო -  გიორგი მარგველაშვილის არჩევით კოჰაბიტაცია დასრულდება. 

 

გიორგი მარგველაშვილი სპორტის სასახლეში შეკრებილ მომხრეებს თავად ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით ხალხის შეყვანა შეცდომაში უნდათ და მათ არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ. მისი თქმით,  მან თავისი დანაპირები შეასრულა - ქვეყანა მოძალადე ხელისუფლებისგან გაათავისუფლა მშვიდობიანად, არჩევნების გზით, კონსტიტუციის ფარგლებში. 

 

„ჩემი მიზანი იყო, რომ დაგვემთავრებინა ავტორიტარული რეჟიმი და სისხლისღვრის გარეშე მოგვეპოვებინა თავისუფლება. ეს იყო ჩვენი მთავარი დანაპირები და მე ეს შევასრულე. დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ მოვახერხეთ ცხოვრება კოჰაბიტაციის რეჟიმში. ეს უცხო იყო, მაგრამ შევძელით და სწორედ ესაა ჩვენი სიმტკიცე. ამ არჩევნებამდე მშვიდობით მივედით. პირველად ისტორიაში, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ვადას ამთავრებს და ჩვენ ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ. ჩვენ შევძელით, დემოკრატიული სამყაროსთვის დაგვემტკიცებინა, რომ ცივილიზებული ერი ვართ, უარი ვთქვით რევანშსა და ანგარისწორებაზე“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე. პრემიერ-მინისტრმა მისი ხელისუფლების პერიოდის წინასაარჩევნო კამპანია წინა არჩევნების პერიოდს შეადარა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კულტურაა.

 

 „ყველას გვახსოვს შარშანდელი წინასაარჩევნო პერიოდი, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებსა და აქტივისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადები. მაშინ პოლიცია ხალხს კი არ იცავდა, არამედ ხშირად თავადაც აღმართავდა ხელს ოპოზიციურად განწყობილი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ახლა საქმე სხვაგვარადაა – პოლიცია იცავს ოპოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და აქტივისტებს, რადგან ბევრია მათგან გამწარებული ადამიანი და ჯერ კიდევ დიდია ანგარიშსწორების სურვილი" - განაცხადა ივანიშვილმა.

 

საარჩევნო პროგრამის წარდგენამდე, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მოკლედ შეაჯამა ის, თუ რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში. მისი თქმით, მოხდა მმართველობის ინსტიტუტების, მედიის, განათლების სისტემის დაწესებულებათა დეპოლიტიზაცია. 

 

„ჩვენ დავიწყეთ ურთულესი საგარეო ურთიერთობების დალაგება. გადავდგით რთული, მაგრამ სწორი ნაბიჯები ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის ფონზე დავიწყეთ სოციალურად ორიენტირებული უპრეცედენტო პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სოფლის დახმარების პროგრამა. მისი მეშვეობით უნდა დავძლიოთ სიღარიბე და შიმშილის პრობლემები, შევქმნათ ეკონომიკის განვითარების წინაპირობები. სოფლის დახმარება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ სოფელი რეალურად ფეხზე დადგება" - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი  - გიორგი მარგველაშვილის არჩევით კოჰაბიტაცია დასრულდება!

 

"მარგველაშვილი არის ნამდვილად უალტერნატივო და ის აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ კანდიდატისგან, რომელიც სხვა პარტიებმა დააყენეს. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე პარტიის გამარჯვება, ეს ჩვენი ხალხის გამარჯვებაა და იქნება შანსი იმისა, რომ ქვეყანაში სტაბილური გარემო შეიქმნას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს კოჰაბიტაცია და პრეზიდენტმა, მთავრობამ და პარლამენტმა ერთი საქმე უნდა ვაკეთოთ. მარგველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარანტი ყველა იმ დაპირების შესრულებისა, რაც "ქართულმა ოცნებამ" გასცა"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მარგველაშვილის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შეფასებისას.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელი ამბობს, გიორგი მარგველაშვილს სხვებისგან ისიც გამოარჩევს, რომ მისი სიტყვა პროგრამული იყო, რასაც საზოგადოება მიჩვეული არ არის საპრეზიდენტო კანდიდატებისგან, რადგან როგორც წესი, ისინი შოუებს დგამენ ხოლმე. 

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მარგველაშვილის პრეზენტაცია და მომავალი საპრეზიდენტო პროგრამის წარდგენა ერთ-ერთი საუკეთესო გზანილი იყო ხალხისთვის - რომ იმაზე გაცილებით მეტი გაკეთდება, რაც 10 თვის განმავლობაში გაკეთდა. 

 

„მთავარი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა. თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური, სამოქალაქო, პოლიტიკურ-სამართლებრივი, ყველა ტიპის უფლება იქნება რეალიზებული. უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  ეკა ბესელიამ. 

 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მძიმე იქნება საპრეზიდენტო არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატისათვის და რამდენი რაუნდი დასჭირდება მას მოგებისთვის, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  დავით საგანელიძე ამბობს, გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

 

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფრის სჯერათ, ალბათ, საქართველოში არის რამდენიმე ათეული ადამიანი, ვისაც იმედი აქვს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტური იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - განაცხადა საგანელიძემ.

 

„მარგველაშვილი მზად არ იყო, მაგრამ ბევრ რამეს სწავლობს...“

 

„რაც ამ ეტაპზე ჩანს, უფრო რეალისტურია მარგველაშვილის გაპრეზიდენტება, თუ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თავის საპრეზიდენტო კამპანიას. ჩვენ ვხედავთ, რომ იგი მაშინ როცა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, ამისთვის მზად არ იყო, მაგრამ ახლა ბევრ რამეს სწავლობს... ჩემი აზრით მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს. რამდენადაც ვიცი, სოციალური გამოკითხვებით მეორე ადგილზე დავით ბაქრაძეა, მაგრამ ბურჯანაძეს აქვს პოტენციალი, რაღაც დონეზე ამოქაჩოს. ჩემი აზრით, იგი დებატებზე ამოქაჩავს“  - აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.  

ექსპერტის აზრით, ბურჯანაძის ელექტორატი შესაძლოა, სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც უკმაყოფილო არიან "მამა-მარჩენლად" მიჩნეული ივანიშვლის პოლიტიკიდან წასვლით და ახლა აქეთ-იქეთ იყურებიან თუ ვინ შეიძლება იყოს "ახალი მარჩენალი." 

მათი ნაწილი ხედავს, რომ სამ ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატს შორის ყველაზე გამოცდილი ნინო ბურჯანაძეა და, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, მათ უშველის, დაალაგებს რუსეთთან ურთიერთობას. 

„ეტყობა, ხალხს რაღაც-რაღაცები ავიწყდება. ბურჯანაძის მხარდამჭერები იმის ხარჯზე გაეზრდება, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის და ხალხს ახალი მარჩენლის გაჩენის იმედი კიდევ აქვს. მარგველაშვილი პოლიტიკაში დიდი ხანი იყო ჩართული ირიბად, მაგრამ იგი მაინც კულისებში იყო. ამ თვალსაზრისით, ბაქრაძის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაახლოებით 15 წელია, ჩართულია საგარეო პოლიტიკაში“ - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.  

მისივე თქმით, ის ისტერიკა, რომ თუ მეორე ადგილზე გავიდა ბაქრაძე, დაბრუნდებიან "ნაციონალები" სერიოზული არ არის. ბაქრაძე მეორე ადგილზე შეიძლება გავიდეს იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობას" მხარდაჭერების ნაწილი ალბათ, თავის პოზიციას არ შეიცვლიან და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა დაახლოებით 15%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ "ნაცმოძრაობამ" არჩევნები წააგო და მორალური თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, ეს მაჩვენებელი არც ისე ცოტაა. 

„ჩემი აზრით, ამ სახით "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, თუ პარტიის სერიოზული გარდაქმნა არ მოხდა. უფრო მეტიც, მე არ გამოვრიცხავ, რომ მას დასჭირდეს პარტიის სახელის შეცვლა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიგებს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს ის პოლიტიკური ძალა, ვინც მომავალ 3-4 წელიწადში ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ჩაიდენს ყველაზე ნაკლებ სისულელეს და ავტორიტეტს შეინარჩუნებს” - მიიჩნევს ექსპერტი რომელიც  არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნების" ნაწილისგან და კიდევ სხვა პარტიების ნაწილებისგან. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია