დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონფლიქტი
დაპირისპირება ქუთაისის №15 საჯარო სკოლაში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/16 13:27:01

სკოლის დირექტორი, დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიზეზით, კომენტარს არ აკეთებს

 

ქუთაისის ნომერ 15-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე მიქაბერიძე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ლია კუხიანიძეს უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში სდებს ბრალს. მიქაბერიძის განცხადებით, კუხიანიძემ პირადი ინტერესების გამო უკანონოდ შეუმცირა საათები და სადამრიგებლო კლასი ჩამოართვა.

მიქაბერიძის თქმით, 2012 წელს სასერთიფიკაციო გამოცდებზე ერთი წარმატებით ჩააბარა, მეორე გამოცდაზე კი მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ გავიდა. თუმცა, სკოლის დირექტორმა გამოცდაზე გაუსვლელობა წარუმატებლობად ჩაუთვალა და საგნობრივი საათები ჩამოართვა.

სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე პედაგოგი მარინე მიქაბერიძე გაზეთ „P.S.“-სთან საუბრობს:

- ჩაბარებულ გამოცდაზე დაბალი ქულები დამიწერეს, თუმცა, გასაჩივრების შემდეგ, ქულები მომიმატეს. მიუხედავად იმისა, რომ ლია კუხიანიძემ იცოდა, შედეგები გასაჩივრებული მქონდა, პასუხს არ დაელოდა და ისე გამივრცელა ხმები, თითქოს გამოცდები ვერ ჩავაბარე და არაკვალიფიციური ვიყავი. ამ მიზეზითვე საათები არ მომცა და სადამრიგებლო კლასი ჩამომართვა. თუმცა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არასერთიფიცირებულ მასწავლებლებს საათებიც მისცა და სადამრიგებლო კლასიც ჩააბარა. ამით ცხადი ხდება, რომ მიზეზი, ვითომდა არასერთიფიცირებულობის გამო არ მქონდა უფლება, საათები ამეღო, - უსამართლოა. მოგვიანებით კეთილი ნება გამოიჩინა - სამოქალაქო სამართალში ორი საათი მიწყალობა. ეს საგანი მეორე სემესტრში ისწავლებოდა და 12 კვირეულ საათს მოიცავდა. ამის შემდეგ ისევ დამირეკა და მაცნობა, რომ თავის ექვს საათს მითმობდა დროებით. არ დავთანხმდი, რადგან არ მინდოდა, ლია კუხიანიძესთან დავალებული ვყოფილიყავი, თორემ ჩემი კატეგორიის მასწავლებლისგან კი მივიღებდი კუთვნილ საათებს. მაშინ, როდესაც სხვა მასწავლებლებს ერთი გამოცდა არ ჰქონდათ ჩაბარებული და ცხრა საათს აძლევდნენ, მე სამი საათიც არ მეკუთვნოდა, ჩემს სადამრიგებლო კლასში რომ შევსულიყავი? ლია კუხიანიძემ პირადი უკმაყოფილების გამო ამითვალწუნა, არ მოსწონდა, სიმართლეს რომ ვამბობდი. ყველა მასწავლებელს უკრძალავს ჩემთან ურთიერთობას. კლანი აქვს სკოლაში შექმნილი, ვინც მის გარემოცვაში არაა, არ ახარებს. რამდენიმე მასწავლებელი გაუშვა სკოლიდან. ჩემი გამოშვების მიზეზად ჩემს ვითომდა წარუმატებელ გამოცდებს ასახელებდა. დაქალობით ნიშნავს სკოლაში მასწავლებლებს.

- როგორც ამბობთ, წელს კვლავ გახვედით გამოცდაზე. მიუხედავად შედეგებისა, რატომ ვერ მიიღეთ საგნობრივი საათები?

- წელს სასერთიფიკაციო გამოცდაზე გავედი და დარჩენილი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, თუმცა, კათედრის სხდომაზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სილაბუსები ყველას წინასწარ ჰქონდა მომზადებული და საათებიც წინასწარ იყო გადანაწილებული. ასე არ ხდება ხოლმე - საათები კათედრის სხდომაზე უნდა გადანაწილდეს. კუხიანიძის ხელში დავნერვოზდი. იცოდა, რომ  ემოციური ვარ და უნდოდა, ამით ესარგებლა. 5 სექტემბერს, კათედრის სხდომაზე ყოფნის დროს, მშვიდად ვეკითხებოდი, რამდენი საათი მომცეს, მაგრამ შემოვლით მპასუხობდა. ჩემს პროვოცირებას ცდილობდა, უნდოდა, გავბრაზებულიყავი და რაიმე მეთქვა, მაგრამ თავს ვაკონტროლებდი. მეუბნებოდა, რომ მოსწავლეთა მშობლები მიჩიოდნენ, არადა, მშობლებმა განცხადება დაწერეს ჩემი დაბრუნების მოთხოვნით. აცხადებდა, რომ მეტყველება არ მივარგა და მოსწავლეებთან პრობლემები მაქვს. ასევე, თურმე ნიშნის გამოყვანაში შეცდომები აღმომაჩნდა. არადა, სკოლაში ექვსწლიანი მუშაობის პროცესში ერთი შეცდომა არ მქონია. ბოლოს მითხრეს, რომ საათები საერთოდ არ მქონდა. ხმა არ ამომიღია, ავდექი და წამოსვლა დავაპირე, მაგრამ თავბრუ დამეხვა და წავიქეცი. ნაცვლად იმისა, რომ მომშველებოდნენ, კუხიანიძე გაიძახოდა, პროვოკაციას მიწყობსო. სასწავლო ნაწილი ნინო თვალაბეიშვილი კი აცხადებდა, რომ მერხს ფეხი წამოვკარი და ამიტომ დავეცი. სასწრაფოსაც არ დაურეკეს და სახლში შვილის საჭმლისთვის წამოღებული ბოლო ათი ლარით გამოძახებული ტაქსით გამომისტუმრეს. ისიც კი არ იკადრეს, დედაჩემისთვის დაერეკათ, რომ შინ წავეყვანე. კუხიანიძე ყოველ ფეხისნაბიჯზე იტყუება, მისი თქმით, მთელი აგვისტოს განმავლობაში მირეკავდა, რომ ეცნობებინა, საათები რატომ არ შემხვდა და თურმე არავინ პასუხობდა.  „ატეესში“ აგვისტოს თვეში ჩვენს ნომერზე დაფიქსირებული ყველა ნომერი ამოვაღებინეთ და აღმოჩნდა, რომ სკოლიდან ერთი ზარიც კი არ განხორციელებულა.

- რა გახდა თქვენი დაპირისპირების მიზეზი?

- კუხიანიძეს გაჭირვებული ხალხი არ უყვარს, შეძლებულ ადამიანებს აღიარებს მხოლოდ. ამიტომ იყო, რომ სკოლაში ერთ-ერთი ბრენდული მაღაზიის მეპატრონე მიიღო მასწავლებლად. ასევე სკოლაში დაწყებით კლასში მუშაობდა პედაგოგი, რომელიც თვეში ერთხელ თურქეთში დადიოდა. თურქეთში ჩასვლა-ჩამოსვლას მინიმუმ ხუთი დღე ხომ სჭირდება, გამოდის, რომ ამ დროს მასწავლებელი გაკვეთილებს აცდენდა. რაც შეეხება დაპირისპირებას, მისი კლანის ჭორაობას და ენის მიტან-მოტანას მოჰყვა. ისიც კი იკადრა, ოქმი დამიწერა, ვითომდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე.  ეტყობოდა, ეს შეთხზული ოქმი იმდენად მოეწონა, რომ ორჯერ მოაწერა ხელი. მოვითხოვე, ეჩვენებინათ ოქმები, მაგრამ კათედრის წევრს განმიცხადა, რომ ოქმების მისაღებად განცხადებით უნდა მიმემართა მისთვის. ჩემს შეტანილ განცხადებებზე არ მპასუხობს, ის კი არადა, ასეთი პასუხით გამისტუმრა: დაურეკე გავლენიან „ნაციონალებს“ და გიპასუხებო. სკოლაში შიდა აუდიტის ჩატარება მოვითხოვე, მაგრამ სამინისტროდან არავინ მოსულა, მხოლოდ სამინისტროს ქუთაისელი წარმომადგენელი და რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - ადამიანები, რომლებიც ლია კუხიანიძის მეგობრები არიან. რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ლეჟავამ ჭორაობა  დაიწყო, საქმის გაკეთების ნაცვლად, და ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 5 სექტემბრის კათედრის სხდომაზე მომხდარის შემდეგ, კუხიანიძემ დედაჩემს დაურეკა და აცნობა, თურმე რვა საათი დამითმეს. თუკი არაკვალიფიციური ვარ და მოსწავლეებთან პრობლემა მაქვს, როგორ მიშვებს კლასში გაკვეთილების ჩასატარებლად?

- აპირებთ თუ არა, მოცემული 8 საათი მიიღოთ?

- მე ვაპირებ სკოლაში დაბრუნებას, მაგრამ ვიდრე ლია კუხიანიძე იქნება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სკოლაში არ შევალ. არ მაქვს ამ ქალთან ბრძოლის თავი, დამაავადმყოფა. არსებული მდგომარეობის შესახებ განათლების სამინისტროც ჩავაყენე საქმის კურსში. არ მინდოდა, ჩვენი დაპირისპირება სკოლის კედლებს გასცილებოდა, მაგრამ ჩემით მაგ ადამიანთან ვერაფერს გავხდი. არ ვაპირებ, ჩემს სამი წლის შვილს ლუკმა დავუკარგო, ბოლომდე ვიბრძოლებ.

 

***

მარინე მიქაბერიძის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლია კუხიანიძეს ვთხოვეთ, მაგრამ მან, მისვლის მიზეზი რომ შეიტყო, სკოლაში მისულს უარი იმ მიზეზით მითხრა, რომ მოახლოებული სასწავლო წლის გამო გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა, ამიტომ შეხვედრა მეორე დღისთვის შევათანხმეთ. ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, შეთანხმებისამებრ, კუხიანიძეს დავუკავშირდი და დაგეგმილი შეხვედრა შევახსენე. მოგვიანებით კი სკოლის დირექტორი თავად დამიკავშირდა და შეხვედრა გააუქმა.  

„არ იფიქროთ, პასუხის გაცემას გავურბოდე. უბრალოდ, ვერანაირად ვერ ვახერხებ შეხვედრას. დატვირთული გრაფიკი მაქვს. რა კითხვები გაქვთ მაინც, რა უნდა გითხრათ? მარინე მიქაბერიძე არის ჩემი მასწავლებელი და ჩვენ ურთიერთობას სკოლაში გავარკვევთ,“ - აღნიშნა სატელეფონო საუბრისას ლია კუხიანიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია