დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დემოგრაფია
დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგები
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/16 13:19:46

სოციალური ქსელები და მედია საშუალებები ყოველდღიურად გვამცნობენ, რომ ბავშვებს ესაჭიროებათ დახმარება. ვინ მოახერხებს იმის გამოთვლას, რამდენი სოციალური პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა იმ ახირებებზე გაწეული ხარჯებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კონცერტებსა და უგემოვნო არქიტექტურაზე დაიხარჯა? რამდენად წაადგებოდა ქუთაისში აშენებული პარლამენტისთვის გაწეული ხარჯები თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს!

ორიოდე დღის წინ საჩხერეში შევხვდი ქალბატონს, რომელსაც ოჯახში ჰყავს სპეციალური საჭიროებების მქონე შვილი და მამინაცვალი. უკიდურესი გაჭირვების გამო მას მუნიციპალიტეტმა 600 ლარიანი დახმარება გამოუყო, მაგრამ, ვისაც მარტივი გამოთვლა შეუძლია, ადვილად მიხვდება, რომ ეს თანხა ორ ადამიანს, რომლებიც მუდმივად ფარმაკოთერაპიულ მდგომარეობაშია, არანაირად არ ეყოფა. მუნიციპალიტეტი ამჯერად მათ ეუბნება, რომ დებულების მიხედვით მეტი თანხის გამოყოფას ვერ შეძლებენ, ჯანმრთელობის სამინისტრო კი რეფერალური პროგრამის გამოყენებისკენ მიუთითებს დედას, რომლის 10 წლის შვილს აუცილებლად ესაჭიროება მასაჟისტის მომსახურება და ძვირადღირებული ვაქცინაცია. საქართველოს დიდი ქალაქების გარდა ყველგან (საჩხერის გამოკლებით) შეიმჩნევა მოსახლეობის შემცირება. კლების ორივე სახე, ბუნებრივიც და მექანიკურიც, იმდენად საგანგაშოა, რომ, შეიძლება, ქართველები მალე უმცირესობადაც კი დარჩნენ ისტორიულ სამშობლოში. მოსახლეობის მექანიკური კლება შეუქცევადად მიმდინარეობს მსოფლიოში ურბანიზაციის პარალელურად. დემოგრაფები აღნიშნავენ, რომ, დაახლოებით, 200 წელიწადში ქალაქის მოსახლეობა, საერთაშორისო მასშტაბით, 3%-დან, დაახლოებით, 50%-მდე გაიზარდა, ანუ ამ ეტაპზე თითქმის თანაბარია სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა. დასავლეთ ევროპასა და იმ ქვეყნებში, სადაც მიწა ძალიან ძვირია, ადამიანი იძულებულია, იცხოვროს ქალაქში, დაბალეკონომიკური განვითარების სახელმწიფოს მოსახლეობა იძულებულია, რომ ქალაქს მიაშუროს, რადგან სოფელში არ არსებობს ფული.

მსოფლიოში უკვე ძალიან ცოტა სახელმწიფო დარჩა ისეთი, სადაც სოფლის მოსახლეობა აჭარბებს ქალაქისას. მე-20 საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში ქალაქის მოსახლეობა 57%-ზე მეტს შეადგენდა, რაც, ძირითადად, შიდა მიგრაციის ხარჯზე ხდებოდა. 90-იან წლებში შეიმჩნეოდა ქალაქიდან მოსახლეობის სოფელში გადასახლების სუსტი ტენდენცია, რომელმაც მასობრივი სახე ვერ მიიღო, რადგან ქართული სოფელი ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის მოთხოვნებს. საქართველოს 59 მუნიციპალიტეტიდან მოსახლეობის ბუნებრივი კლება აღირიცხა 36 მუნიციპალურ ერთეულში. ქართველი ერი გადაბერებულ ერთა რიგს მიეკუთვნება, რადგან ასაკში შესულთა ხვედრითი წილი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია შობადობის დაბალი მაჩვენებლებით. მთიანი რეგიონები, სადაც არ ხორციელდება დემოგრაფიული პოლიტიკის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, თითქმის მოხუცების ამარა დარჩა. რეპროდუქციული ასაკის ადამიანები ტოვებენ მთის სოფლებსა და ქალაქებს, მათი ძირითადი მიგრაციის მარშრუტი განისაზღვრება საქართველოს დიდი ქალაქებისკენ ან ეკონომიკურად განვითარებული საზღვარგარეთისკენ.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდების უმეტესობა ოჯახის შექმნას ეწინააღმდეგება, რადგან პასუხისმგებლობების წინაშე დადგომისას მათ არ აქვთ ბერკეტები პრობლემების აღმოსაფხვრელად. ქვეყანას როცა არ გააჩნია დემოგრაფიული პოლიტიკის ხანგრძლივ პერიოდზე გათვლები, შემაშფოთებელ შედეგებამდე მივალთ ათიოდე წელში, რადგან 2025 წლისათვის 1980-1989 წლებში დაბადებული 455 ათასი ქალბატონი უკვე რეპროდუქციულ ასაკს გადააბიჯებს და მისი შემცვლელი, ბუნებრივია, ვერ იქნება 2000-2009 წლებში დაბადებული გოგონები იმ დემოგრაფიული უფსკრულის შემავსებელი, რადგან მათი რაოდენობა მხოლოდ 236 ათასია. თუ არ შენელდა რეპროდუქციული ასაკის ქალბატონების საზღვარგარეთ გადინება და ბიოლოგიურ-სოციალური მოვალეობა არ (ვერ) შეასრულეს, მაშინ შესაძლებელია, რომ ქართველების ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად შემცირდეს საქართველოს ეთნიკურ სპექტრში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამჟამად საქართველოს მოსახლეობა 4,5 მილიონამდეა, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზის მიხედვით 2050 წელში 3,2 მილიონამდე შემცირდება, რაც მოსახლეობის, დაახლოებით, 30%-იანი კლებაა. საეჭვო არ არის, რომ თუკი მოსახლეობის კლება იქნება, ეს მოხდება ძირითადად ქართველების ხარჯზე. სამწუხარო მონაცემია ისიც, რომ საშუალოდ ყოველწლიურად 700-მდე 1 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება. მსოფლიოში ქვეყნების მიხედვით (გაეროს მონაცემებით) ყოველ ათას ახალშობილიდან საშუალოდ 10-30 ჩვილი ან იღუპება, ან მკვდრადშობა ხდება. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (განსაკუთრებით, ნორვეგიასა და მსგავს სახელმწიფოებში) წლის ბოლოსაც კი დაბადებული ბავშვებისათვის არსებობს სათანადო მზადყოფნა ჩვილის ჯანმრთელობის სრულყოფილად დასაცავად. თუ ვინმეს ბოლო პერიოდში უმოგზაურია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, ყოველწლიურად მოსახლეობის ინტენსიურ კლებას შეამჩნევს, სავალალო პროგნოზი კეთდება: რაჭა-ლეჩხუმის სოფლების უმეტესობა დაიცლება დაახლოებით 2025 წლამდე. მე-20 საუკუნეში დაახლოებით 400 სოფელი საერთოდ დაიცალა, 21-ე საუკუნეში კი დაახლოებით 200-მდე სოფელი კიდევ გაქრება ასეთი დემოგრაფიული პროცესების გამო. სახელმწიფოს ძირითადად მაშინ ახსენდება ემიგრანტები, როცა არჩევნები ახლოვდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ მათ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებაზე ნაკლებად იცხელებენ თავს. საქართველო თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მულტიეთნიკურ ქვეყნად, რასაც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თითქმის სახელმწიფოების ნახევარს გაეხსნა საზღვრები და ახლა უკვე რუსთაველის მეტროსთან ფერადკანიან მათხოვარსაც წააწყდები, ვითომც ჩვენი გამათხოვრებული თანამემამულეები არ კმაროდეს თავში ხელის შემოსარტყმელად. სომხებისაგან ვერ გადავიღეთ მაგალითი, რომლებმაც კომუნისტურ ეპოქაშიც მონოეთნიკურობა შეინარჩუნეს და ახლა კი მთელი მოსახლეობის 99% ყოფილა სომეხი. გლობალიზაცია ცალკე უტევს თვითმყოფადობას და ცალკე ამ საზღვრების გახსნით საქართველოს ბევრ კუთხეში ადვილად დამკვიდრდებიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც შეიძლება ოდესმე ისევე გაუჩნდეს ისეთი მისწრაფებები, როგორც აფხაზ და ოს სეპარატისტებს გაუჩნდათ. არანაკლებად საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს მრავალფეროვანი ნიადაგის „დამფასებელი“ უცხოელები იჯარით თუ ყიდვით მთავარ რესურსს, მიწას, ხელში ჩაგდებისას უნებლიედ აცლის პირიდან ლუკმას ქართველებს. რუსეთმა იაპონელი და ჩინელი ინვესტორები ციმბირიდან გაყარა, რადგან წიწვოვნების მთლიანი ათვისების გარდა ნიადაგიც გაიტანეს (წიწვისგან-სკიპიდარი აწარმოეს, ფესვისა და ნაფოტებისგან - კბილის საჩიჩქნები, ნახერხისგან - პამპერსები, ძირითადი მერქანი კიდევ ათასი რამისთვის გამოიყენეს) და არანაკლები მდგომარეობა ექნება საქართველოს. ამბობენ, რომ ნიადაგი გააქვთ ნიდერლანდებშიც, რადგან ეს სამეფო მიწის (უფრო ნიადაგურ) დეფიციტს განიცდის. თუ საქართველო დარჩება ორი ძირითადი რესურსის (ადამიანური და მიწის) გარეშე, სახელმწიფოებრიობა მხოლოდ ფურცელსა და რუკაზე შემოგვრჩება. ამის პრევენციული ღონისძიება კი სწორი დემოგრაფიული პოლიტიკაა. იმედია, რომ იდეოლოგია „საქართველო ქართველების გარეშე“ არასდროს განხორციელდება, იმედი ხომ ყველაზე გვიან კვდება...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია