დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაძმობილებული ქალაქები
საჩხერე და ლა კაპელა დამეგობრდნენ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/09 17:45:57

8-9 სექტემბერს საჩხერეს საფრანგეთის პატარა ქალაქ ლა კაპელას (le capelle) მერიის ხუთი წარმომადგენელი ეწვია. საჩხერესა და ლა კაპელას წარმომადგენლებმა ორი ქალაქის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერეს ხელი.

 ინიციატივა მსოფლიოში ცნობილი მოგზაურის და რეკორდსმენის, ჯუმბერ ლეჟავას მხრიდან წამოვიდა.  ბატონი ჯუმბერმა სტუმრები, რომლებიც საჩხერეს ეწვივნენ, აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიცნო. კითხვაზე, თუ რა პოზიტივები მოჰყვებოდა საჩხერისა და ლა კაპელას დამეგობრებას, სპორტსმენმა panews.ge-ს განუცხადა: „უბრალოდ, ადვილი გასარკვევია, რა პოზიტივები შეიძლება მოჰყვეს ამ დამეგობრებას. როცა ბევრი მეგობარი გყავს, ეს უკვე სიძლიერეს ნიშნავს. მაქვს ნანახი ეს პატარა ევროპული ქალაქი.  გასაოცრად შრომისმოყვარე და მოსიყვარულე ხალხი ცხოვრობს იქ. საჩხერესთან ამ ქალაქის დამეგობრების სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ორივე პატარა ქალაქია და საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.“

 ლა კაპელას ვიცე-მერმა, რეჯის ფოსტიერმა, რომელიც ხუთკაციან ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ფრანგული ქალაქის შესახებ ისაუბრა: „ჩვენი ქალაქი პარიზიდან ჩრდილოეთით 200 კილომეტრში მდებარეობს. მოსახლეობის საქმიანობა ძირითადად ყველის წარმოება და მევენახეობაა. მართალია, ქალაქი ჩრდილოეთით მდებარეობს, მაგრამ მეღვინეობა მაინც ვითარდება. გვაქვს ორი იპოდრომი და ვფიქრობთ, რომ საჩხერისა და ლა კაპელას მეგობრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება, რადგან ამ ორ ქალაქს ბევრი რამ ექნება საერთო“.

 საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ამირან ნოზაძე: „ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი მხრიდან საპასუხო ვიზიტი მოეწყობა. მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა და საზღვარგარეთ ვიზიტებზე თანხების ხარჯვის უფლებას თავს ვერ მივცემთ. როცა მატერიალურად წელში გავიმართებით, ამის შემდეგ შეიძლება, რომ გვქონდეს კულტურულ-საგანმანათლებო გაცვლითი პროექტები, შეიძლება იქაურ ყველის ფესტივალშიც მივიღოთ მონაწილეობა, იმედია, რომ გვექნება პოზიტიური და ხანგრძლივი ურთიერთობები.“

 ფრანგმა სტუმრებმა მოინახულეს კვერეთი, სხვიტორი, კაცხის სვეტი. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის ეზოში მათთვის გაიმართა ფოლკლორული რეწვის ნიმუშების გამოფენა და  მოეწყო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. სტუმრებისათვის სპეციალურად შესრულდა ფრანგული სიმღერებიც.

„უნდა ითქვას, რომ საჩხერეს უკვე მეორე დამეგობრებული ქალაქი ჰყავს. პირვლად ბათუმს დავუმეგობრდით, ამჯერად ფრანგული ქალაქი დაგვიმეგობრდა, გვაქვს ებრაული ქალაქიდანაც შემოთავაზება. თუნდაც ბათუმთან დამეგობრებამ მოგვიტანა ის, რომ ქალაქში გაიხსნა ბათუმის სახელობის სკვერი, უამრავი დეკორატიული მცენარე ჩამოგვიტანეს საჩუქრად, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა იხარა და საჩხერეს კოლორიტი შეჰმატა. პესიმისტებისათვის ფრანგულ ქალაქთან დამეგობრება თითქოს არაფერია, მაგრამ ამ დამეგობრებამ, სხვა თუ არაფერი, ორი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე უკვე აჩვენა: ადგილობრივი ანსამბლებისათვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათი შემოქმედება ნახეს უცხოელებმა და მოტივაცია გაეზრდებათ კიდევ და ამის გარდა, არც ისე დიდი დრო დარჩა აკაკი წერეთლის იუბილემდე, დღევანდელი ღონისძიება შეიძლება ჩავთვალოთ იუბილის გენერალურ რეპეტიციად“, – აღნიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ინგა ზაბახიძემ.

ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს დღეს, 9 სექტემბერს, მოეწერა ხელი. სტუმრებმა სიმბოლურად დამსწრე საზოგადოებას ფრანგული ყველის დეგუსტაცია შესთავაზეს. სპეციფიკური გემოს და სუნის ყველი რამდენიმე ადამიანმა გასინჯა. ასევე სიმბოლურ საჩუქრად საჩხერის მუნიციპალიტეტს ორი ბოთლი ღვინო და ქალაქის თემატური რუკები გადაეცა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია