დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეორგანიზაცია
გათავისუფლებულ თანამშრომელთა ბრალდებებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი უსაფუძვლოს უწოდებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 15:01:44

ქუთაისში ბაღის რამდენიმე თანამშრომელი ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მაია პაქსაძეს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, პაქსაძემ ისინი სამსახურიდან ასაკის გამო გაათავისუფლა.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, მაია პაქსაძე მათ დასუფთავების სამსახურში მუშაობის დაწყებას ურჩევთ.

„დამიბარა პაქსაძემ და მითხრა, რომ ხელშეკრულება შემიწყდა. ჩემს მსგავსად სხვებსაც დაატოვებინეს სამსახური. 60 წელი 21 სექტემბერს მისრულდება, გამოდის, რომ საპენსიო ასაკის გამო გამიშვეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ბანკიდან კრედიტი მაქვს აღებული. ოჯახში ჩემს გარდა არავინ მუშაობს. მეუღლე ავადაა და მუშაობა არ შეუძლია. შვილი გარდაცვლილი მყავს. ასეთ მდგომარეობაში ვარ და სამსახურის გარეშე მტოვებენ. აღსანიშნავია, რომ ხდება აღმზრდელების გათავისუფლება, რომელთაც ბავშვებთან აქვთ შეხება. პაქსაძემ ისიც კი მითხრა, რომ დასუფთავებაში გადავიდე სამუშაოდ, ეს ნორმალური დამოკიდებულებაა?“ - აღნიშნავს გათავისუფლებული სვეტლანა ბრეგაძე.

გათავისუფლებული თანამშრომლების ბრალდებებს იზიარებს  სამოქალაქო ცენტრ „არგუსის“ ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე და აღნიშნავს, რომ პაქსაძემ თანამშრომლები სამსახურიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე გაუშვა.

„პაქსაძე ბაღის თანამშრომლებს ყოველგვარი მიზეზის გარეშე სამსახურიდან წასვლისკენ მოუწოდებს. ეს ადამიანები წლების მანძილზე  ბაღებში მუშაობდნენ და საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან.  60 წლის ასაკისაც რომ იყვნენ, შრომის კოდექსმა საჯარო სამსახურში მუშაობის ზედა ზღვარი მოხსნა და მათ მუშაობის უფლება აქვთ. საინტერესოა, ამ ქალაქში მაია პაქსაძეა კანონიც და სამართალიც?! ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს,რომ ის,მხოლოდ საკრებულოს დადგენილებას ენდობა და ამ დადგენილებას ორგანულ კანონზე მაღლა აყენებს,“ - აცხადებს მანანა მანაგაძე.

მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არ იზიარებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელძღვანელი მაია პაქსაძე და თვლის, რომ კანონის შესაბამისობაში მოქმედებს.

„ბაღებში 1200 ადამიანია დასაქმებული. ჩემს ინტერესებში არ შედის არავის გაშვება. მე არავის ვაიძულებ, განცხადება დაწეროს.  1 სექტემბერს  ვადა გაუვიდა ხელშეკრულებას და იმის თქმა, რომ ვინმე სამსახურიდან გავუშვი, არასწორია. უბრალოდ, რამდენიმე თანამშრომელთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ მოხდა. არამარტო აღმზრდელები, არამედ სხვა სპეციალისტებიც გავუშვი, ვინაიდან ამხელა შტატები არ იყო საჭირო. უმრავლესობას კი ხელშეკრულება გაუგრძელდა. ჩემი, როგორც დამსაქმებლის, ნება იყო - გავუგრძელებდი თუ არა ხელშეკრულებას. ამ საპენსიო ასაკზე აჟიტირება არაა სიმართლე, რადგან 40 წლამდე ასაკის თანამშრომელსაც არ გავუგრძელე ხელშეკრულება და  არანაირი უკანონობა ეს არ იყო.  არც ერთ კანონში არ წერია, რომ აუცილებელია, 60 წელს ზემოთ თანამშრომელი გათავისუფლდეს. მაგრამ მე მაქვს სურვილი, რომ ახალგაზრდა დავასაქმო. 80 წლის ხალხი იყო ბაღში და ვერ გამომყავდა ბაღიდან. მათ გამო, იმ ახალგაზრდა, უმუშევარი ადამიანის დრო ხომ გავიდა და საპენსიო ასაკს  მიაღწია? ეს ბაღია, სადაც სკოლამდელი ბავშვები სწავლობენ და თამაშობენ. ბავშვი რომ დაეცემა, მასწავლებელი იქვე უნდა გაჩნდეს, მაგრამ ეს ასაკოვანი ხალხი ვეღარ ახერხებს მისვლას და იქეთ ეჩხუბებიან ბავშვებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ეტაპობრივად, ახალგაზრდა თანამშრომლებით დაკომპლექტდეს ბაღები, თუმცა გავიმეორებ, ეს არ გულისხმობს, რომ ასაკოვან ხალხს სამსახურიდან ვუშვებთ,“ - აღნიშნავს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

პრობლემები გამოიწვია ახალმა კანონმა, რომლის მიხედვითაც, ორ წლამდე აღსაზრდელები საბავშვო ბაღებს მიღმა დარჩნენ. პაქსაძე აცხადებს, რომ მისთვის არსებული ინფორმაციით, ორ წლამდე ბავშვების არმიღება, ბაღებში უფასო სწავლებას არ უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ, ახალი კანონით, რამდენიმე ასეული პატარა საბავშვო ბაღებს გარეთ დარჩა, მშობლები მომხდარს კერძო ბაღებთან გარიგებას უკავშირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მშობლები, რომელთა ბავშვიც ორი წლის არ არის, იძულებულები იქნებიან, შვილები კერძო ბაღებში მიიყვანონ, სადაც მაღალი გადასახადებია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია